„პუტინი უკან არ იხევს, ტრამპი კი გამოსავლის ძიებაშია“ - ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტისთვის ახლა ყველაზე სახიფათო სცენარია

„პუტინი უკან არ იხევს, ტრამპი კი გამოსავლის ძიებაშია“ - ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტისთვის ახლა ყველაზე სახიფათო სცენარია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის მიუხედავად, უკრაინის ომის თაობაზე ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. პარალელურად, ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან დეტალურ თანამშრომლობაზე საუბრობს, მათ შორის – საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე და ერთობლივი წარმოების პროექტებზე. ტრამპის გზავნილი ხაზს უსვამს იმ ჩიხს, რომელიც კრემლთან დიალოგში არსებობს და აჩვენებს, რომ მიუხედავად საჯარო დაპირებებისა ომის დასრულების თაობაზე, ვაშინგტონი ჯერ კიდევ შორსაა გარდამტეხი შეთანხმებებისგან.

ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომში იმდენად ღრმად არის შესული, რომ დათმობაზე წასვლა მისთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური კატასტროფაა, არამედ გავლენის სრულ დაკარგვას ნიშნავს რეგიონშიც და გლობალურ ასპარეზზეც - ასეთია კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის შეფასება for.ge-სთან. მისი თქმით, პუტინის უკან დახევა რუსეთში გამოიწვევს ეკონომიკური სისტემის დესტაბილიზაციას, შიდა პოლიტიკურ რღვევას და საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოშლას. ამ ფონზე, ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ პუტინი დროის გაწელვას სწორედ ახალი შეტევისთვის ცდილობს და არ აქვს არანაირი განწყობა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პროგრესს ვერ მიაღწია.

„არა, დღეს მასთან არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი - ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ირანზე და უკრაინის ომზეც. უნდა გითხრათ, შედეგით კმაყოფილი არ ვარ“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეაჩერა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი გრძელდება.

„არ შეგვიჩერებია. კვლავ ვაწვდით იარაღს - ბევრი უკვე მივაწოდეთ. ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, პრაქტიკულად, დააცარიელა ჩვენი ქვეყნის მარაგები და ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი რესურსი გვაქვს ჩვენი თავდაცვისთვისაც“, - თქვა ტრამპმა.

ამავდროულად, გამოცემა- Politico იუწყება, რომ პენტაგონმა დროებით შეაჩერა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მარაგების საგრძნობი შემცირების გამო მიიღეს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, თუმცა შეზღუდვები ახლა ამოქმედდა. საუბარია ისეთ შეიარაღებაზე, როგორიცაა „პეტრიოტის“ სისტემის რაკეტები, ზუსტი დამიზნების საარტილერიო ჭურვები, „ჰელფაიერის“ სერიის რაკეტები და სხვა მაღალი მნიშვნელობის სისტემები.

ამ ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ნაყოფიერი იყო.

„ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

მისი თქმით, ასევე შეთანხმდნენ უკრაინა-აშშ-ს გუნდების შეხვედრაზე, სადაც ერთობლივი წარმოების პროექტებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით დრონებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მიმართულებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ომში იმდენად ღრმად არის შესული, გამორიცხულია უკან დაიხიოს ან დათმობაზე წავიდეს.

„გამორიცხულია, პუტინმა დიპლომატიური გზით კონფლიქტის დასრულებაზე თანხმობა განაცხადოს, რადგან პრობლემების გადაჭრა სამხედრო გზით დაიწყო და ამ პროცესიდან ასე უბრალოდ ვერ გამოვა“, – ამბობს ბენდიანიშვილი.

მისი თქმით, ტრამპმაც კი შეაჩერა ირანთან სამხედრო ესკალაცია მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების სივრცე შეენარჩუნებინა.

„არ ვიცი, რატომ ჰგონია ტრამპს, რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს და პუტინი რამეზე დათანხმდება. ფაქტია, რუსეთთან მოლაპარაკება გამორიცხულია. პუტინი ღიად ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე მისი უნდა იყოს. თუ ახლა ომს შეწყვეტს, მისი გავლენა განულდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეკონომიკა მთლიანად საომარ რეჟიმზეა მორგებული, მთლიანად ჩამოკიდებულია სამხედრო ინდუსტრიაზე. თუ ეს გადაიწყობა, მაშინ რუსეთს კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური პრობლემები შეექმნება“, – აცხადებს ბენდიანიშვილი.

მისი შეფასებით, ომის შეწყვეტით პუტინი არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცევა, არამედ დაკარგავს ავტორიტეტს რეგიონშიც, მათ შორის – მისავე მოკავშირეებში. ეს დაასუსტებს მის შესაძლებლობებს, გაავრცელოს გავლენა იქ, საითკენაც ისწრაფვის.

„სტატუს-კვოდან გამოსვლაც კი, - ანუ იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს არის – პუტინს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. თავადაც კარგად იცის ეს და ტრამპის ხათრით ან მეგობრობის გულისთვის ამაზე არ წავა“, – ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, პუტინს აღარ აქვს უკან დასახევი, მაგრამ ამ ეტაპზე ვერც წინ მიდის. ბენდიანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის ახალი შეტევისთვის ემზადებოდეს და დროის გაწელვას სწორედ ამისთვის ცდილობს.

„შეიძლება, დროის გაწელვა ახლა ყველაზე მეტად აწყობს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი შეტევისთვის ემზადებოდეს და ამის ეჭვებიც აქვთ უკრაინელებს. პუტინი რომ უკან დამხევი არ არის, მგონი ტრამპის გარდა ყველამ დიდი ხანია იცის“, – ამბობს ბენდიანიშვილი.

კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ გაჭიანურებული ომი თავად ტრამპის იმიჯსაც აზიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

„მან წინასაარჩევნოდ დააანონსა, რომ ომს დაასრულებდა, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მის ლოგიკას თუ მივყვებით, ომის დასრულება ამერიკის ხარჯების შემცირებას უნდა ემსახურებოდეს. თუმცა ახლა ტრამპი ჩიხშია – ვერც უკან დგამს ნაბიჯს და ვერც წინ მიდის. ეს მოსალოდნელი იყო. პუტინის პოლიტიკა ვერაგულია და ტრამპს, უბრალოდ, ეთამაშება. ახლა თვითონაც აღარ იცის, რა ქნას. ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება მოიფიქროს, ევროპაზე ზეწოლაა, რომ ეს ომი ევროპის საფრთხეა და დახმარების ტვირთი მათ უნდა აიღონ. ტრამპისთვის სხვა გამოსავალი, ამ ეტაპზე, არ ჩანს. პუტინი უკან არ იხევს და ეს კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება“, – აცხადებს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, თუ დაიწყება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემცირება და პუტინის პირობებზე დასათანხმებლად კიევზე პოლიტიკური ზეწოლა, ეს ტრამპს გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ამ შემთხვევაში საქმე გვექნება უკვე ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებასთან. ეს იქნება მძიმე და საშიში პრეცედენტი, რაც დაასუსტებს ამერიკის გავლენას როგორც ევროპაზე, ისე დანარჩენ მსოფლიოში და მძიმე დარტყმას მიაყენებს მის საერთაშორისო იმიჯს. ტრამპის გარემოცვამ ეს კარგად იცის და ამაზე არავინ წავა“, – ამბობს ბენდიანიშვილი.