ჩინეთი და ყაზახეთი საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის გაფართოებას ჩქარობენ

ჩინეთი და ყაზახეთი საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის გაფართოებას ჩქარობენ

საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის შესაძლებლბის გაფართოებაზე ყველა ჩვენი ახლო თუ შორეული მეზობელი დგამს ნაბიჯებს. ეს მეტად საყურადღებო საკითხია, რადგან აღნიშნულ კორიდორში მიუხედავად ტვირთნაკადის მატებისა, ჯერ კიდევ არ არის სასურველი ოდენობის ტვირთი მოზიდული. შესაბამისად, პროექტების განხორციელების ტემპი არასათანადოა.

ირკვევა, რომ ყაზახეთმა და ჩინეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო კვანძის მშენებლობა დაიწყეს. ამის თაობაზე ინფორმაციას ყაზახეთის სატრანსპორტო სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, ყაზახური მედია ავრცელებს.

ეს პროექტი გაზრდის ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ლოგისტიკურ სისტემაში და გააფართოვებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის პოტენციალს. ჰაბის განხორციელება გაზრდის კონტეინერების ტრანსპორტირებას ტრანსკასპიის მიმართულებით აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით. ასევე ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი სატრანზიტო ტვირთის ნაწილის გადამისამართება მოხდება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. სამუშაოების დასრულება 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

ამჟამად მიწის განაშენიანების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 20 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკაა გამოყენებული. პროექტი ხორციელდება მანგისტაუს რეგიონში, ის გაზრდის აკტაუს პორტის გამტარუნარიანობას 240 ათას ოცი ფუტის ეკვივალენტურ ერთეულამდე.

დღეისათვის საზღვაო ნავსადგურებში კონტეინერების გადაზიდვის მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა და შეადგინა 58 ათასი კონტეინერი, ხოლო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ კონტეინერების ტრაფიკის ზრდა 2,7-ჯერ აღინიშნა.

ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც, რადგან ჩინური და შუა აზიური ტვირთის დიდმა ნაწილმა სწორედ ჩვენ ვეყანაზე უნდა გაიაროს. ჯერჯერობით გადაზიდვებში მატება კი შეინიშენბა, თუმცა სასურველ მაჩვენებლამდე მიღწევა ვერ ხერხდება. ამის მიზეზი სწორედ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობაა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, საქართველოში ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში პირდაპირი ინვესტიციები არ შემოდის - თუ 2015-2016 წლებში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 35% მოდიოდა ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორზე, ბოლო წლებში 4-5%-მდე დავიდა.

საქართველოს რკინიგზა სატრანსპორტო დერეფნის ხერხემალია და სწორედ მასზე უნდა მოხდეს ტვირთების გენერირება, მაგრამ ინვესტიციებზე რომ ვთქვათ, ბოლო 5-6 წლის მანძილზე საქართველო არის BB დონეზე, რაც ნიშნავს სანაგვე ბონდების დონეს. შედარებისთვის, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 3 საფეხურით მაღლა დგას ამ საინვესტიციო მიმზიდველობით. სარკინიგზო რეიტინგი დიდი ხანია შემცირებულია, ამიტომ ინვესტორი ამ მიმართულებით არ მოდის.

სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის, მთლიან შიდა პროდუქტში 7% უკავია ტრანსპორტის სექტორს, როდესაც ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ჩიხური ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ინვესტიციის ნაკლებობა და კორუფციული მომენტები, აიძულებს ტვირთმფლობელს, დაბრუნდეს ძველ ალტერნატიულ მიმართულებაზე, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, გართულებულია სახმელეთო გადაზიდვებიც.

გართულებულია საქართველოს სახმელეთო საავტომობილო გადაზიდვებიც, თუნდაც ნებართვების თვალსაზრისით, თუნდაც ევროპის სივრცეში შეღწევის თვალსაზრისით. ასევე საქართველოს ნავსადგურებში, 2021 წელს 16.5 მლნ ტონა გადამუშავდა, 2022 წელს - 15 მლნ, 2023-ში 13.8 მლნ ტონა. ეს შემცირება არის ძალიან სენსიტიური მაჩვენებელი, - განაცხადა კვლევითი ცენტრის დირექტორმა.