თეთრი სახლის პრესსპიკერის, ანა კელის განცხადებით, აშშ-მა უკრაინაში ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეაჩერა. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს. როგორც ცნობილი ხდება, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე. უცხოური გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ეფუძნება შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სამხედრო მარაგები ძალიან დაბალ ნიშნულს უახლოვდება. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის საგანგაშოს უწოდებს, რადგან მიღებული სამხედრო დახმარების თითქმის ნახევარი სწორედ ამერიკიდან მოდიოდა.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად, მას შემდეგ, რაც განხილულ იქნა ჩვენი ერის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერა და დახმარება“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროპულ წრეებშიც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია ამერიკული დახმარების გარეშე, აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს. მისი თქმით, „სრულიად ესმის“ აშშ-ის მისწრაფება, რომ უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესები დაიცვან.
„როდესაც საქმე უკრაინას ეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია მთელი დახმარების გარეშე, რომლის მიღებაც შეუძლია, თუ საუბარია საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, - განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და „ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ, რომელიც ფოკუსირებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები თავიანთ დაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებას ზრდიან, მაგრამ არ შეუძლიათ აშშ-ის პრაქტიკული დახმარების გარეშე.
„ეს ასევე აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრიანამ ომი არ წააგოს… ხოლო უსაფრთხო ევროპა ასევე უსაფრთხო აშშ-საც ნიშნავს. ეს სრულიად ურთიერთდაკავშირებულია“, - დასძინა რუტემ.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების დიდი წილი, დაახლოებით 50% სწორედ ამერიკიდან მოდიოდა. ხოლო, იმ მწირი დახმარების ფონზე, რასაც უკრაინა ევროპიდან იღებდა, ბრძოლის ველზე რუსეთის წინააღმდეგ, მას დიდი პოტენციალი არ აქვს.
„ბოლო პერიოდში, საავიაციო შეტევების მასშტაბები და ინტენსივობა არის საკმაოდ გაზრდილი და მსგავსი გადაწყვეტილება - საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შეწყვეტა - საკმაოდ მძიმე ასახვას ჰპოვებს უკრაინის საბრძოლო მზადყოფნაზე და მთლიანად, საომარი მოქმედებების წარმოებაზე - თუ არ იქნება საჰაერო თავდაცვა, მაშინ რუსეთი არა მხოლოდ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტევს უკრაინას, არამედ უკვე ავიაციითაც გადავა პირდაპირ უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის ავიაცია, გარდა ბრძოლის ველზე მოქმედებებისა ახლო სიღრმეში, სხვა ქმედებებს ვერ ახორციელებს საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობიდან გამომდინარე - არ იქნება რაკეტები, არ იქნება საჰაერო თავდაცვა, არ იქნება საჰაერო თავდაცვა, უკრაინა მთლიანად დაკარგავს საკუთარ საჰაერო სივრცეს და კონტროლს, რაც შემდგომში პირდაპირ აისახება ბრძოლის ველზე.
საბრძოლო მოქმედებებზე ასევე ასახვას ჰპოვებს საარტილერიო ჭურვების და სხვა სისტემების მიწოდების შეჩერება. ვიცით, რომ უკრაინის მთლიანი დახმარების დაახლოებით ნახევარს ამერიკა ახორციელებდა და ეს ნახევარი, ფაქტობრივად, გაურკვეველი ვადით შეწყდება. ის დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება მისი პარტნიორების მხრიდან - 50 ქვეყნის კოალიციის მხრიდან, არის არასაკმარისი და ბოლო პერიოდში ამ დახმარებამ კიდევ იკლო. თუ არასაკმარისი დახმარება კიდევ განახევრდება, ეს მოკლე ვადებში ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს უკრაინას. მარაგები, დღევანდელ ინტენსიურ ომში, შეუძლებელია ამოუწურავი იყოს - არ მგონი 2 თვეზე მეტხანს ეყოს ეს მარაგები, რაც დღეს უკრაინას გააჩნია“, - განგვიცხადა ამირან სალუქვაძემ.