რა ამბებს ვერ ივიწყებს მამუკა არეშიძე

რა ამბებს ვერ ივიწყებს მამუკა არეშიძე

"სიკვდილისთვის თვალებში არაერთხელ ჩამიხედავს, დახვრეტითაც მემუქრებოდნენ და მტრის ალყაშიც მოვქცეულვარ. ასეთ დროს ადამიანში თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი იღვიძებს და ყველანაირად ცდილობს სამშვიდობოზე გასვლას", - ამბობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში რეპორტიორად ნამყოფი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. პროფესიით რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილის ნამოწაფარი ამბობს, რომ ჯიუტი ხასიათის გამო, ცნობილი დრამატურგის "კვალს ბრმად არ გაჰყვა", რაც მისივე თქმით, მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა.

რით გააოცა სუფრასთან ყაბარდოელი მასპინძლები, რა აღიზიანებს დღევანდელ ტელევიზიებში და რომელი ადათ-წესია, რომელიც კავკასიოლოგს კავკასიელ ხალხებში ყველაზე მეტად მოსწონს, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ. გარდა ამისა, ყოფილი რეპორტიორი ცხელ წერტილებში მიღებულ დაუვიწყარ, მძიმე მოგონებებსაც გაიხსენებს:

მამუკა არეშიძე:

- სახლი ვერაზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, 1904 წელს არის აშენებული და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ისტორია აქვს. ეს ბინა თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილის ბაბუას - დავით ზურაბიშვილს ეკუთვნოდა. როგორც მახსოვს, იგი მენშევიკურ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მახსოვს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოში პირველად თუ მეორედ ჩამოვიდა, ამ სახლში დედასთან ერთად გვესტუმრა. აინტერესებდა სახლი, რომელშიც ათეული წლების წინ ბაბუამისი ცხოვრობდა. შემდეგ, ამ ბინაში ცნობილი მეცნიერი პარმენ ხელთუფლიშვილი ცხოვრობდა, რომელიც, იმავდროულად, ზურაბიშვილების ნათესავიც იყო. 1946 წლიდან კი აქ ჩვენი ოჯახი დასახლდა. მამაჩემი - გურამ არეშიძე (სამწუხაროდ, ახლა ძალიან მძიმე ავადმყოფია) ცნობილი გეოლოგი იყო, რომელსაც მოვლილი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და შუა აზია. დედაჩემი - ლამარა გამსახურდია, უცხო ენების სპეციალისტი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ დედა ზვიად გამსახურდიას ნათესავი იყო, ამას ჩემი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელი არასდროს შეუშლია.

51-ე საშუალო სკოლა წარმატებით დავამთავრე, კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, თუმცა, ყველა საგანს თანაბრად კარგად ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბებიაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, მაგრამ ორივე ცდაზე ჩავიჭერი. ექიმობაზე ხელი ჩავიქნიე და თეატრალურში ვცადე ბედი, სადაც დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე მოვხვდი.

როგორ მოხდა, რომ სამედიცინო სარეჟისორო ფაკულტეტით ჩაანაცვლეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ საავადმყოფოში სანიტრად 2 წელიწადი ვიმუშავე. სამედიცინო სფერო კი მაინტერესებდა, მომწონდა ავადმყოფების დახმარება, მაგრამ ფიზიკისა და ქიმიის სწავლა არ მიყვარდა, რაც სამედიცინოზე ჩასაბარებლად იმ დროისთვის აუცილებელი საგნები იყო. თეატრალურში საგამოცდო ტურები სამედიცინოზე მისაღები გამოცდების დამთავრების შემდეგ იწყებოდა. თან, ალბათ, იმ დროისთვის რეჟისორობაც მაინტერესებდა და ასე მოვხვდი თეატრალურში, სადაც ჩემი პედაგოგები ჯერ შალვა გაწერელია, ხოლო შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი იყვნენ. ჯგუფში ნინელი ჭანკვეტაძესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მანანა ბერიკაშვილთან, გოგა მარგველაშვილთან ერთად ვსწავლობდი.

არშემდგარი ექიმი, რეჟისორი, ტელევიზიაში როგორ აღმოჩნდით?

- ცოტა ხნით რეჟისორად მეტეხის ახალგაზრდულ თეატრში და მოზარდმაყურებელთა თეატრშიც ვმუშაობდი. მოზარდმაყურებელთა თეატრში ჩემ მიერ დადგმულმა სპექტაკლმა "გუშინდელი" სახელმწიფო პრემიაც კი მიიღო. მიუხედავად დადებითი შეფასებებისა, ვგრძნობდი, რომ სპექტაკლის "შეკვრა" ძალიან მიჭირდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი მინუსია რეჟისორისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, ტელევიზიაში მეცადა ბედი და წლების განმავლობაში ახალგაზრდული (და არა მხოლოდ), პროგრამების მთავარი რეჟისორი ვიყავი. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად შემთხვევით რეპორტიორად დავიწყე მუშაობა. იმის გამო, რომ იმ დროისთვის, ეს იყო 1989 წლის 9 აპრილი, ვიდეოკამერები თბილისში ძალიან ცოტას თუ ჰქონდა, ჩემს ყოფილ სიმამრს - ბუბა კიკაბიძეს ვთხოვე ვიდეოკამერა და 9 აპრილს უკვე კამერით ხელში რეპორტიორად ვმუშაობდი. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრების 6 წელიწადი ამ საქმით ვიყავი დაკავებული. მაჟორიტარული სიით საქართველოს პარლამენტის წევრიც ვიყავი. საკანონმდებლო ორგანოშივე დაიწყო ჩემი მისწრაფებები კავკასიოლოგობის მიმართ. იმ დროიდან მოყოლებული თითქმის სულ არასამთავრობო სექტორში ვმუშაობ.

იყავით სანიტარი, რეჟისორი, რეპორტიორი, ტელეგადაცემების რედაქტორი, წამყვანი, პარლამენტარი, მუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციაში, ყველაზე კომფორტულად სად გრძნობდით თავს?

- ყველაზე მეტად, ალბათ, კავკასიოლოგობა მაინტერესებს. იყო პერიოდი, როცა საქართველოში პოლიტიკურ კავკასიოლოგად მხოლოდ მე ვმუშაობდი. ყოველთვის მაინტერესებდა ეთნიკური მრავალფეროვნება. მიმაჩნდა, რომ ქართული კულტურა ეს არის სხვადასხვა ეთნიკური კულტურის ჰიბრიდი. ჩემთვის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ომების მონაწილისთვის, საინტერესო იყო ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ომები არა ეთნიკური ჯგუფების, არამედ კავკასიის რეგიონში მსხვილი მოთამაშის - რუსეთის ინსპირირებული იყო. ქართველები თითქმის ყოველთვის სხვისი ნების მორჩილად ვმოქმედებდით.

კავკასიოლოგმა, კავკასიური ენები თუ იცით?

- კავკასიური ენები მესმის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობ. ამასთან დაკავშირებით ერთი კომიკური შემთხვევა მახსენდება. ვიდრე ყაბარდოში პირველად წავიდოდი, გადავწყვიტე, მათ ენაზე ერთი სადღეგრძელო მაინც დამეზეპირებინა, სუფრასთან თავის გამოჩენის მიზნით. მივედი "კავკასიურ სახლში" ნაირა გელაშვილთან, გადავშალე ჩერქეზული ზეპირსიტყვიერება და შევეცადე ერთი სადღეგრძელო დამეზეპირებინა. რა თქმა უნდა, ამ ოთხსტროფიანი სადღეგრძელოს შინაარსიც ვიცოდი. სანამ ნალჩიკამდე (ყაბარდოს დედაქალაქი) ჩავიდოდი, წარამარა ვიმეორებდი. რა თქმა უნდა, მასპინძლებმა გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს. ზოგადად კავკასიელებში თამადის ინსტიტუტი ქართული ტრადიციულისგან განსხვავებულია. კავკასიელებში თამადა წყვეტს, სუფრის რომელი წევრი ვის შემდგომ წარმოთქვამს სადღეგრძელოს. ჯერი ჩემზე რომ მიდგა, წამოვდექი და დაზეპირებული სადღეგრძელო ომახიანად წარმოვთქვი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, რეაქცია არავის ჰქონდა. შემდეგ, როდესაც ჩემს თანმხლებ გოგონას ვკითხე, თუ რატომ არ გამოხატეს რეაქცია, მან მიპასუხა, რომ სადღეგრძელო უბიხების ენაზე მითქვამს. ერთ-ერთი ჩერქეზული ტომის - უბიხების ბოლო შთამომავალი 1984 წელს სტამბულში გარდაიცვალა. თანამეინახეებმა ეს ენა კი არ იცოდნენ, მაგრამ დიალექტით მიხვდნენ, რომ ჩერქეზულ ენებთან იყო დაკავშირებული.

1998 წელს, 22 ქართველი ტყვეს გამოსახსნელად ჩეჩნეთში რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა. ამასობაში მათი ენა იმ დონეზე შევისწავლე, რომ საუბარი მესმის. ტყვეების დახსნაში მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სპეცოპერაციისას, ხუთი ჩეჩენი პოლიციელი და ერთი ქართველი ჟურნალისტი დაიღუპნენ. ქართველებთან ერთად, რუსი მზარეული, ქართველი-თურქი, გვარად დემირი და ერთიც ესპანელი დავიხსენით. ტყვეების გასათავისუფლებლად ოთხი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. იმ დროისთვის ჩეჩნეთში ორხელისუფლებიანობა იყო, ერთნი გვებრძოდნენ, მეორენი კი ჩვენს მხარეს იყვნენ. დუდაევი წინააღმდეგი იყო, ჩეჩენი მეომრები აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად რომ გაეგზავნა.

თქვენ არაერთ ცხელ წერტილში ყოფილხართ, სიკვდილისთვის თვალებში თუ ჩაგიხედავთ?

- ნამყოფი ვარ ყველა ომში, რომელიც საქართველოს, კავკასიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, გარდა ამისა, ცხელ წერტილებში ვყოფილვარ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ინდოჩინეთშიც კი. სიკვდილისთვის თვალებში არაერთხელ ჩამიხედავს, დახვრეტითაც მემუქრებოდნენ და მტრის ალყაშიც მოვქცეულვარ, მაგრამ ასეთ დროს ადამიანში თვითგადარჩენის ცხოველური ინსქტიქტი იღვიძებს და ყველანაირად ცდილობს სამშვიდობოზე გასვლას. სიკვდილს თვალებში პირველად ცხინვალში 1989 წლის დეკემბერში ჩავხედე, მაშინ, როცა კონფლიქტი ახალი დაწყებული იყო. ცხინვალში როგორც რეპორტიორი, ისე გახლდით და იქ მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი. იმ პერიოდისთვის ცხინვალში შესვლის პრობლემა არ მქონდა. მე ვიყავი რეპორტიორი, რომელსაც ოსები ენდობოდნენ. მათ ნდობას ვაფასებდი და არ ვატყუებდი. ერთ მომენტში ტყვედ ჩავვარდი, ჩემთან ერთად კიდევ ორი ქართველი იმყოფებოდა. ჩაგვსვეს სარდაფში, სადაც მოგვიანებით კოკოითის ძმამ, სერდონმა შემოგვაკითხა. რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, ბრძანება გასცა დავეხვრიტეთ. ბედად, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის გურამ ცხოვრებოვის ძმამ ალიკამ (რომელიც იმ დროისათვის ცხინვალში ავტორიტეტად ითვლებოდა) მოგვისწრო და დახვრეტას გადაგვარჩინა. მეორე შემთხვევა ისევ, რა თქმა უნდა, ომს უკავშირდება. 1993 წლის ივლისში, სოფელ შრომასთან 15 ქართველი აფხაზების ალყაში მოვექეცით, აქედან სიკვდილს მხოლოდ ხუთნი გადავურჩით. სწორედ მაშინ იყო, ჩემი ოპერატორი გოგა ჭყონია ცოცხლად რომ დავმარხე. ისეთ მდგომარეობაში იყო, გარდაცვლილი მეგონა. მისი სხეული აფხაზების საჯიჯგნად რომ არ დამეტოვებინა, ქვიშაში ჩავფალი. კიდევ კარგი, ხელი დროულად აამოძრავა და მივხვდი, ცოცხალი იყო. მაშინ მომიწია იარაღი ამეღო ხელში, მოწინააღმდეგის ალყა გამერღვია და სამშვიდობოს გამოვსულიყავი. ეს იყო ჩემთვის იარაღის ხელში აღების უკანასკნელი შემთხვევა. როცა სიცოცხლის შენარჩუნებაზე მიდგება საქმე, ადამიანში თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი იღვიძებს. პირველ შემთხვევაში, როცა დახვრეტით დამემუქრნენ, მოწინააღმდეგეს შევეკამათე, დრო გავიყვანე და ამით ვისარგებლე. ასეთ დროს წამები, წუთები წყვეტენ ადამიანის ბედს. მეორე შემთხვევაში კი, ხელში ავტომატით მომართულს, მთავარი იყო ჩემთვის სამშვიდობოს გამოვსულიყავი, სხვა არაფერი მაინტერესებდა.

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომში ყოფნისას, შემთხვევა, კადრი რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

- ასეთი შემთხვევა არაერთი ყოფილა, მაგრამ ერთ-ორს მოგიყვებით. ქართველები ოჩამჩირესთან ვიყავით დაბანაკებულნი, იქვე მახლობლად ქედზე ფერმა იყო, სადაც აფხაზი სნაიპერები იყვნენ განთავსებულნი. ამ ფერმიდან ჩვენი მიმართულებით ხშირად ისროდნენ. რამდენიმე მებრძოლი დაგვიჭრეს კიდეც. ერთ დღესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მიმართულებით 13-14 წლის ბიჭი ფეხშიშველა მოდის, რომელიც ბოლო ხმაზე ტიროდა. მას მხარზე ავტომატები ჰქონდა გადაკიდებული. უკან თხუთმეტიოდე ნაბიჯში უიარაღოდ შუახნის მამაკაცი მოჰყვებოდა. მახსოვს, ბიჭს ოქროსფერი თმა ჰქონდა დაუვარცხნელი და გაბურძგნული. მისი სახელი და გვარიც კი მახსოვს - მარატ ლეჟავა. როდესაც მოგვიახლოვდნენ, ამბავი ვიკითხეთ. მამაკაცმა გვითხრა, რომ ამ ბიჭს სნაიპერებმა ოჯახი ამოუწყვიტეს და გამწარებულიაო. ბიჭი დავაწყნარეთ და დავაპურეთ. შუაღამისას გავიგეთ, რომ მარატი ჩვენგან გაპარულა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ბიჭი აღარ გვინახავს, მაგრამ არც ფერმიდან ნასროლი სნაიპერების ტყვიებს შევუწუხებივართ.

მეორე ეპიზოდი, რომელიც ტვინში ჩაბეჭდილი მაქვს და არასდროს დამავიწყდება, ეს იყო ტამიშთან, როდესაც დუშეთის ბატალიონს მტერი ღამით ზღვიდან გადმოსხმული დესანტი დაესხა. მაშინ აფხაზებმა ორი მედდა - ერთი, წელს ზემოთ, მეორე კი, წელს ქვემოთ დაწვეს. ეს იყო შემზარავი დასანახი, რომელიც არასდროს ამოვარდება ჩემი მეხსიერებიდან.

როგორც ამბობენ, ბრძოლისას სისასტიკით აფხაზ მებრძოლებთან ერთად ქართველებიც გამოირჩეოდნენ.…

- არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ არც ჩვენი მებრძოლები აკლებდნენ აფხაზებს, მაგრამ ეს იყო ძირითადად საპასუხო რეაქციები. ქართველები ყაჩაღობდნენ, ქურდობდნენ, აუპატიურებდნენ კიდეც, მაგრამ კონფლიქტის დასაწყისში ქართველები მოსახლეობას არ ხოცავდნენ. ბევრჯერ მინახავს ჩვენი მეომრების გმირული საქციელი. ვფიქრობ, რომ მაშინ ქართველებში უფრო მეტად იყო ვაჟკაცური სული, ვიდრე ახლა. ჩვენმა ხელისუფლებამ პატრიოტული, ვაჟკაცური სულისკვეთება წელში გადატეხა, ასეთი ჯარისკაცების თავიანთ ჭკუაზე მართვა გაცილებით მარტივია.