ყველზე მეტად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას ტურიზმი და სამშენებლო სექტორი გრძნობს. პირველ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ვიზიტორთა შესაძლო კლებაზე, მეორე შემთხვევაში კი უძრავი ქონების რეალიზაციის შეჩერებასა და ინვესტიციების შემცირებაზეც.
ამ ეტაპზე უფრო მეტად სამშენებლო სექტორი შფოთავს. „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებლის ვაჟა მებაღიშვილის თქმით, ბევრი სერიოზული ინვესტორი მიმდინარე პერიოდში თავს იკავებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობისგან, რაც ბუნებრივია ნეგატიური ამბავია. ასევე, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. მათაც, როგორც ინვესტორებს, სტაბილური და სანდო პარტნიორის ყოლა სურთ.
„ასეთი ვითარება გარკვეული პარამეტრებით იზომება ხოლმე, რომელსაც აკვირდებიან ინვესტორები, რათა გადაწყვიტონ, ღირს თუ არა რომელიმე ქვეყანაში ფულის დაბანდება. ვითარება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის საკმაოდ რთული, ამიტომ ბევრი სერიოზული კომპანია თავს იკავებს ხოლმე ჩვენთან ინვესტირებისგან, რაც სამწუხაროა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. სამწუხაროა, როდესაც გვიწევს ასეთ თემებზე ფიქრი და საუბარი. ცხადია, რომ ქვეყანა, რომელიც სტაბილურია და მიჰყვება თანამედროვე პროცესებს ფეხდაფეხ, უფრო ძლიერი და განვითარებულია. ამიტომ, თუ სადღაც ჩნდება პრობლემა, ეს უნდა გამოსწორდეს.
ჩვენი კლიენტები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებიდან თანამშრომლობენ ჩვენთან, შეიძლება ითქვას, რომ ახლა სიტუაციას აკვირდებიან. აკვირდებიან სურათს საკმაოდ ფართოდ გახელილი თვალებით და ეს ბუნებრივია, რადგან ყველას სურს ჰყავდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
როგორც მან განმარტა, შექმნილი რთული სიტუაცია მოქმედებს არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებზე, არამედ რიგით მოქალაქეებზეც, რომლებიც არასტაბილურობის პირობებში თავს იკავებენ რისკებისგან.
„თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო ინვესტორების და მათ განწყობებს, ავიღოთ ჩვეულებრივი, ქართველი, რომელიც რაღაც ხელფასზეა დამოკიდებული. როდესაც საუბარია ქვეყანაში არასტაბილურობაზე და გაურკვევლობაზე, წავა ის ბანკში სესხის ასაღებად რომ უძრავი ქონება შეიძინოს? რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში თავს შეიკავებს. დღეს კი გვაქვს ვითარება, როცა ქუჩები არის ჩაკეტილი და გადაადგილებაც კი გართულებულია“, - აღნიშნა გადაცემაში „საქმე“ მებაღიშვილმა.
უძრავი ქონების და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის არასასურველ მოლოდინზე ისაუბრა „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემაც. იგი ვარაუდობს, რომ იზოლაცია ქვეყნისადმი ინტერესს ყველა სექტორში შეამცირებს, ეს კი საბოლოოდ, შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისის დაწყების წინაპირობა გახდეს.
„შეიძლება ვიღაცებს არ აქვთ აღქმა, რომ მათაც ეხებათ ეს. საბოლოოდ მუდმივი დაძაბულობა გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას და რაზედაც ხდება ასახვა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს არის უძრავი ქონების ფასი. დღეს მშენებელს თუ უფრო ძვირი დაუჯდა უძრავი ქონების აშენება, ვიდრე ხვალ ეღირება, რა თქმა უნდა, გაკოტრებისკენ მიდის და ეს იწვევს კრიზისებს.
ამჟამად, შესაძლოა, ეს სურათი არ ჩანს, მაგრამ შეიძლება დადგეს, იმიტომ რომ ქვეყნის რადიკალური შემობრუნება ხდება. კი აიმედებს მმართველი გუნდი თავის ამომრჩეველს, რომ გადავტვირთავთ ამ ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ პირობებში, როცა დასავლეთმა არ აღიარა არჩევნები, წავალთ იზოლაციისკენ“, - განაცხადა კეპულაძემ.