„არა მგონია გიორგი დემეტრაძე რამეში იყოს გარეული“

„არა მგონია გიორგი დემეტრაძე რამეში იყოს გარეული“

"გიორგი დემეტრაძე არაფერ ცუდში შემჩნეული არ იყო და არც კლუბებს ჰქონიათ მისდამი რაიმე სასაყვედურო. ძალიან გამიკირდა. თუ რამე მტკიცებულებაა მის წინააღმდეგ, ძალიან სამწუხარო და საწყენი იქნება, მაგრამ რაც უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია,” - აცხადებს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ოთარ გაბელია გიორგი დემეტრაძის დაკავების კომენტირებისას.

ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თბილისის მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით ორ პირთან ერთად დააკავეს. დაკავებულებს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. ,,მაზით” ჰქონდათ მოგებული გარკვეული თანხა, რომლის ნაწილის ამოღებასაც უკრაინაში მყოფი მეგობრის დახმარებით ქურდული გარჩევების საშუალებით ცდილობდნენ.

გაბელია თვრამეტი წლის მანძილზე ახალგაზრდული ნაკრების მეკარეებს წვრთნიდა და ამდენად, ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებთან, მათ შორის დემეტრაძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გაბელია დემეტრაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებს და მისთვის მომხდარი დაუჯერებელია.