რატომ ითვლიდნენ სახელმწიფოს მტრებს ათასობით და როგორ ავლენდა მათ ლეგენდარული ჩეკისტი, ლავრენტი ბერია. გადაურჩენია თუ არა მას საფრთხეებისგან ქვეყანა, თუ მხოლოდ სისხლიანი დესპოტი იყო, რომელიც სიამოვნებას განიცდიდა ადამიანების განადგურებით? მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის დასადგენად არაერთ მკვლევარს აუღია ხელში კალამი, მაგრამ ბერიას პერსონა მაინც გაურკვეველი იყო, თემა კი ტაბუდადებული.
გასაიდუმლოებული იყო მისი დღიურებიც, თუმცა ისტორიკოს სერგეი კრემლიოვის მეცადინეობით, მოხერხდა არქივების გახსნა. მკითხველი თავად განსჯის, მით უფრო, რომ ნომერ პირველი ჩეკისტის პიროვნებასთან დაკავშირებულ კითხვებს, ამ შემთხვევაში, თავად ლავრენტი ბერია უპასუხებს. მის დღიურებს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ აღარ ამშვენებს.
1938 წლის 29 ივლისი
არასდროს ვიფიქრებდი, თუ დღიურების წერას შევუდგებოდი, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე. ბევრი სათქმელი დამიგროვდა, რასაც ვერავის ვეტყვი, ნინოსაც კი (ბერიას მეუღლე). მივიღე წერილი სტალინისგან. მთავაზობს მოსკოვში გადასვლას და ჩეკისტურ სამსახურში დაბრუნებას, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში, ეჟოვის მოადგილედ. ნიკოლოზი რთული კაცია, დიდი შეცდომები დაუშვა რეპრესიებთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა კომისარიატი და სამხედრო დაზვერვა დაბინძურებულია იაგოდასა და ტროცკის კადრებით. კობა მწერს, რომ პარტიული ხელმძღვანელობიდან, ერთადერთი ვარ, ვინც ჩეკისტური საქმე კარგად იცის და როცა წესრიგს დავამყარებ, თუ მოვინდომებ, შემიძლია უკან, სახლში დავბრუნდე.
საქართველოს ხელმძღვანელობა არ მინდოდა, მაგრამ კობა მენდო, ძალაუფლება მომცა და ისეთ პროგრესს მივაღწიე, ვერავინ შეძლებდა. როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა, მოწესრიგდა და ახლა ადექი და წადი ლავრენტი მოსკოვში შპიონების დასაჭერად... ასეა, ლავრენტი, არ შეგიცოდა კობამ, არ გაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას.
1938 წლის 29 აგვისტო
მორჩა, საქმე გადაწყვეტილია. პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგ ბერიას საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ. ველაპარაკე კობას, მითხრა, რომ ყველაფერი ჩემ ხელშია, ეჟოვთან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან საეჭვო კავშირებშია შემჩნეული. ნინო და სერგო (შვილი), ჯერჯერობით თბილისში დარჩებიან, ბავშვს სასწავლო წელს ვერ ჩავაგდებინებ, არადა გაიძახის: მეც მინდა მოსკოვშიო, ალბათ აინტერესებს, მე კი ვიცი, რომ თბილისი მალე მოენატრება. კარგი ახლა, ლავრენტი, ადექი. ფორმა ჩაიცვი, წინ ბევრი საქმე გელოდება.
არ მჯერა, რომ ამის მერე საქართველოში ყველაფერი ჩემ გარეშე გაკეთდება, თუმცა მჯერა, რომ ადამიანებს ვემახსოვრები. დარჩება ბერიას სახელობის სტადიონი, ბერიას სახელობის ინსტიტუტი, ბერიას სახელობის მოედანი... ასე, რომ, ამაზეც დიდი მადლობა.
1938 წლის 10 სექტემბერი
ვერთვები მოსკოვურ ცხოვრებას. ეჟოვი ცალი თვალით მიყურებს და ჩემგან თავი შორს უჭირავს, ფიქრობს, რომ თანამდებობას წავართმევ. მე გასაგებად ვუთხარი, რომ საქართველოს პირველი პირი ვიყავი და ეს დანიშვნა სულაც არ გამხარებია, არც მითხოვია, რომ მე თბილისში მერჩია მუშაობა, მაგრამ ბრძანებას დავემორჩილე. მაინც არ მიჯერებს, ვგრძნობ.
სერგეი კრემლიოვის კომენტარი: „დღიურის პირველივე ჩანაწერები, ისტორიის რეალურად დანახვის საშუალებას იძლევა. აქედან ჩანს, რომ ბერია მოსკოვში კარიერისტული მიზნებით არ წასულა. ამაში მთავარი როლი ეჟოვმა ითამაშა. 1938 წლის ზაფხულში სტალინი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ შინაგან საქმეთა კომისარიატში, სერიოზული დარღვევები იყო და ახალი კადრი იყო საჭირო, რომელიც სიტუაციას რადიკალურად შეცვლიდა“.
1938 წლის 21 სექტემბერი
ეჟოვს სტალინი სულ უფრო და უფრო ხშირად იძახებს, მე დროს არ ვკარგავ, ლუბიანკაზე ვზივარ, დოკუმენტაციას ვიკვლევ, დღე და ღამე ვმუშაობ, არ მძინავს. რაც უფრო ღრმად ჩავიხედე, ვრწმუნდები, რომ კობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ეჟოვს ენდო. ის არამზადაა. განსაკუთრებული ჩავარდნაა ცენტრალურ აპარატში, ყველგან დაჯგუფებებია, მემარჯვენეები, მემარცხენეები, მლიქვნელები, მედროვეები.
1938 წლის 8 ნოემბერი
მთელი ღამე კობასთან ვიჯექით, ვერავინ გაიგებს რაც ჩვენ მაშინ გადავიტანეთ, ეჟოვთან საქმის გარჩევას დიდი დრო დასჭირდა. მან თავიდანვე ისეთი პოზიცია დაიკავა, რომ შეთქმულებასთან კავშირი არ ჰქონია, საკუთარი ხელით დახვრეტს მოღალატეებს, რომ მის ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფი გამოეპარა და ასე შემდეგ. მოლოტოვი, კაგანოვიჩი, მალენკოვი არ გაჩერებულან, ერთმანეთს ასწრებდნენ, ისე ლანძღავდნენ ეჟოვს. სტალინმა დიდხანს ითმინა, მაგრამ ბოლოს აფეთქდა. ეჟოვს „პადლეცი“ უძახა და ხელითაც შეეხო.
8 ნოემბრის ჩანაწერი გასაკვირი არ არის, წინა დღეს 7 ნოემბრის აღლუმზე, დიდი ტერორისტული აქტი იყო დაგეგმილი. მავზოლეუმის ტრიბუნა უნდა აფეთქებულიყო, სადაც პოლიტბიუროს წევრები იდგნენ. მართალია ბერიას იდეალური მუშაობის შედეგად, რამდენიმე დღით ადრე დაკავებული იქნა ისრაელ დაგინი, სახელმწიფო უშიშროების პირველი განყოფილების უფროსი, რომელმაც სათანადო ჩვენებები მისცა, მაგრამ სტალინის ტრიბუნაზე ყოფნა მაინც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბელადი მაინც იდგა და აღლუმის მონაწილეებს ესალმებოდა.
1938 წლის 20 ნოემბერი
მოსკოვში ჩამოსვლამდეც ვიცოდი, რომ კობას არანორმალური სამუშაო რეჟიმი ჰქონდა. ღამის თათბირები ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვდა, როგორც ფიზიკურს, ისე გონებრივს. ეს კაცი ნამდვილი ღამურაა, თუმცა, არც დღისით იძინებს. შინსახკომში საქმეები ცუდად მიდის. ჩვენი ჩასვრილი ჩეკისტები მხოლოდ ძალაუფლების გამოყენებით არიან დაკავებული, ის კი არ იციან, რომ ეს ძალაუფლება მხოლოდ საქმისთვის აქვთ მიცემული და არა პირადი ცხოვრებისთვის. მანქანები ემსახურებათ, იარაღს ხელში დაიკავებენ და ჰგონიათ, რომ კობაზე ჭკვიანები არიან. მე ჯერჯერობით არაფერს ვამბობ, არც კობას ვეუბნები, მდგომარეობას ვსწავლობ, ვნახოთ.
1938 წლის 27 ნოემბერი
ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ მე თუ ვინმე სტალინზე ცუდის ლაპარაკს გამიბედავდა, ვერა. ეჟოვის სამინისტრო ისეა დანაგვიანებული, რომ ყოველ მეორეს სტალინის მოკვლა უნდა. არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ მის გადაყენებაზეა თანახმა. ამბობენ, შეცდომებს უშვებსო. შეცდომა ყველას მოსდის, როცა კობას ეშლება, ყველას ეკითხება და ისე ასწორებს მდგომარეობას.
1938 წლის 10 დეკემბერი
თბილისიდან ჩამოსულმა ამხანაგებმა მითხრეს, რომ ჩემი წამოსვლის მერე გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც საქართველოში დამყარებული ჩემი წესრიგი არ მოსწონს და მდგომარეობის არევა უნდა. სანდო და ნამდვილ, პატიოსან კადრებს ომი გამოუცხადეს. რამდენიმე მუშაკი დაუპატიმრებიათ. მოიცალე ლავრენტი და რამდენიმე დღით ჩადი თბილისში.
1938 წლის 20 დეკემბერი
მდგომარეობა სერიოზულია, მეგობრები მაწუხებენ, მეუბნებიან, რომ თუ დროზე არ ჩავალ საქართველოში, მერე შეიძლება, გვიან იყოს. ისედაც ვიცი, რომ ეს ხალხი არაფერ შუაშია და მე მითხრიან ძირს, მაგრამ აქ დღე და ღამე ვმუშაობ. რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვო. თან, მასალებიც ცოტა მაქვს, აქედან იქ ვერ მივწვდები. არადა, აქაც უნდა ვიყო და იქაც. მოიფიქრე, ლავრენტი, აქაც უნდა იყო და იქაც, ვნახოთ.
1938 წლის 26 დეკემბერი
რადაც არ უნდა დამიჯდეს თბილისში უნდა ჩავიდე, გადადება აღარ შეიძლება. იქ ისე მიდის საქმეები, მოსკოვამდეც მოვლენ. ნიკოლოზი (ეჟოვი) გრძნობს, რომ თუ არ მომიშორა, მაგის საქმე წასულია. ამ ყველაფერს კობას ვერ ვეტყვი, იმას საქმეები ისედაც ჰყოფნის. არა უშავს ისეთი მიზეზი მაქვს, რომ კობა თბილისში გამიშვებს. ჩემმა ნინომ მითხრა, რომ სერგოს ფილტვების ანთება გაურთულდა და საავადმყოფოში დაუწვენიათ. კობამ შეიძლება იაშკაც (იაკობ ჯუღაშვილი) გამომაყოლოს. ოჰ, ეს შვილები. აბა, შენ იცი, ლავრენტი, როგორ მოიქცევი სახლში.
გასაკვირი არ არის „პავლოვიჩისგან“, რომ მისი ჩანაწერები განსხვავდება ტიპური მემუარებისგან - დეტალურად არ ყვება კონკრეტული მოვლენების შესახებ, მაქსიმალურად ერიდება სახელებისა და გვარების დასახელებას. თუმცა, გასაკვირი ის იქნებოდა, ეს ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო.