ქართველი ჩინოვნიკები და იარაღით ვაჭრობის თემა კვლავ აქტუალურია. ამერიკაში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, გამოძიება უკრაინაშიც დაიწყო. ამჯერად საქმე ეხება სახელმწიფო კომპანია "უკრობორონსერვისის" მიერ 2005 წელს 50 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის - "ბუკ-ემ1" და "ბუკ-ემ1-2" სახელმწიფოსათვის შეძენას, თუმცა შემდეგ ეს რაკეტებიუცნაურ ვითარებაში საქართველოში აღმოჩნდა.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინული სკანდალი, ისევე, როგორც ეფ-ბი-აის სკანდალი, აშიშვლებს თავდაცვის სამინისტროს და იმ პირებს, ვინც კურირებდა იარაღის შესყიდვის კორუფციულ გარიგებებს.
ამასთან, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვაში მიმდინარეობს ყველა დოკუმენტაციის შესწავდა. "სერიოზული რევიზია მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში. საქმე ეხება როგორც ალვირეზის საქმეს, ასევე ირანისთვის საბრძოლო რაკეტის მიყიდვის ფაქტს. ამის გამოა ატეხილი სერიოზული სკანდალი", - ამბობს ჩვენი წყარო.
მიმდინარეობს თუ არა მართლაც საგამოძიებო მოქმედებები, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამბობს, რომ გამოძიება რას აკეთებს, ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის შს და იუსტიციის მინისტრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. საუბრის დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება. ქართული მხარის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, საუბრის თემა ორმხრივი თანამშრომლობა იყო.
ერთ-ერთი ვერსიით, მისი ვიზიტი სწორედ იარაღის ვაჭრობის საკითხს უკავშირდებოდა. სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური არ გამორიცხავს, რომ მიულერის ვიზიტი ალვირეზის საქმესთან იყოს დაკავშირებული.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დონის კორუფციული გარიგებების მონაწილეობის ალბათობას აშშ-ის სამართალდამცველები იძიებენ. ეფ-ბი-აის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები 2008 წელს, ომამდე, ისრაელიდან იარაღის შესყიდვას კორუფციული გარიგებებით ახორციელებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. კორუმპირებული ქართველი ჩინოვნიკების გვარები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი სწორედ იარაღის ვაჭრობის საკითხთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება საქართველოს მიერ ირანისთვის რაკეტების მიყიდვის ფაქტს, ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ანალოგიური კორუფციული გარიგებების ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ში აღძრულია სს-ს საქმე.
"იცით ალვირეზის თემა და სწორედ ამის შემდეგ წამოიწია სკანდალები იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელშიც, როგორც ირკვევა, ჩართულია საქართველო და ამის გარკვეული ინფორმაციები არსებობს. მარტო საბუთების შესწავლით ეს საქმე არ დასრულდება. ამ მასშტაბებით იარაღით ვაჭრობა ვერ მოხერხდება ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირების გარეშე.
"ამერიკელი გამომძიებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ გამორიცხული არაფერი არაა. გავიხსენოთ, ალვირეზის საქმე, რობერტ მიულერის ვიზიტი საქართველოში, ამერიკისთვის ეს არის პრესტიჟის საქმე და აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, წავიდეს მსგავს თანამშრომლობაზე ამერიკულ გამოძიებასთან", - ამბობს გიორგი მელითაური.
"ყველაზე მეტი კითხვა ჩნდება იქ, თუ კონკრეტულად, როგორ და რა ფასად იქნა იარაღი შეძენილი", - ამბობს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე. მისი თქმით, თუკი რაღაც იარაღს ყიდულობ უფრო ძვირად, ვიდრე მისი საერთაშორისო ღირებულებაა, ან როცა ასაიდუმლოებ შესყიდვებს, ე.ი. აქ რაღაც იმალება.
"შესყიდვების გასაიდუმლოება არც ერთ ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. ამიტომაც კითხვები ჩნდება იმაზე, როგორ და რა ფასად მოხდა შესყიდვები და ვის ჯიბეში ჩავიდა "შავი ფული". ე.წ. ალვირეზის საქმე სწორედ ამას ადასტურებს, თუ როგორ "მოტყდა" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხა და დანაშაულის ტიპის მიხედვით ეფ-ბი-აი რასაც იძიებს, ძალიან ჰგავს იმას, რაც უკრაინაში იყო ჩადენილი. თანაც, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში კორუფციული გარიგებების მასშტაბები გაცილებით დიდია და უფრო დიდ თანხაზეა საუბარი", - ამბობს კაციტაძე.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ იარაღის სკანდალი პოლონეთთან და ჩეხეთთანაც ამოტივტივდეს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, საქართველო ამ ორი ქვეყნიდანაც ყიდულობდა შეიარაღებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ყველა იმ შესყიდვის შესწავლა, რომელიც დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ.