მალე ჩრდილოეთიდან იაფი ბენზინი ისევ დაიძვრება. რუსეთში შეზღუდვის გაუქმებას ვადაზე ადრე აპირებენ, თუმცა არც განსაზღვრულ თარიღამდეა დიდი დრო დარჩენილი. ქართველი მებითუმეები ამის შემდეგ იაფ იმპორტზე გადაერთვებიან.
ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე, ანუ მომავალი კვირიდან შევა.
„ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა თავისი წინადადებები ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მოხსნის შესახებ და მთავრობას განსახილველად წარუდგინა. ჩვენ ექსპორტზე შეზღუდვებს მოვხსნით, რადგან ფასები და ბაზრის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა.
თუმცა საწვავის ბაზრის მონაწილეებმა რუსეთის ვიცე-პრემიერს ალექსანდრ ნოვაკს სთხოვეს, არ მოხსნას ვადაზე ადრე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა. წერილს ხელს აწერენ რუსეთის საწვავის კავშირი, „სასაქონლო ბაზრის მონაწილეთა ასოციაცია“, „სასაქონლო ბროკერთა ასოციაცია“.
ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ თუ საბითუმო ვაჭრობაში საწვავის ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, მაშინ საცალო ვაჭრობაში 7,5%-ით გაიზრდება.
„ბენზინის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მინიმალური რენტაბელობის უზრუნველსაყოფად, ამ წლის წინა პერიოდებიდან მიღებული ზარალის დაფარვისა და მომავალ წელს აქციზისა და ტარიფების დაგეგმილი ზრდის ნეგატიური ეფექტების გასანეიტრალებლად აუცილებელია საბითუმო შეთავაზებების მნიშვნელოვანი შემცირება“, - ნათქვამია წერილში.
ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა რუსეთმა თავდაპირველად 2024 წლის 1-ელ მარტს აამოქმედა, რის შემდეგაც, დროებით სამჯერ მოხსნა და ისევ დააწესა. ამ ეტაპზე, ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდეა დაწესებული.
შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ქართველი იმპორტიორები რუსეთიდან ბენზინის შემოტანას ისევ განაახლებენ. კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ შეზღუდვის დროზე ადრე მოხსნა სრულიად შესაძლებელია.
„საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ რუსეთიდან ბენზინის მოწოდება აღდგეს. წინასწარი ინფორმაციით, უკვე 1-ლი დეკემბრიდან ექსპორტის განახლება უნდა იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ საბითუმო ფასებს, რაიმე ისეთი დიდი ცვლილება არ არის, ბოლო დღეებში განსხვავება დახლოებით 3-5 თეთრის ფარგლებში გამოისახა. ეს სხვაობა ზრდის მიმართულებით აღინიშნა, მაგრამ დიდად მნიშველოვანი არ არის. როგორც ცნობილია, ფასზე მოქმედებს ლარის კურსიც და „პლატცის“ ღირებულება. ორივე ამ მიმართულებით სტაბილურობაა“, - განაცხადა იაკობიძემ.
ადგილობრივ ბაზარზე რომ შედარებით ნორმალური ვითარებაა, ადასტურებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძეც. მისი შეფასებით, ამჟამად საწვავის ფასი მიესადაგება საგარეო ფაქტორებს და საქართველოს საცალო ქსელში სამართლიანი ფასებია. „სამი კვარტალის სურათის მიხედვით, ჩვენ ვაკვირდებით საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკას, ადგილობრივი კურსის მოძრაობას, ასევე იმპორტის თვითღირებულებას და მის შესაბამისობას საცალო ფასებთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით, რომ ბაზარი კონკურენტუნარიანია, ფასები სამართლიანია, საერთაშორისო ტენდენციებიდან გამომდინარე. მუდმივად ვმუშაობთ ადგილობრივ ინდუსტრიასთან ერთად და თუ კრიტიკული საკითხები გამოიკვეთება, ჩვენ გვაქვს მექანიზმი“, - განუცხადა „ბიემს“ ლექვინაძემ.
-იაფი ბენზინის ქვეყანაში შემოტანა მალე ისევ დაიწყება- ეს არის.
-იაფი ბენზინის შემოტანა ქვეყანაში მალე ისევ დაიწყება - უნდა იყვეს, ან
-ქვეყანაში იაფი ბენზინის შემოტანა მალე ისევ დაიწყება