"ეროვნულ სტადიონზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ პარტიულ ყრილობაზე დასასწრებად ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს. ყველა საჯარო სამსახურის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც კი აიძულეს, რომ დედაქალაქში ჩამოსულიყვნენ", - პედაგოგებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით "დინამოზე"! / "ზოგიერთი მასწავლებელი ბავშვებს ემუქრებოდა, წამოდით, თორემ ნიშანს არ გაღირსებთო" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პედაგოგებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით "დინამოზე"! / "ზოგიერთი მასწავლებელი ბავშვებს ემუქრებოდა, წამოდით, თორემ ნიშანს არ გაღირსებთო".
"კახეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლის ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი ლია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათ არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. "დირექტორმა გვითხრა, რომ თბილისში უნდა წამოვსულიყავით და გაგვაფრთხილა, სიას არც ერთი არ დავკლებოდით. დამლაგებლებიც კი წამოიყვანეს. ზოგს მართლა ჰქონდა წამოსვლის სურვილი, მაგრამ უმეტესობა აქ ძალით ვართ წამოსულები. უბრალოდ, თავს ზემოთ ძალა არ იყო. არა მხოლოდ მასწავლებლები, მოსწავლეებიც ფარასავით წამოასხეს. ზოგიერთი მასწავლებელი ბავშვებს ემუქრებოდა, წამოდით, თორემ ნიშანს არ გაღირსებთო. სამარშრუტო ტაქსებით წამოგვიყვანეს - ხაზები მოხსნეს. ჩვენს სოფელში "მარშუტკები" აღარ არის, ყველა აიძულეს ხალხი შეკრებაზე წამოეყვანა. თბილისიდანაც ჩამოიყვანეს ყვითელი მარშუტკები" - ამბობს პედაგოგი. მსგავსი ვითარება არა მხოლოდ კახეთში, არამედ საქართველოს სხვა რაიონებშიცაა. ჩვენ აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოყვანილი ადამიანებიც ვნახეთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენი შემდეგი რესპონდენტი სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთი სოფლის დაწყებითი კლასების პედაგოგია. მისი თხოვნით არც სოფელს და არც მის სახელსა და გვარს არ ვწერთ. "ასეთი რამ არ გამიგია - როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო ზუგდიდიდან თბილისში ჩამოვიდეს ტაშის დასაკრავად? დირექტორთან ამის გამო კონფლიქტიც მომივიდა, მაგრამ მან გასაგებად მითხრა - ან წამოხვალ, ან განცხადება დაწერეო. პატარა ბავშვი მყავს, რამდენიმე თვის. მისი დიდი ხნით დატოვება ძალიან მიჭირს. ამიტომ, ჩემთვის ამ ყრილობაზე ჩამოსვლა ძალიან რთული იყო, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. სამსახურს ვერ დავკარგავდი, ისედაც ძლივს ვიშოვნე. ზუგდიდში რომ იყო მიშა ჩამოსული ცოტა ხნის წინ, იქაც დაგვამწკრივეს ყველა პედაგოგი და მიგვიყვანეს. ჩემს აზრს ბევრი იზიარებს, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. დირექტორისაც მესმის. რა ქნას, გამგეობიდან აწვებიან და სამსახურის დაკარგვა, ჩემი არ იყოს, არც მას უნდა," - აცხადებს, - გამოცემის კორესპონტთან ზუგდიდელი პედაგოგი.
"ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან შეკრებილ ადამიანებს ერთი თვალის გადავლებითაც ეტყობოდათ, რომ მათი უმეტესობა რაიონებიდან იყო ჩამოსული. მათთან გასაუბრებისას კი მივხვდით, რომ ჩვენი ვარაუდი გამართლდა. მათი უმეტესობა პედაგოგი იყო, თუმცა გვხვდებოდნენ სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამშრომლებიც: ვენ ახმეტიდან ჩამოვედით. სკოლის პედაგოგები ვართ. გამგეობიდან მოგვიყვანეს "მარშუტკებში ჩაგვსვეს და წამოგვიყვანეს", - განგცვიცხადეს ჯგუფად შეკრებილმა ქალბატონებმა. ჩვენს კითხვაზე, საკუთარი ნებით წამოვიდნენ ისინი ყრილობაზე თუ ვინმეს ზეწოლის შედეგად, ქალბატონებმა გვიპასუხეს, ხომ იცით, მაგაზე რომ გიპასუხოთ, დაგვიჭერენო. ასევე ვესაუბრეთ თეთრიწყაროს რაიონიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, ბათუმიდან, პანკისის ხეობიდან და კახეთიდან ჩამოსულ პედაგოგებს. მათი განცხადებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს - გამგეობიდან მიყვანილი ტრანსპორტით ჩამოვიდნენ, სხვა თემაზე კი კატეგორიულად არ საუბრობენ", - წერს სტატიის ავტორი.
"ამასობაში სტადიონის ეზოდან ყვირილი მოისმა. იმ ადგილთან, საიდანაც ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო მაისურებს, პლაკატებსა და დროშებს გასცემდნენ, მამაკაცი უშვერი სიტყვებით იგინებოდა. ჩვენ მასაც გავესაუბრეთ: "სვანეთიდან ჩამოვედი, ასე მითხრეს "მაიკებს" მოგცემთო. ახლა კი არ მაძლევენ! მარტო ერთი მომცეს! ეს ხომ მე უნდა ჩავიცვა და ბავშვებსაც ხომ უნდათ? დამპირდნენ მოგცემთო და მაგიტომ წამოვედი!" ამ ყველაფრის შემდეგ კი დაცვის თანამშრომელი დაჟინებით გვიმტკიცებდა, რომ რაიონებიდან ხალხი არ ჩამოუყვანიათ და სტადიონზე მხოლოდ თბილისის მოსახლეობა შეიკრიბა. ცნობისთვის: საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 60-დან 70 ათასამდე საჯარო სკოლის მასწავლებელია", - დასძენს სტატიის ავტორი.