ბათუმის პორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ფრეგატის "ჯონ ჰოლის" კაპიტანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შემთხვევა აპრილის თვეში, საზღვაო-სამხედრო სწავლების დროს მოხდა. მომხდარზე აშშ-მა გამოძიება ჩაატარა, რის შემდეგ ფლოტმა მეთაურის გათავისუფლების შესახებ გადაწყევტილება მიიღო. ქართველი სამხედრო ექსპერტების განცხადებით, მსგავსი ინციდენტები სწავლებების დროს არცთუ იშვიათია.
აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალების ფრეგატის "ჯონ ჰოლის" მეთაურის, ჰერმან პრეფლის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადება აშშ-ის მე-6 ფლოტის წარმომადეგენელმა მარკ უოლტონმა გააკეთა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბათუმის პორტში მომხდარი ინციდენტია. სამხედრო სწავლების დროს "ჯონ ჰოლი", რომელზეც ხსენებული სწავლება მიმდინარეობდა, ნაპირს შეეჯახა, რის შედეგად ხომლადმა მცირეოდენი დაზიანება მიიღო, თუმცა დავალების შესრულება არ შეუწყვეტია. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფნი არ დაზარალებულან.
შემთხვევა 16 აპრილს ბათუმის პორტში მოხდა. აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ფლოტის წარმომადგენლები პროტოკოლით გათვალისწინებულ ერთობლივ სწავლებას ატარებდნენ უკრაინის საზღვაო ავიაციასთან და საქართველოს სახმელეთო დაცვის თანამშრომლებთან. ხომალდი შეჯახებისას დაზიანდა, მაგრამ ამას მისთვის სასწავლო-საბრძოლო დავალებების შესრულებაში ხელი არ შეუშლია.
ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ის მხარემ მოკვლევა ჩაატარა, რის შედეგად ხომალდის მეთაური დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"მეთაურის უფლება-მოვალეობებს ფლოტში სერიოზულად ეკიდებიან," - აღნიშნა უოლტონმა.
ამჟამად ხსენებული ხომალდი ვიზიტით კაბო-ვერდეს რესპუბლიკაში, დასავლეთი აფრიკის სანაპიროზე იმყოფება.
რამდენად ხშირია მსგავსი ინციდენტები სამხედრო სწავლებების დროს? ამ შეკითხვით "რეზონანსმა" სამხედრო ექსპერტებს მიმართა.
გიორგი მელითაურის განმარტებით, მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდება და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
"ინციდენტი როცა ხდება, შემდეგ ამის გარშემო მოკვლევა ტარდება, რომ გაარკვიონ, დიდი მატერიალური ზარალი არის თუ არა.
იქ წესები იქნებოდა დარღვეული, რის გამოც მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება. მსგავსი ინციდენტი ყველა ქევყანაში შეიძლება მოხდეს. საგანგაშო არაფერია", - ამბობს მელითაური.
მისი თქმით, ყველა ქვეყნის საზღვაო ფლოტს გააჩნია თავისი ნორმები, რის შედეგად მეთაურს შეიძლება მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრონ.
იგივეს ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი.
"პოლიტიკურ ჭრილში მსგავსი ინციდენტის განხილვა იშვიათია. ასეთ დროს უნდა შეისწავლონ მომხდარი, რა ვითარებაში მოხდა, როგორ გარემოებებში და ა.შ. მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ და დაზუსტებით ამის შესახებ საუბარი მიჭირს", - განაცხადა სესიაშვილმა.