მარტიდან სურსათის ეტიკეტი სრულიად სხვაგვარი იქნება

მარტიდან სურსათის ეტიკეტი სრულიად სხვაგვარი იქნება

2019 წლის პირველი მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახლებურად დარეგულირდება. ბიზნესს ახალი წესები არ მოსწონს და შენიშვნები აქვს. გადავადდება თუ არა ეტიკეტირების ნორმების შემოღება, ჯერ ცნობილი არ არის.

მარტიდან ასამოქმედებელი რეგულაციების მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგულაციით ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაიზარდა. მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, პროდუქტის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის.

ეტიკეტზე ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად მომზადდა.

დამატებითი რეგულაცია არც ერთ ბიზნესს არ მოსწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მხრიდან რეაქცია მყისიერი და მწვავე იყო. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის რისკების მართვის მენეჯერი ლაშა ლომოური მარტიდან ასამოქმედებელი რეგულაციების ნაკლოვანებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია. მისი აზრით, საქონლის ეტიკეტირების ახალი წესი პირდაპირ ევროპული სტანდარტებიდან არის დაკოპირებული და ის საქართველოს ბაზარზე მორგებული არ არის.

„ბევრი რამ გაურკვეველი და ბუნდოვანია. მაგალითად მოგიყვანთ 28-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებს, სადაც წერია, რომ „თუ ზედაპირის ფართობი საშუალებას იძლევა კვებითი ღირებულება გამოსახული უნდა იყოს ცხრილის სახით და ციფრები სვეტის სახით. სხვა შემთხვევაში, როდესაც საშუალებას არ იძლევა, საკვები ნივთიერებები გამოსახული უნდა იყოს სწორხაზოვნად“. აქ არ არის კონკრეტიკა რა ფართობის ზევით და ქვევით არის აუცილებელი ცხრილის გაკეთება.

ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამა თუ იმ პროდუქტზე არაა საჭირო ცხრილის დაკვრა ფართობიდან გამომდინარე და ინსპექტორმა პირიქით მიიჩნიოს და ამის გამო დაჯარიმდნენ ბიზნეს ოპერატორები. ბევრი კითხვა არსებობს და აუცილებელია ამ ყველაფერზე პასუხის მიღება. საქონლის ეტიკეტირების ახალი წესი პირდაპირ ევროპული სტანდარტებიდან არის დაკოპირებული და ის საქართველოს ბაზარზე მორგებული არ არის“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ ლაშა ლომოურმა.