გუშინ ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ პირველი პრეზიდენტის ქვრივი ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ შეხვდა ილია მეორეს. მანამდე გაიმართა მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან. 31 მარტის მოახლოებასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას იუბილესთვის მზადება აქტიურდება.
1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პირველი საერთო-სახალხო რეფერენდუმი გაიმართა, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა.
საკმარისია ითქვას, რომ პლებისციტში მონაწილეობა 4 მილიონამდე ადამიანმა მიიღო და მათგან 98-მა პროცენტმა ხმა მისცა დამოუკიდებლობას.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რეფერენდუმი გაიმართა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩათვლით.
გამონაკლისი იყო მხოლოდ ორი რაიონი (ჯავისა და გუდაუთის), აგრეთვე, ქალაქი ტყვარჩელი.
ამ რეფერენდუმის გამართვა ზვიად გამსახურდიას უდიდესი ისტორიული დამსახურებაა, რადგან ამჟამად ქვეყნის მთლიანობის სხვა იურიდიული არგუმენტი თითქმის არც გაგვაჩნია.
შემთხვევითი არ არის, რომ 1991 წლის რეფერენდუმის შედეგი საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებელ დებულებად იქცა და ეს პუნქტი ძირითად კანონში მაშინ გაჩნდა, როდესაც სამოქალაქო ომის შედეგი ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი - 1995 წელს.
ამჟამად, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა „ეროვნული შერიგების“ პროცესის ბოლომდე მიყვანაა, - დასავიწყებელი არც ის არის, რომ გამსახურდიას მომხრეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნოემბრის რევოლუციაში.
არ არის შემთხვევითი, თუ მშვიდობიანი სვლა თბილისზე სწორედ წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ ოსტატურად მოახერხა ამ სოციალური ფენის ინტერესთა გამოხატვა მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად არც ერთი თვალსაზრისით არ მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენებში.
რამდენიმე კვირის წინ ქაშუეთში ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ ზვიად გამსახურდიას გვარდიის სარდალი ქობალია და რიგითი მებრძოლები.
თუმცა, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ შესრულებულა. როგორც ჩანს, ხელისუფლება შესაბამის მომენტს ელის, რათა შეწყალების ამ აქტმა დაპირისპირების გაღვივება არ გამოიწვიოს.
ალბათ, ესეც უკავშირდება ისევ და ისევ ზვიად გამსახურდიას დაბადების 65 წლის იუბილეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი იუბილე უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება. პატრიარქისა და პირველი პრეზიდენტის ქვრივის შეხვედრებიც საიუბილეო ღონისძიებათა განრიგს ეძღვნებოდა. იგულისხმება, რომ სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, საიუბილეო საღამო - ოპერისა და ბალეტის თეატრში, - ისევე, როგორც 5 წლის წინ.
რა თქმა უნდა, განსაზღვრულია „კოლხური კოშკის“ სრული რეკონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესიის აგება. ეკლესიის მშენებლობა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ოჯახის თანხმობით იგეგმება ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება გროზნოდან - საქართველოში.
საეჭვოა, რუსეთის ხელისუფლებამ უარი უთხრას საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს პირველივე თხოვნაზე.
ოჯახის თანხმობა სხვა რამდენიმე ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მათ შორის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე.
ამ საქმის არსებობა ალბათ უფრო მეტიცაა, ვიდრე ნონსენსი. გენერალურ პროკურატურაში საქმე ბოლო დრომდე არ იყო შეწყვეტილი!
თუ პრობლემა 31 მარტამდე გადაიჭრება, შეიძლება ერთდროულად გადაწყდეს როგორც გადმოსვენების, ასევე პოლიტპატიმართა გათავისუფლების საკითხები.
თუმცა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.