„ხელფასი კი დღეში 120-140 ლარი აქვთ, მაგრამ ამბობენ, არ გვყოფნისო“ - საკადრო საკითხები პრობლემად რჩება

„ხელფასი კი დღეში 120-140 ლარი აქვთ, მაგრამ ამბობენ, არ გვყოფნისო“ - საკადრო საკითხები პრობლემად რჩება

მუშახელის დეფიციტი საქართველოში ვერდა ვერ აღმოიფხვრა. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები ასე თუ ისე, მუდმივად იზრდება, ბიზნესი საკადრო თვალსაზრისით მუდმივად წნეხშია. რიგ პოზიციებზე დღეში ანაზღაურებამ 140 ლარსაც მიაღწია, მაგრამ დასაქმებულთა უმეტესობას მაინც გაქცევაზე უჭირავს თვალი. ემიგრანტული ცხოვრება თანდათან მიმზიდველოაბს კარგავს, მაგრამ რეალურ აღქმამდე ადამიანებს ჯერ მაინც თვალი გაქცევისკენ უჭირავთ.

კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, ხელფასები გაზარდონ, რომ კადრების გადინება არ მოხდეს. საქართველოს დისტრტიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის თქმით, საკადრო დეფიციტი ქვეყანაში ყველა მიმართულებით ზოგადი პრობლემაა. შედეგად, ყველა კომპანია ხელფასების მაქსიმალურად ზრდაზეა ორიენტირებული, რათა კადრების გადინება არ მოხდეს.

ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხელფასები გაზარდონ, რათა კადრების გადინება არ მოხდეს, მაგრამ ერთიანობაში, სტაბილური კადრი მაინც პრობლემაა. არა მარტო ჩვენი სექტორისთვის, არამედ ყველა სექტორისთვის. ერთ-ერთია ჩვენი სექტორი, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს. მიუხედავად ხელფასების ზრდისა და იმ სხვა ქმედებებისა, თუნდაც განათლების სასერტიფიკატო პროგრამა უსასყიდლოდ სწავლების მიზნით, კადრების დეფიციტი მაინც პრობლემად რჩება, განსაკუთრებით კატეგორიის მძღოლებისთვის“, - განაცხადა რიჟამაძემ.

პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ მეწარმეებიც, რომლებსაც კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სადისტრიბუციო მანქანების ჯარიმების გარდა, პრობლემაა ხელფასებიც და თანამშრომლების შენარჩუნების საკითხიც. სექტორს ამ მხრივ საკმაოდ უჭირს.

კიდევ ერთი გამოწვევაა ხელფასები. დარგი 3-ცვლიანია და ძალიან გვიჭირს ხალხის დაკავება ადგილებზე. ბევრი უცხოეთში წავიდა. თვეში დაახლოებით, 10-12 დღე მუშაობენ, ხელფასი კი დღეში 120-140 ლარი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით და ესეც გამოწვევაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პურზე ფასმა არ აიწიოს,“ - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე ყაზახური ფქვილის იმპორტის შესაძლებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ბაზარი რუსული ფქვილის ალტერნატივად აქტიურად განიხილება.

ბოლო წლებში ხორბლის 3-თვიანი მარაგი არის მუდმივი ციფრი და გარანტი იმისა, რომ არ გვქონდეს პურის მარაგებზე თავის ტკივილი. წლევანდელი წელი ხორბლის მოსავლიანობით რეკორდული იყო, დაახლოებით 200 ათასი ტონა მოვიდა. რაც შეეხება უცხოეთიდან შემოსულ ფქვილს, რუსეთის გარდა წელს ყაზახეთშიც დიდი მოსავალი იყო, თუმცა იქიდან ლოგისტიკის პრობლემებია და შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ ეს რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის ალტერნატივაა და ის აქტიურად განიხილება. თვითონ ყაზახეთიც დაინტერესებულია, აქტიურად განახორციელოს თავისი ხორბლის რეალიზაცია, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.