„ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში” – მისი დახმარებით უამრავი საოცარი ისტორია მოვისმინე და გაგიზიარეთ. როგორი უცნაური საქმეებით აღარ გაუთქვამთ მათ სახელი რუსეთსა და მაჰმადიანურ სამყაროში, სამხრეთ აფრიკასა თუ ოკეანის მიღმა ქვეყნებში. თავისი საქმიანობით გამოირჩეოდა ნიკოლოზ აფხაზიც, ადამიანი, რომელმაც სახელი კანადაში უზარმაზარი ბაღის გაშენებით გაითქვა. „სიყვარულის ბაღი,” როგორც მან კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უწოდებენ, ათასობით დამთვალიერებელს აჯადოებს.
ლევან გურიელიძე: ნიკოლოზ აფხაზის სახელი ძალიან კარგად არის ცნობილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მან კანადაში, ვანკუვერში დიდებული ბაღი გააშენა, რომელსაც დღემდე უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. ნიკოლოზის წინაპრები დიდგვაროვანი აფხაზები, ანჩაბაძეები იყვნენ. მათ აფხაზეთი მეჩვიდმეტე საუკუნეში დატოვეს და კახეთში, სოფელ კარდენახში გადასახლდნენ. მაგრამ, ამის გამო მათ თავიანთი თავადური ტიტული არ დაუკარგავთ და დაიმკვიდრეს აფხაზის ფსევდონიმი.
თვითონ როგორ მოხვდა შორეულ კანადაში?
– ნიკოლოზის მამა, კოტე აფხაზი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე იყო. მისი სახელი იმ ადამიანებთან ერთად შევიდა საქართველოს ისტორიაში, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების სათავეებთან იდგა გასული საუკუნის გარიჟრაჟზე. კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისშვილი და მისი იდეების მხურვალე თანამგრძნობი გახლდათ, ასევე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917-1918 წლებში, ივანე ჯავახიშვილთან ერთად, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში. 1921 წელს, ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტისთვის, კოტე აფხაზი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ამ ადამიანმა ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა, სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. 1923 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობისთვის სამხედრო ცენტრის თხუთმეტი ლიდერი დააპატიმრეს და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. მათ შორის იყო კონსტანტინე აფხაზიც. მისი ოჯახი კი ამ მოვლენებს გაერიდა. მეუღლე და შვილი 1919 წლიდან საფრანგეთში წავიდნენ, სადაც პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსით ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ იმ იმედით საზრდოობდნენ, რომ მალე ოჯახის უფროსიც შეუერთდებოდათ და ერთად შეძლებდნენ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. თუმცა, ეს იმედი აუხდენელი აღმოჩნდა. 1942 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა კოტე აფხაზის მეუღლე ელენე. მისი შვილი, ნიკოლოზ აფხაზი კი, ვისაც უკვე არ გააჩნდა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო საქართველოში, საფრანგეთში დამკვიდრდა. ნიკოლოზმა კარგი განათლება მიიღო. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე მან სორბონას უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
ამ დროს გაიცნო მომავალი მეუღლე?
– დიახ, სწორედ ამ პერიოდში გაეცნო ის თავის მომავლ მეუღლეს – პემბერტონ-კარტერ მარჯორის, იგივე პეგის. მაგრამ ისინი გაცნობიდან საკმაოდ დიდი დროის შემდეგ შეუღლდნენ. პეგის რთული ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. ის ადრეულ ასაკში დაობლდა, რის შემდეგაც შორეულმა ნათესავებმა იშვილეს. პეგი სულ პატარა იყო, როდესაც ნათესავებმა ერთ მდიდარ ოჯახს მიჰყიდეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პეგი შანხაიში იყო, თავისი ბავშვობის ქალაქში. ახალგაზრდა გოგონა იაპონიის სამხედრო ბანაკებში აღმოჩნდა. ეს საკმაოდ რომანტიკული სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც ომმაც კი ვერაფერი დააკლო. შუა ომში პეგი არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე შეყვარებულს აუცილებლად შეხვდება. ომის ცეცხლს ორივე გადაურჩა, რის შემდეგაც პეგი კანადაში მიდის, ხოლო ნიკოლოზი – ნიუ-იორკში. ისინი ერთმანეთს ხანგრძლივი განშორების შემდეგ, უკვე სხვა კონტინენტზე შეხვდნენ. 1946 წელს ნიკოლოზი და პეგი შეუღლდნენ, რის შემდეგაც ბრიტიშ კოლუმბიის პროვინციაში, ქალაქ ვიქტორიაში სახლი შეიძინეს, რომელსაც გარს პატარა კლდოვანი მიწის ნაკვეთი ერტყა.
ალბათ, აქედან იწყება ბაღის ისტორიაც.
– დღეს ამ ადგილას „სიყვარულის ბაღია” – ასე უწოდებენ პარკს, რომელიც მიუხედავად კანადის მკაცრი კლიმატური პირობებისა, ყველაზე იშვიათ და უცნაურ სუბტროპიკულ მცენარეთა უზარმაზარ რაოდენობას ითვლის. მას ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დეკორატიულ ბაღად მიიჩნევენ და ყველა პარკს ამ კონტინენტზე, სადაც კი უმთავრესად „სუბტროპიკები” ხარობს, „აფხაზი გარდენს” უწოდებენ – „სიყვარულის ბაღის” შესაბამისად. მისი უნიკალურობა ეს მრავალწლიანი დაუღალავი შრომაა. პეგი და ნიკოლოზ აფხაზები ცდილობდნენ, შეექმნათ ნატურალური ლანდშაფტის დიდებული და თვალწარმტაცი ატმოსფერო. წლიდან წლამდე მათ მოჰქონდათ ახალი ნერგები, აფართოებდნენ პარკს და სრულყოფდნენ მის დეკორატიულ სახეს. ცოლიც და ქმარიც ხელოვნების დიდი თაყვანისმცემლები და თავადაც ხელოვანები იყვნენ – ბაღი მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინების საშუალება გახლდათ. „ბაღი ჩვენი შვილია,” – სიამაყით ამბობდნენ ისინი.
ბაღს მათი მრავალწლიანი სიყვარულის ისტორიაც უფრო რომანტიკულს ხდიდა.
– რა თქმა უნდა. მათი სიყვარული ბაღის გარემოს საოცრად უხდებოდა. ახალსახლობის პირველივე დღეებიდან ცოლ-ქმარი საზოგადოების სული და გული გახდა, ხოლო სიტყვები „სიყვარულის ბაღი” შორს გასცდა ამ პროვინციას. პეგი სულ იხსენებდა, რომ ბაღი მათთვის შვილივით იყო. ნიკოლოზ აფხაზი 1987 წელს გარდაიცვალა, პეგი კიდევ ორი წლის განმავლობაში უვლიდა სახლსა და ბაღს. შემდეგ ისიც გარდაიცვალა... დღემდე ბაღი ხელიდან ხელში გადადის. ამჟამად ის „ბრიტიშ კოლუმბიის” კონცერნს ეკუთვნის. „სიყვარულის ბაღი” და სახლი, რომლებიც ცოლ-ქმარ აფხაზებს ეკუთვნოდათ, მუზეუმად იქცა. ის ღიაა ტურისტული და შემეცნებითი ექსკურსიებისთვის.