„ოცნება“ „ვა ბანკზე“ მიდის -  ნაცებს პოლიტიკური აქტივობა სამართლებრივად აეკრძალებათ

„ოცნება“ „ვა ბანკზე“ მიდის -  ნაცებს პოლიტიკური აქტივობა სამართლებრივად აეკრძალებათ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დააანონსა, რომ შესაძლოა, მომზადდეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მმართველი გუნდი ამ პროცესს სამართლებრივი ფორმით იწყებს, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ სამართლებრივი არ არის და მასში ძლიერი პოლიტიკური გათვლაც იკვეთება.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენენ, ასევე აშკარაა საზოგადოებაში მათი წინააღმდეგობის მასშტაბიც – რაც მმართველ ძალას მეტ თავისუფლებას აძლევს საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ოცნებისთვის“ ამ პროცესმა შესაძლოა პოლიტიკურ ამომრჩეველთან პოზიციების გამყარება და წინასაარჩევნო კონტექსტში პრინციპული პარტიის იმიჯის განმტკიცება უზრუნველყოს, თუმცა პარალელურად გაამწვავოს ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, რაც უკვე არაერთხელ გამოჩნდა საზოგადოების აქტივისების დაპატიმრებაზე მკვეთრი რეაქციების ფონზე.

პრემიერის განცხადებაში გერმანიის მაგალითზე მითითება და კონსტიტუციური არგუმენტების პარალელები იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ცდილობს პროცესს სამართლებრივი ჩარჩო მისცეს, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ერთგვარი ტესტიც იყოს, როგორც საზოგადოების შიდა რეაქციების, ასევე დასავლეთის შესაძლო პასუხის მოსაზომად.

პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გასახსენებლად, მათ შორის – ბიზნესის რეკეტის, წამების, მედიის მიტაცების და 2008 წლის ომის კონტექსტში.

„ყველას რაღაც დონეზე გვავიწყდება წინა ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულები… ციხეებში შექმნილი მდგომარეობა, ტელევიზიების მიტაცება, 2008 წლის ომი და სხვა. ეს ყველაფერი კომისიის წყალობით გავიხსენეთ“, - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით ასევე მოხდა ყურადღების გამახვილება იმ ფაქტებზე, თუ რას აკეთებდნენ ეს პოლიტიკური ძალები უკვე ოპოზიციაში ყოფნისას ქვეყნის წინააღმდეგ, საბოტაჟით.

„საბოლოოდ მნიშვნელოვანია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რეჟიმი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა. ამ დასკვნის საფუძველზე გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო მაგალითებიც არსებობს:

„ცოტა ხნის წინ გერმანიაში აიკრძალა ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება. მათი საქმიანობის არგუმენტები თითქმის იდენტურია იმასთან, რასაც აკეთებენ რადიკალური პარტიები საქართველოში. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ მომზადდეს დახვეწილი სარჩელი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, რათა საბოლოოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოპოზიციის ნაწილის აზრითნ კი, ეს შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული წინასაარჩევნო გზავნილები იყოს პრემიერის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლისთვის, რეალურად კი ეს გადაწყვეტილება არც მიიღონ ან ხელსიუფლებამ მართლაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს და შემდეგ პოლიტიკური რეაქციების მიხედვით იმოქმედოს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები ნამდვილად დიდი რაოდენობით ჰყავს, თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც ამ პარტიის წინააღმდეგია. ისინი წლების განმავლობაში საყვედურობდნენ „ქართულ ოცნებას“, რატომ არ იჩენდა ხელისუფლება მკაცრ პოზიციას მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების მიმართ.

„რა თქმა უნდა, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, „ოცნება“ მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. ეს ნაწილობრივ ხელისუფლებას პირობის შემსრულებელი ძალის, პრინციპული პარტიის იმიჯს შეუქმნის, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს. ამიტომ არ ველოდები, რომ ქვეყნის შიგნით ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ქუჩაში გამოვარდება. იგივე მოლოდინი არსებობდა სააკაშვილის დაკავების დროსაც, თუმცა ყველამ ვნახეთ, რაც რეალურად მოხდა. ჩნდება ერთი სერიოზული პრობლემა, რაც ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აქვს დასავლეთთან ურთიერთობაში – შესაძლოა, ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობა.

ეს პროცესი ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად არ მეჩვენება. თუმცა ეს ამბავი საგარეო პარტნიორებთან სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ასევე გაურკვეველია, ზუსტად ვის შეეხება გადაწყვეტილება – მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ ე.წ. კრებსით ნაცებს, რომლებიც დღეს რამდენიმე პარტიად არიან გაყოფილნი. მათი შეზღუდვა საერთაშორისო რეაქციის გარეშე არ ჩაივლის. ვხედავთ, როგორ სწრაფად და მწვავედ რეაგირებენ დასავლელი პარტნიორები ახალგაზრდების დაკავებაზე. ამიტომ „ოცნება“, როგორც ჩანს, ამ რეაქციების გამწვავებას აპირებს და ე.წ. „წითელი დროშის“ აფრიალებას, თუმცა პირადად მე ამ ქმედების მიზანი და ლოგიკა არ მესმის“, - ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, თუ დღეს აშშ-ის მხრდამჭერი პოლიტიკა საქართველოს მიმართ გამოკვეთილი და ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა, ეს რისკი გარკვეულწილად გამართლებული იქნებოდა. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, როცა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაც ჯერ გაურკვეველია, ასეთ ნაბიჯზე წასვლა, მიუხედავად ქვეყნის შიგნით მხარდაჭერისა, მაინც არასასურველია.

„ცხადია, ოპოზიცია და დასავლეთში არსებული რადიკალური ძალებიც, რომლებიც მუდმივად ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე, ამ ფაქტს გამოიყენებენ. მათ შეეძლებათ ეს თემა გამოიყენონ შემოდგომის აქციებისთვის. ამიტომ რთულია თქმა, ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პლუსი თუ მინუსი. ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის დამატებითი პრობლემების მიზეზი გახდეს ან პირიქით, პოლიტიკური დივიდენდები მოუტანოს საკუთარ ამომრჩეველში“, - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის ეჭვს, რომ შესაძლოა ეს იყოს წინასაარჩევნო პოლიტიკური მანევრი, საყვარელიძე არც ამ ვერსიას გამორიცხავს. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების მცდელობა, გაზომოს საზოგადოებრივი რეაქცია.

„ამ ვერსიას არ უარვყოფ. მაგალითად, გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი – ბოლომდე პარლამენტში არ გავიდა, თუმცა ხელისუფლებამ იცოდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. იყო საუბარიც, თითქოს შეიძლებოდა ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დამატებითი ხმების მოზიდვა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ამიტომ ეს ვერსიაც ლოგიკას მოკლებული არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი ტაქტიკა, მოსინჯოს როგორც შიდა, ისე საგარეო რეაქცია. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს – ამომრჩეველში მოლოდინის შექმნამ და შემდეგ იმედგაცრუებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ, ამ ეტაპზე, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური სარგებელი ნაკლებად ჩანს, ვიდრე შესაძლო ზიანი. შესაძლოა, ხელისუფლებამ ეს რისკები უფრო ღრმად შეაფასა და შინაგანად მეტი სტაბილურობა და გარანტიები გააჩნია, ვიდრე ეს გარედან ჩანს“, - ამბობს საყვარელიძე.