„არ ვაპირებთ გავუხსენოთ ვინმეს წარსული, მაგრამ გავიხსენებთ ჩვენს საკუთარ წარსულს“

„არ ვაპირებთ გავუხსენოთ ვინმეს წარსული, მაგრამ გავიხსენებთ ჩვენს საკუთარ წარსულს“

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილს მისი პარტიის მისამართით გამოთქმული განცხადებების თაობაზე საყვედურობს. ამის შესახებ კუკავამ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მისამართით უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გაკეთებულმა არასასიამოვნო განცხადებებმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო. კუკავას განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო „თავისუფალი საქართველო“ არც ერთ ამ განცხადებას არ გამოხმაურებია, მაგრამ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგ „თავისუფალმა საქართველომ“ გადაწყვიტა საზოგადოებას აუხსნას, რაშია საქმე.

„პირველი, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის სრულიად გასაგებია ის პრეტენზიები, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს „ახალი მემარჯვენეების“, „ქრისტიან-დემოკრატების“ და იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების ამა თუ იმ მოქმედებას ღიად უჭერენ მხარს. ჩვენთვის გასაგებია დასაბუთებული, თუ დაუსაბუთებელი პრეტენზიები, რაც ბატონ ივანიშვილს ჯონდი ბაღათურიას პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ გააჩნია, როდესაც ის ამბობს, რომ „ქართულ დასს“ რაღაც შესთავაზეს, მაგრამ ამაზე შეთანხმება ვერ მოხდა და ა.შ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია და იქნებ ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტოს, რა პრეტენზიები აქვს „თავისუფალ საქართველოსთან“. ადრე ამაზე არც ერთხელ არ გამიკეთებია აქცენტი და ვთვლიდი, რომ ეს არ იყო ქართული პოლიტიკის მთავარი საკითხი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ უნდა გითხრათ (შეიძლება ჟურნალისტებსაც არ მიგიქცევიათ ამისთვის ყურადღება), მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა, ანუ 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ, იგი არც ერთხელ შეხვედრია თავისუფალი საქართველოს არც ერთ წარმომადგენელს და არც ერთხელ გამოუთქვამს ასეთი შეხვედრის სურვილი. მას არც ერთხელ არ შემოუთავაზებია „თავისუფალი საქართველოს“ კოალიციაში გაწევრიანება, ერთიან პარტიულ სიაში ჩვენი კანდიდატების თანამონაწილეობა, ან რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატის მხარდაჭერა, ან ნებისმიერი სხვა ფორმით თანამშრომლობა“, - აცხადებს კახა კუკავა.

იგი აქცენტს აკეთებს „ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრეს-სპიკერის განცხადებებზე იმის თაომაზე, რომ ვინაიდან „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს და ზოგადად მისი პოლიტიკური კურსის გამო „ქართულ ოცნებას“ მასთან მჭიდრო თანამშრომლობა შეუძლებლად მიაჩნია. კუკავა ამბობს, რომ კოალიციის ამ პოზიციას გაგებით ეკიდება, ამიტომაც „ქართული ოცნება“, როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, მუშაობს თავის ფლანგზე, ანუ ლიბერალურ-პროამერიკულ ელექტორატთან, ხოლო „თავისუფალი საქართველო“ ცდილობს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა შექმნას იმ ელექტორატზე დაყრდნობით, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არ სჭირდება და სჯობს, ქვეყანა ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით განვითარდეს. კახა კუკავა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „თავისუფალ საქართველოს“ არ ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც კონფრონტაციული ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“.

„უფრო მეტიც, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ყოფილა ხელისუფლების მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ განხორციელებული არც ერთი რეპრესია, არც ერთი დაკავება, არც ერთი დაჯარიმება და ა.შ. რომ ჩვენ პირველივე ათ წუთში მათ მიმართ სოლიდარობის განცხადება არ გაგვეკეთებინოს. საპასუხოდ ასეთი განცხადებები არც ერთხელ არ მიგვიღია. გარდა ამისა, 20 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს დავუჭირეთ მხარი და განვაცხადეთ, რომ ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭერდით მხარს და ერთადერთი რეალური კანდიდატურა ამ პოსტზე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი. საპასუხოდ, არც ერთხელ ჩვენ სოლიდარობის განცხადება არ მიგვიღია, რომ აღარაფერი ვთქვა, კანდიდატებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმებებზე“, - აღნიშნავს კუკავა.

იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მისი პარტია არაერთხელ დაჯარიმებულა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, „თავისუფალ საქართველოს“ არც ერთხელ სოლიდარობის განცხადება არ მიუღია. კახა კუკავა ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

„იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არის შექმნილი, ანუ როდესაც საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, არ ვაპირებთ გავუხსენოთ ვინმეს მისი ბიოგრაფია და წარსული, მაგრამ გავიხსენებთ ჩვენს საკუთარ წარსულს. ძალიან ცოტა არის (თუ საერთოდ არის) ქართულ პოლიტიკაში, ქართულ ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული იყო არა 2011 წლიდან, არა 2009 წლიდან, არა 2007 წლიდან, არამედ 2004 წლიდან. სწორედ ამ დროიდან ვართ ჩვენ ოპოზიციაში და გახსოვთ, ამ წლების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი დარბევა, არც ერთი დაპატიმრება, არც ერთი რეპრესია, როდესაც ჩვენ არ ვიდექით რუსთაველზე. პირადად მე, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი მაშინაც დამაპატიმრეს, 2007 წელს, და შარშანაც 26 მაისს კიდეც დამაპატიმრეს და კარგად გემოზეც დამთეთქვეს და რაღაც არ მახსოვს არც ერთი სოლიდარობის განცხადება იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან თავმოყრილები. ჩვენ ამას პოლიტიკურ საკითხად არ ვიყენებთ, მაგრამ ადამიანურად და კაცურად, რბილად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ ცოტა უზნეოა იმაზე საუბარი, რომ თურმე ჩვენ „ნაციონალების“ წისქვილზე ვასხამთ წყალს“, - ამბობს კახა კუკავა.

იგი ყურადღებას ამახვილებს დამოკიდებულებაზე განსხვავებული აზრის მიმართ. მისი თქმით, გარკვეული ჟურნალისტების განცხადებები „შუაშისტების“ თაობაზე ძალიან ჰგავს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის 2004 წლის რიტორიკას. კახა კუკავა ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველომ ევროპა  დემოკრატიით უნდა გააოცოს. კუკავას თქმით, თუ რამით შეგვიძლია ევროპა გავაოცოთ, არის ის, რომ ოპონირებაშიც ღირსეულები ვიყოთ.

„მათ შეუძლიათ ნატოს და ლიბერალური ფასეულობების მომხრეები იყვნენ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნატოს მოწინააღმდეგეები და ეროვნული ფასეულობების დამცველები, მაგრამ ამავდროულად ეს ოპონირება ღირსეულ ხასიათს ატარებდეს“, - აღნიშნავს კახა კუკავა. ყველა ოპოციზიურ ძალას იგი მოუწოდებს, მინიმუმ პირველ ოქტომბრამდე ღირსეული ოპონირების რეჟიმი შეინარჩუნონ. ამასთანავე, კახა კუკავა „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს „თავისუფალი საქართველოს“ მიმართ თავიანთი მოსაზრება ღიად გამოთქვან.

„თუ ისინი თვლიან, რომ მე, დიმა ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, აკაკი ასათიანი, ჯაბა ჯიშკარიანი, ალეკო შალამბერიძე, ვართ ხელისუფლების სატელიტები, გამოვიდნენ და ამის შესახებ ღიად განაცხადონ. ხოლო თუ ისინი ასე არ ფიქრობენ, გამოვიდნენ და თქვან, რომ თავიანთი ლიდერის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და ამით მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარებიან ბატონ ბიძინას. გარწმუნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც ოპოზიციის შიგნით ჯანსაღი ურთიერთობების, ასევე ქვეყანაში იმ დემოკრატიული და პლურალისტური კულტურის ჩამოყალიბებას, რომელსაც უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ასე მონდომებით თელავს“, - განაცხადა კუკავამ.

იგი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა შეურაცხყოფილები იყვნენ „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები იყოს მათ მიმართ გაკეთებული, დღეს ეს ქართული პოლიტიკის მთავარი თემა ვერ იქნება. კუკავას თქმით, მთავარი პოლიტიკური თემა არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი.

„ამიტომ არ იფიქროს ვინმემ, რომ ამ წყენიდან გამომდინარე ჩვენ ჩვენს პოზიციას თუნდაც ერთი მისხალით შევცვლით. ყველა ჩვენი ადრინდელი გადაწყვეტილება ძალაში რჩება. რა თქმა უნდა, იმ ოც ოლქში, სადაც ჩვენი კანდიდატურები მოვხსენით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ვუჭერთ მხარს და ამასთან დაკავშირებით განცხადებები დამატებით კიდევ გაკეთდება. ჩვენ გამოვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბატონ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას დავუჭერთ მხარს და თუ კიდევ არის რაიმე საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისთვის საინტერესოა და არის გადასაწყვეტი, მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას (სადაც ისინი თვითონ იტყვიან), შევხვდეთ ბატონ ბიძინას და მოვილაპარაკოთ ყველა იმ წინაპირობების გარეშე, რასაც ის მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არის საჭირო“, - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი.

„ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ზაზა აბაშიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ არასოდეს არავის მართული არ ყოფილა, მათ შორის „ნაციონალების“ მიერაც, როდესაც სახელმწიფო სამსახურში, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად მუშაობდა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ არ სურს ქვეყანაში ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ მივიღოთ.

„იმედი გვაქვს, რომ არ მივიღებთ ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმედი გვაქვს, რომ დემოკრატიულ, ტოლერანტულ ხელისუფლებას მივიღებთ, რომელიც ყველა განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტული იქნება“, - აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ კიდევ  ერთი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატივისცემას აფიქსირებს და ამბობს, რომ „თავისუფალი საქართველო“ იმიტომ კი არ ხსნის მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომ რეიტინგი არ აქვს, უბრალოდ ამით „ქართულ ოცნებას“ უსხნიან გზას. აქვე ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დაუშვებელია „თავისუფალმა საქართველომ“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას საკუთარი თავი.

დღესვე „თავისუფალმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომ ისნის საარჩევნო ოლქში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი გელა კეტაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ნუკრი ქანთარიას სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას.