გულდაწყვეტილი მაესტრო

გულდაწყვეტილი მაესტრო

ყოველი ქართველისათვის უსაყვარლესი მელოდიების ავტორი რევაზ ლაღიძე თაყვანისმცემლებისაგან უამრავ წერილს იღებდა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.

კომპოზიტორი  გარეგნობით არ გამოირჩეოდა. ეს თავადაც იცოდა და როდესაც  ფოტოსურათის გაგზავნას სთხოვდნენ, ყოველთვის თავისი უახლოესი მეგობრის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის სურათს გზავნიდა ავტოგრაფით. დიდად ცრუობდაო, ვერ ვიტყვით - მისი სიმღერების უმრავლესობა ხომ სწორედ ამ პოეტის ლექსებზეა შექმნილი.

თუმცა, პირადი ურთიერთობისას ეს ხერხი ვერ ჭრიდა და ამის გამო ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა.

ერთხელ საკუთარი "გაზ-21"-ით გვიან ღამით მიმავალმა ქუჩაში ტრანსპორტის მომლოდინე გოგონები შენიშნა და მანქანა გაუჩერა. გოგონები ჩასხდნენ და მისამართიც უთხრეს. მიიყვანა. გადასვლისას მგზავრებმა ფული გაუწოდეს. გოგონებო, მართალია, გარეგნულად ყასაბს ვგავარ, მაგრამ სინამდვილეში რევაზ ლაღიძე გახლავართ... შუაღამისას ქუჩაში დაგინახეთ და სახლამდე მოგიყვანეთ, ფული რა სახსენებელიაო, - მიმართა მათ  "გულდაწყვეტილმა" მაესტრომ.