ჯაბა, მხედრიონის „შეიარაღებული შიმშილობა“ და კუპონი

ჯაბა, მხედრიონის „შეიარაღებული შიმშილობა“ და კუპონი

27 მაისს პარლამენტის სხდომის დღის წესრიგი იმდენად მრავლისმომცველი იყო, რომ არა თუ ერთ სხდომას, არამედ მთელ სესიას ეყოფოდა. თავად განსაჯეთ, კოლეგიის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმით, დეპუტატებს უნდა განეხილათ დემურ დვალიშვილის მოხსენება ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და კუპონების მიმოქცევის შესახებ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მოხსენება „სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წინაშე მდგომი პოლიტიკური პრობლემები და მათი მოგვარების გზები“, პარლამენტის წევრის ვ. ძაბირაძის ინფორმაცია, დადგენილება საქართველოს რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, კანონი „მაშველთა კორპუსის“ შესახებ, კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სასტუმრო „მეტეხის“ ზოგიერთი გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ,  საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დებულება, აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებით ვ. რჩეულიშვილის ინფორმაცია.

სხდომას არ ესწრებოდა რომან გოცირიძე, რამაც პარლამენტართა აღშფოთება გამოიწვია. ზოგიერთებმა მოითხოვეს მისი თანამდებობიდან გადაყენება, თუმცა ეს უფრო ხუმრობანარევი შეძახილები იყო, ვიდრე სერიოზული მოთხოვნა. გოცირიძე „ტატამზე“ გამოცხადებას აგვიანებდა, ამიტომ დარბაზში არეულობა დაიწყო, ეს ყოველივე მოსწყინდა ბატონ ჯაბას და იგი ტრიბუნაზე ავიდა. მან წაიკითხა „მხედრიონის“ სამი წლის წინანდელი განცხადება, რომელიც გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიიში“ გამოქვეყნდა და ამ გაზეთის დარბევის მიზეზი გახდა. განცხადებაში „ზვიადისტური ძალები“ ცდილობდნენ „მხედრიონის“ დისკრედიტაციას თავიანთი უკეთური მიზნების მისაღწევად. ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ მაშინ აყენებდა სტატუსის საკითხს, მაგრამ უშედეგოდ. ჯაბა იოსელიანის თქმით, პარლამენტმა უნდა გადაჭრას ბოლოს და ბოლოს ეს პრობლემა.

ჯაბას ოპონენტი კვლავ ნოდარ ნათაძე იყო. მან უპირველეს ყოვლისა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განცხადება გამოქვეყნდა რუსულენოვან გამოცემაში და არა, ვთქვათ, გაზეთ „საქართველოში“.

მომხსენებელმა საპასუხოდ მოითხოვა ამ საკითხზე სახელობითი კენჭისყრის ჩატარება, გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „მაშველთა კორპუსის“ სახელმწიფო კომიტეტად ჩამოყალიბების იდეას.

პრემიერ-მინისტრმა აცნობა პარლამენტს, რომ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, შექმნილია საგანგებო სიტუაციათა კომიტეტი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე. ეს ცნობა სიახლე აღმოჩნდა „მხედრიონელებისთვის“, რომლებმაც დიდად გაიოცეს. მწვავე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტარ ქართლოს ღარიბაშვილს შორის. ამ უკანასკნელმა თენგიზ სიგუას ბრალი დასდო ვოლუნტარიზმში, რადგან იგი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. კამათი, ჩვენს პარლამენტში უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, „გარეთ“ გაგრძელდა, სადაც ათობით ადამიანის თანდასწრებით თენგიზ სიგუამ ქართლოს ღარიბაშვილს „პროვოკატორი“ უწოდა. ამასობაში კი დარბაზში სულ უფრო იძაბებოდა ვითარება ჯაბა იოსელიანს აშკარად ეტყობოდა, რომ თავს ძლივს იკავებდა. ქვეტექსტებით იყო დატვირთული მისი ფრაზა: „მე არ მივიღე მონაწილეობა სამხედრო აღლუმში რადგან ტრიბუნაზე დგომა და ხელის ქნევა კომუნისტური გადმონაშთია. ჩვენ ყველანი დაავადებულნი ვართ ამბიციებით“.

ედუარდ შევარდნაძე სხდომას კვლავ არ ესწრებოდა. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როდესაც იგი აშკარად თავს არიდებდა ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობას.

განხილვის ბოლოს ჯაბამ დატოვა სხდომა პროტესტის ნიშნად. ოღონდ წასვლამდე, მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის მოიხსნა პასუხისმგებლობა.

დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული რამდენიმე ათასი „მხედრიონელი“ თბილისში იკრიბება.

კუპონების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დაიწყო „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ განცხადებით, რომლითაც ორგანიზაციამ მოითხოვა რუსული მანეთის დაუყოვნებელი ამოღება მიმოქცევიდან, რათა ამ გადამჭრელი ღონისძიებით განმტკიცდეს კუპონი. პარლამენტართა დიდი ინტერესი გამოიწვია დემურ დვალიშვილის მოხსენებამ, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის საქმიანობა საფინანსო სფეროში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაიცვა ის ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც იგი ატარებდა და მას ერთადერთი სწორი პოლიტიკა უწოდა. დღეს კი აუცილებელია საკრედიტო ემისიის შეზღუდვა, რათა საფრთხე არ დაემუქროს კუპონს, არ მოხდეს მისი დევალვაცია. ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის უნდა გაფორმდეს სასესხო ვალდებულება, ანუ ბანკი არ უნდა ექვემდებარებოდეს მთავრობას.

შესვენების შემდეგ, სიტყვა ითხოვა ადა მარშანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ოპერის ბაღში „მხედრიონმა“ დაიწყო შიმშილობა. მათი მოთხოვნაა „მაშველთა კორპუსისათვის“ სახელმწიფო კომიტეტის სტატუსის მინიჭება. ამ ინფორმაციამ ბევრ პარლამენტარს კუპონიც დაავიწყა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაც. დემურ დვალიშვილისა და რომან გოცირიძის შემდგომი უაღრესად საინტერესო დისკუსია, რომელსაც თითქოსდა ცხარე საპარლამენტო დებატები უნდა გამოეწვია. ზემოთხსენებულ აქციასთან შედარებით უმნიშვნელო გამოჩნდა. თუმცა, მაინც მოვიყვან რამოდენიმე გამონათქვამს: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებაში ნათლად გამოიკვეთა, რომ „ცივი ომი“ მთავრობასა და ბანკს შორის ახალ „სტადიაში“ გადადის. დვალიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ფაქტობრივად მთავრობის სატელიტად იქცა და არა აქვს საშუალება დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისა.

ამას, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა ვიცე-პრემიერი რომან გოცირიძე, რომლის თქმით, ბანკის მიერ განხორციელებული საკრედიტო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ყველა, ვისაც კი შესთავაზებ, მზად არის სესხი აიღოს. ეს კი არა ნორმალურია. ასეთი სიტუაცია იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სესხს დაბრუნება აღარ სჭირდება, მას ინფლაცია „აბრუნებს“ თითქმის მექანიკურად. ამის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდი უარს ეუბნება საქართველოს კრედიტის მიცემაზე, რადგან ამ ორგანიზაციის „ოქროს კანონი“ მკაცრი მონეტარისტული პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, რაც კრედიტის მომჭირნედ გაცემას ნიშნავს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, თემურ ბასილიამ ეკონომიკური სიდუხჭირის უმთავრეს მიზეზად ეკონომიკურ რეფორმათა მოუმზადებლობა დაასახელა.

ამასობაში, პარლამენტარებიცა და ჟურნალისტებიც დაძაბულად ვადევნებდით თვალს ედუარდ შევარდნაძეს. იგი მოულოდნელად ადგა და დარბაზიდან გავიდა. ჩვენ, რასაკვირველია, უკან მივყევით. სახელმწიფოს მეთაურმა, ქალაქის მერის თანხლებით, ფეხით გაიარა გზის მონაკვეთი პარლამენტის შენობიდან - ოპერის ბაღამდე.

ამ ბაღს „მხედრიონის“ ის დაუვიწყარი აქცია ახსოვს, რომელიც, ფაქტობრივად, გამსახურდიას წინააღმდეგ პირველი ორგანიზებული გამოსვლა გახდა.

ამჯერადაც, ჩვენს თვალწინ ნაცნობი სურათი გადაიშალა: კარავი და ათეულობით მოშიმშილე, მათ შორის, მხედრიონის „ძველი გვარდია“ სრული შემადგენლობით. რა თქმა უნდა, იმ ბიჭების გამოკლებით, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ.

ჯაბა იოსელიანის გარდა აქციაში თენგიზ კიტოვანიც მონაწილეობდა, თუმცა მას შევარდნაძისაკენ არც გაუხედავს. სახელმწიფოს მეთაურს ძირითადად მხედრიონის ლიდერი ესაუბრებოდა. საუბარი მწვავედ წარიმართა.

ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება „მხედრიონის“ მიმართ აგრძელებს კომუნისტებისა და გამსახურდიას პოლიტიკას. განსაკუთრებით მკვეთრად ნოდარ ნათაძე იქნა მოხსენებული, აგრეთვე სხვა პარლამენტარებიც და თვით პარლამენტიც, როგორც ასეთი.

შევარდნაძის სიტყვით, იგი კვლავ შეეცდება ამ საკითხის გატანას პარლამენტის სხდომაზე: „მე ხომ ჯერ არ ჩავრეულვარ, მე ხომ ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა, მაცალეთ, ვნახოთ, შევისწავლოთ“. ამ განცხადებას „ადგილიდან“ წამოძახილი მოჰყვა: „გამსახურდიაც ამბობდა მაცალეთო“: შევარდნაძის შეხედვა გულს მოუკლავდა ადამიანს, მაგრამ მისი ოპონენტთა პოზიცია შეუვალი ჩანდა: „რა გინდათ, რისი გეშინიათ, იარაღიც არ გვინდა, კომბლებს დავიჭერთ ხელში, ოღონდ დაგვიმტკიცეთ ჩვენი სტატუსი“.

აქვე შევნიშნავ, რომ ჯაბას გვერდში ედგა გიორგი ვაშაკიძე, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შევარდნაძემ „მაშველთა კორპუსის“ ალტერნატიული ორგანოს - „საგანგებო სიტუაციათა“ კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა და ამ სტრუქტურის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეყვანით სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

მწვავე სიტყვიერმა შეხლა-შემოხლამ დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. ამასობაში, აქციის ადგილას გამოცხადდა ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი. დავით ზეიკიძე, რომელმაც შემდგომ განაცხადა, რომ თუ ოპერის ბაღში მიმდინარე აქცია მიიღებს მთავრობის საწინააღმდეგო ხასიათს, იგი იძულებული გახდება, გასცეს შესაბამისი ბრძანება, - ამ აქციის აღკვეთის შესახებ, მაგრამ ამის აუცილებლობას არ ხედავს, რადგან ეს სამთავრობო ორგანოს აქციაა, ასე პოლიციაც ბევრჯერ გაფიცულა.

შევარდნაძე და იოსელიანი საკმაოდ ცივად დაშორდნენ ერთმანეთს. თენგიზ კიტოვანს არც ამჯერად გაუხედავს სახელმწიფოს მეთაურისკენ. შევარდნაძის წასვლა იყო და, ჯაბა იოსელიანს უცხოელი კორესპონდენტები მისცვივდნენ.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ისაა შემაშფოთებელი, რომ ნათლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ამბავს ატეხავს ამ ამბებთან დაკავშირებით რუსეთის ტელევიზია. ო, რას გაიხარებენ! რა ზიზღნარევი ღიმილით აუწყებენ ტელემაყურებელს „ამ ველური ქართველების“ მორიგი ურთიერთდაპირისპირების შესახებ.

სწორედ ამიტომ, რათა კვლავ არ გავახაროთ მტერი, იქნებ ჯობდეს, აქციას სხვა ფორმა მოეძებნოს, თორემ ედუარდ შევარდნაძე „ბუნკერში ჩამსვლელი“ ნამდვილად არ არის - იგი უბრალოდ გადადგება. ეს კი დღევანდელ პირობებში უეჭველად ნიშნავს ომის წაგებას, სამოქალაქო შეჯახების განახლებასა და საქართველოს საბოლოო და სამუდამო დაღუპვას!