მორიგი ისტორიული მინიმუმი - უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველკვატალურად მცირდება

მორიგი ისტორიული მინიმუმი - უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველკვატალურად მცირდება

საქართველოში უმუშევრობის შემცირების ტენდენცია იმდენად აშკარაა, რომ მონაცემები ყოველკვატალურად უმჯობესდება. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში უმუშევრობა 1.8%-ით - 13.8%-მდე შემცირდა.

2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 31.2 ათასით (3.3%) - 974.4 ათასამდე გაიზარდა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 26.4 ათასით (10.5%) და 225.7 ათასი შეადგინა.

2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2%-ით 69.2%-მდე გაიზარდა.

2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე მცირებულია როგორც საქალაქო, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.

მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტს შეადგენს, რაც მესამე კვარტლების ჭრილში არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ასევე დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 47.1 პროცენტს შეადგენს.

პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ზოგადად, შრომის ბაზრის ტენდენციების კუთხით თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, უფრო მეტად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და ამ ფონზე მცირდება უმუშევრობის დონე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ და ჯანსაღ ტენდენციებს, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პოზიტიური მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელია ეკონომიკური აქტივობის ზრდა ქვეყანაში.

არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, იმავდროულად ჩვენი ამოცანა და მიზანია, მომავალ წლებში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რათა გავაძლიეროთ ის ტენდენციები, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება, - აღნიშნა ცინცაძემ.

დადებით ტენდენციაზე საუბრობენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, ქვეყანაში დასაქმებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც პირდაპირ ცვლის სტატისტიკურ მონაცემებს.

რა თქმა უნდა, უმუშვევრობის დონე შემცირდა და ეს მნიშვნელოვანია. საქართველოს ცალკეულ სექტორში გაზრდილია სამუშაო ადგილების და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, აქტიურია მშენებლობის დარგი. დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა ტურიზმის სექტორში. უმუშევრობის შემცირება იმ სხვადასხვა დარგის პროგრესმა განაპირობა, სადაც ჩვენ გვაქვს გარკვეული წინსვლა.

ეკონომიკური ზრდა არის სწორედ უმუშევრობის დონის კორექტირების მთავარი წყარო. ეს არის ყველაზე მთავარი და ზოგადი მიზეზი. ეკონომიკა იზრდება სწრაფი ტემპით და ბუნებრივია, სამუშაო ადგილებიც მატულობს, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს.