სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო თათბირების ჩანაწერები!!!

სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო თათბირების ჩანაწერები!!!

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხანში, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" შესახებ ისეთი მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნება იგეგმება, რომ თავად ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წევრების არათუ პოლიტიკურ საქმიანობას დაესმება წერტილი, არამედ მათი კონკრეტული დანაშაულებისთვის გასამართლებას თავად დასავლეთი მოითხოვს, მოითხოვენ ის ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც დღემდე სააკაშვილის მხარდამჭერებად ითვლებიან. ეს იქნება გზავნილი იმ ევროდეპუტატებისა და კონგრესმენებისა თუ სენატორებისთვისაც, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს. წყარო აცხადებს, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად იყო იმ გახმაურებული დანაშაულების ჩამდენი, რასაც მის ხელისუფლებას დიდი ხანია, აბრალებენ, რიგ შემთხვევაში კი, თავად მონაწილეობდა ამ დანაშაულთა ჩაფარცხვის საქმეში. მისივე თქმით, საზოგადოება ბევრი ისეთი დანაშაულის შესახებაც შეიტყობს, რომელზეც დღეს წარმოდგენაც კი არ აქვს.

წყაროს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, მალე გამოაქვეყნებს ამ აუდიოჩანაწერებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2004 წლიდან კეთდებოდა. "მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ამერიკის დახმარებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას კონტროლირებადი მთავრობა ჰყავდა საქართველოში, სააკაშვილს ბოლომდე არ ენდობოდნენ. ამიტომ, მათ მოახერხეს აგენტის ჩანერგვა მის გარემოცვაში, რომელმაც შეძლო და სააკაშვილის ყველა იმ კაბინეტში, სადაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხები წყდებოდა, მოსასმენი დაამონტაჟა. ჩანაწერები იგზავნებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამერიკის ხელისუფლება ხომ ისედაც იღებდა ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროებიდან საქართველოს ხელისუფალთა საქმიანობის შესახებ, თუმცა, ამას არ დასჯერდნენ და იმ თათბირების დეტალებიც კი იცოდნენ, რომლებიც პრეზიდენტსა და მის ვიწრო გარემოცვას შორის იმართებოდა. რაც შეეხება თავად მოსასმენ აპარატურას, მას აპარატურას ვერც ვუწოდებთ. ეს არის ნანოტექნოლოგიებით დამზადებული ულტრათანამედროვე მოსასმენი საშუალება, რომელიც ძალიან მცირე ზომისაა, დამზადებულია ისეთი მასალით, რომ მისი აღმოჩენა, მეტალოდეტექტორებითა და სხვა აღმომჩენი საშუალებებით, შეუძლებელია. ამგვარი ფარული მოსასმენი საშუალებები, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვთ და მათ შორის, ამერიკელებს". - აცხადებს წყარო.

წყარო არ აკონკრეტებს, ვინ არის ის ყოფილი მოხელე, ვისაც ჩანაწერების ასლები აქვს, ან სად იმყოფება ამჟამად. წყარო არც იმას აკონკრეტებს, ეს ის ადამიანია თუ არა, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტის გარემოცვაში ჩანერგეს, თუ მას აგენტმა გადასცა ჩანაწერის ასლები.

აშშ-ს ადმინისტრაციას რომ ეს ჩანაწერები ექნება, ცხადია, მაგრამ კიდევ ვის ხელში შეიძლება აღმოჩენილიყო და რა გზით? ჩანაწერების ავტორს, ანუ ჩანერგილ აგენტს, შეეძლო აშშ-ში გაგზავნამდე ასლები გაეკეთებინა და შემდეგ ან გაეყიდა, ან ვინმესთვის ეჩუქებინა პირადი მოტივებით, ან ვინმეს ამ აგენტისგან მოეპარა ეს ასლები, ან დაეკოპირებინა.

ახლა განვიხილოთ, ვის შეიძლება აწყობდეს ამ ასლების გავრცელება?

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, "ნაციონალებს". ამ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, თითქოს ზიანდება "ნაციონალების" ლიდერი და მთელი გუნდი, მაგრამ, მეორე მხრივ, პიარისთვის ურიგო თემა არ იქნება. ჯერ ერთი, იტყვიან, რომ ეს არის ფალსიფიკაცია და "მთავარი ოპოზიციური ძალის" დისკრედიტაციას ცდილობს ხელისუფლება. ჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი ჩანაწერიც რომ დაუდო, მაინც ექნებათ სათქმელი, რომ არასახელმწიფოებრივად იქცევიან სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის საიდუმლო თათბირების გამოქვეყნებით და შეიძლება ისიც გაიხსენონ, ღარიბაშვილის გარემოცვა პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებზე დაჟინებით რომ მოითხოვდა "საიდუმლო" გრიფის მოხსნას, მარგველაშვილმა ეს კანონის სრული დაცვით გააკეთაო. შეუძლიათ ჩანაწერების გავრცელება სააკაშვილის გავრცელებულ 7-პუნქტიან სამოქმედო გეგმასაც მიაბან, სადაც ის შეცდომებს აღიარებს. იტყვიან, ხელისუფლებას, რომელმაც დაპირებები ვერ შეუსრულა ხალხს, ეშინია, "ნაციონალების" მხარდამჭერებად არ იქცნენო და ა.შ. "ნაციონალების" ფანტაზია პიარის კუთხით, უსაზღვროა.

წესით, "ოცნებას" ამ ჩანაწერების გავრცელება არაფერს არ აძლევს, რადგან სააკაშვილის დასავლელმა მფარველებმა და საქართველოს მოსახლეობამ ისედაც ყველაფერი იცის, მაგრამ სააკაშვილის პროგრამასთან მიმართებაში შეიძლება მართლაც აწყობდეს, ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებენ "ნაციონალების" და პირადად ექსპრეზიდენტის იმ დანაშაულებს, რომლებმაც არაერთო ადამიანი იმსხვერპლა და უამრავი ოჯახი გააუბედურა.

წყაროს ინფორმაციით, მან დანამდვილებით ის იცის, რომ ამგვარი ჩანაწერები ნამდვილად კეთდებოდა სახელმწიფო კანცელარიაში მდებარე სააკაშვილის კაბინეტში, შემდეგ კი ავლაბრის, შავნაბადისა და ბობოყვათის რეზიდენციებში. მისი თქმით, მან თავად მოისმინა მხოლოდ რამდენიმე ისეთი ჩანაწერი, რომლებიც ცალსახად ამტკიცებს სააკაშვილისა და მისი გარემოცვის - მინისტრების, დეპუტატების, მრჩევლების, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების, შსს-ს  სპეცსამსახურების უფროსების არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულს.

ახლა კი იმ ფაქტების მხოლოდ ნაწილის შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც, "ალიას" წყაროს ინფორმაციით, საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. მისი თქმით, ჩანაწერები მოიცავს 2004-2013 წლებს - მიხეილ სააკაშვილის ორი ვადით პრეზიდენტობის სრულ პერიოდს. ერთ-ერთი ჩანაწერი 2007 წლის 7 ნოემბრით თარიღდება. ეს ჩანაწერი შავნაბადას რეზიდენციაშია გაკეთებული. ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, ეს ის თათბირია, რომელზეც გადაწყდა ტელეკომპანია "იმედის" დარბევა. დარბევის შესახებ ბრძანება გასცა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი მას ოპოზიციაში გადასვლით დაემუქრნენ, თუ სასწრაფოდ არ გაგზავნიდა სპეცრაზმს "იმედის" დასარბევად. ამ თათბირს, მათ გარდა, ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა და ბაჩო ახალაიები, ამირან მესხელი, ერეკლე კოდუა, კახა ლომაია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გელა ბეჟუაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი და დეპუტატი. წყაროს თქმით, ჩანაწერში გარკვევით ისმის მთელი თათბირის მიმდინარეობა, მათ შორის სააკაშვილის სატელეფონო საუბრები ამერიკელ სენატორებთან, ჯონ მაკკეინთან და აწ გარდაცვლილ რიჩარდ ჰოლბრუკთან. მათ სააკაშვილს "იმედის" დარბევის ნებართვა მისცეს და იმასაც შეჰპირდნენ, რომ დასავლეთში ამ საქმესთან დაკავშირებით პრობლემებს თავად მოუგვარებდნენ. სენატორებმა ისიც უთხრეს სააკაშვილს, რომ ამ ყველაფრის თაობაზე გარანტიები, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან, დიკ ჩეინისგან უკვე ჰქონდათ მიღებული.

ერთ-ერთი ჩანაწერი არის ისევ შავნაბადაზე ჩატარებული თათბირი და ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების გადარჩენას შეეხება. ჩანაწერი 2006 წლის 2 მარტს ყოფილა გაკეთებული. ამ თათბირს ესწრებიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია. სააკაშვილი მერაბიშვილსა და დათა ახალაიას ეუბნება, რომ მან არაერთი კონსულტაცია გაიარა, მათ შორის, უცხოელებთან და სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, რომ გირგვლიანის მკვლელობის გამო, ციხეში უნდა ჩაჯდნენ კუდ-ის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პროცესებში - ოლეგ მელნიკოვი, გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე, ხოლო თანამდებობები ფორმალურად უნდა დატოვონ დათა ახალაიამ, შსს-ს გენინსპექციის უფროსმა, ვასილ სანოძემ და გურამ დონაძემ. იქვე, სააკაშვილი უშუალოდ მერაბიშვილსა და დათა ახალაიას ავალებს, რომ ოთხეულს გარანტიებს აძლევს, ისინი მცირე სასჯელს მიიღებენ, ციხეში განსაკუთრებული პირობები ექნებათ და მათი ოჯახის წევრების მატერიალურ მდგომარეობაზეც იზრუნებენ. რატომღაც, ოლეგ მელნიკოვი დასაპატიმრებელთა სიიდან ამოვარდა. ის კუდ-ს უფროსის მოადგილის პოსტიდან მოხსნეს და უკრაინაში გაუშვეს.

ერთი ჩანაწერი 2007 წლის 16 მარტს არის გაკეთებული და ისიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ეხება. პრეზიდენტთან ამ თათბირს, ისევ ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია და ზურაბ ადეიშვილი ესწრებიან. სააკაშვილი სამივეს აძლევს დავალებას, რომ როგორმე გაანეიტრალონ  სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე და ამისთვის არაფერი დაიშურონ.

ჩანაწერებში 2011 წლის 26 მაისის ამბებიც ფიგურირებს. წყაროს ინფორმაციით, თათბირი უკვე აქციის დარბევის შემდეგ, ღამის 4 საათზე გაიმართა და მას ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია ესწრებიან. ამ დროისთვის ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია, რომ აქციამ უმსხვერპლოდ არ ჩაიარა და 2 ადამიანი დაიღუპა (შეგახსენებთ, რომ 26 მაისის ღამეს, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ, რომლებიც მეტრო "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე მაღაზიის სახურავზე იპოვეს). სააკაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ნინო ბურჯანაძესთან ჩანერგილი რომელიმე აგენტი იტყვის, რომ ბურჯანაძესა და აქციის სხვა ორგანიზატორებს, წინასწარ ჰქონდათ განზრახული ამ ხალხის დახოცვა და ამის ხელისუფლებისთვის გადაბრალება. ამ დროს ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში გია უჩავა გამოდგება, იმას ვათქმევინებ, რომ ეს მკვლელობა ბურჯანაძემ და ბადრი ბიწაძემ დაგეგმესო. მერაბიშვილის იდეა ზურაბ ადეიშვილმა დაიწუნა, - მაგას არავინ ჭამს, რომ მიტინგის ორგანიზატორებმა დახოცეს ეს ხალხი, სპეცრაზმელები მართლა ველურებივით იქცეოდნენ და ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ, დავიცადოთ, გათენდეს, ვნახოთ, დასავლეთს რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე და მერე გადავწყვიტოთ ამ ორი გვამის ამბავიო. სხვათა შორის, ასეც მოხდა - ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები, მეორე დღეს, 27 მაისს, მოგვიანებით "იპოვეს" სახურავზე და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცხედრებს შემთხვევით წააწყდა პოლიცია, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებდა. ეტყობა, ეს ვერსია, რომ ვითომ ორივე სახურავზე გამავალ სადენებს შეეხო და მათ დენმა დაარტყა, ამ თათბირის შემდეგ მოიფიქრეს. ამ ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანის მკვლელობის ჩაფარცხვაში.

ერთი ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმას ეძღვნება. მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ეთათბირება, როგორ უნდა მოკლან ივანიშვილი. სააკაშვილის გეგმის მიხედვით, სამთავრობო დაცვამ უნდა გაანეიტრალოს ივანიშვილის დაცვა მისავე შუშის სახლში, სამთავრობო დაცვაში შერეული კუდ-ის აგენტები მოახდენენ პროვოკაციას, გაისვრიან იარაღიდან, რასაც ივანიშვილის დაცვის მხრიდან მოჰყვება სროლა და ამ ორმხრივ სროლაში, მოკლავენ ივანიშვილს. ვანო მერაბიშვილი არ ეთანხმება სააკაშვილის ამ გეგმას და მას მეტად რისკიანს უწოდებს. გაღიზიანებული სააკაშვილი მერაბიშვილს კაბინეტიდან ითხოვს. სააკაშვილი რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამის შესახებ ადრე "კვირის ქრონიკაც" წერდა. მაშინ "ქრონიკა" სააკაშვილისა და მერაბიშვილის თათბირის შესახებაც მოუთხრობდა მკითხველს და იმასაც აღნიშნავდა, რომ მერაბიშვილმა ვერ გარისკა ივანიშვილის ლიკვიდაციაში მონაწილეობა და მერე, ეს საქმე, სააკაშვილმა დათა ახალაიას დაავალა. თუმცა, მერე ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლების მაღალმა წარმომადგენლებმა, სააკაშვილს ამ გიჟური გეგმის განხორციელებაზე ხელი ააღებინეს. ისე, ამ ჩანაწერებში დათა ახალაია არაერთხელ ფიგურირებს. ეს ის დათა ახალაიაა, რომელზეც მიშამ ერთხელ განაცხადა, სულ ორჯერ მყავს ნანახიო. ეს ჩანაწერი 2011 წლის 11 ოქტომბერს არის გაკეთებული, ზუსტად იმ დღეს, როცა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის მოსაშორებლად.

ერთი ჩანაწერი 2013 წლის აპრილშია გაკეთებული. სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ხვდება გიგი უგულავას. ამ ორკაციან თათბირზე განიხილავენ ოფშორული საბანკო ანგარიშებიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის სქემებსა და სხვა საშუალებებს. გიგი უგულავას სააკაშვილი ეუბნება გვარებს კონკრეტული ბიზნესმენებისა, რომლებიც პირადად მისგან ძალიან არიან დავალებულები და რომელთაც ევროპაში ბიზნესი აქვთ. უგულავას ავალებს, ნახოს ეს ბიზნესმენები და მოაგვაროს საქმე, შემდეგ კი ეს თანხები, იმავე ბიზნესმენების საქართველოში ახლად დარეგისტრირებული ფირმების  ანგარიშებზე ჩაირიცხოს. შემდეგ, ეს ფული "ნაცმოძრაობის" ლიდერთა ხელში მოხვდება, ნაღდი ფულით თუ გადარიცხვით, წყაროს თქმით, ამაზე ჩანაწერში საუბარი აღარ არის. საზოგადოება, ალბათ, მალე შეიტყობს იმ ქართველი ბიზნესმენების ვინაობას, რომლებიც "ნაცმოძრაობის" "შავი ფულის" გათეთრებით იყვნენ დაკავებულნი და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ასცდებათ. თუ წყაროს დავუჯერებთ, მათით ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან. რატომ აქამდე ვერ მიხვდნენ ევროპის ქვეყნების სამართალდამცავები, რომ კონკრეტული ქართველი ბიზნესმენები "შავ ფულს" მათ ქვეყანაში ათეთრებდნენ? ამ კითხვაზე წყარო აცხადებს, რომ ფულის გათეთრების სქემების გახსნა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს მაშინ, როცა კონკრეტული კომპანია უკვე წლებია მუშაობს და მსგავს დანაშაულში კი არა, უმნიშვნელო გადაცდომაშიც კი არ ყოფილა ეჭვმიტანილი.

წყაროს ინფორმაციით, ეს აუდიოჩანაწერები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. საზოგადოება ამ ჩანაწერებიდან, ასევე, შეიტყობს "მუხროვანის ამბოხში" უშუალოდ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას, როგორ ცდილობდა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის განეიტრალებას და პატარკაციშვილის გუნდიდან, ვინ თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, რომელი ცალკეული ოპოზიციონერები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ჰყავდა გადაბირებული სააკაშვილს და ვის რამდენს უხდიდა. ამ უკანასკნელის შესახებ, წყაროს ინფორმაციით, საუბარია ჩანაწერზე სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის. რამდენიმე ჩანაწერი ყოფილა იმის შესახებ, როგორ იგეგმება ბიძინა ივანიშვილის გაკოტრების სქემა, მისი პოლიტიკური გარემოცვის დევნა და სხვა, ათასი უბედურება. ცნობილი გახდება, ასევე, "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი რამდენიმე აგენტის ვინაობა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და ამ პარტიის საიდუმლო გეგმებს აწვდიდნენ ხელისუფლებას. ზოგიერთ მათგანს  დღეს ამ კოალიციაში სოლიდური პოზიცია უკავია.

წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ალია" უსაფრთხოების ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:

"ამერიკელები მიხეილ სააკაშვილს რომ აკონტროლებდნენ, ეს არავისთვის ახალი არ არის. მე ვიცი, რომ მას არ ენდობოდნენ ამერიკის ხელისუფლების გარკვეული წრეები და სრულიად რეალურად და დასაშვებად მიმაჩნია ის ამბავი, რომ მის გარემოცვაში აგენტიც ჰყავდათ ჩანერგილი. მეთიუ ბრაიზა და სხვებიც, თვლიდნენ, რომ სააკაშვილი იყო არაპროგნოზირებადი ადამიანი და ბუნებრივია, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაგზავნიდნენ ინფორმაციებს. რეალური და შესაძლებელია, რომ მის კაბინეტებში იყო დამონტაჟებული მოსასმენი საშუალებები და ამ გზით, ამერიკის ხელისუფლება უტყუარ ინფორმაციას იღებდა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ, მათ გეგმებზე. სააკაშვილს ჰყავდა ამერიკელი მრჩეველი, დენიელ კუნინი, მისგან და სხვა წყაროებისგან თეთრი სახლის ადმინისტრაცია სააკაშვილისა და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, საჭირო ინფორმაციას მიიღებდა, ეს ცხადია, მაგრამ ფარული გზით მოპოვებულ ინფორმაციას, თანაც უშუალოდ პრეზიდენტის კაბინეტიდან, სულ სხვა ფასი აქვს, ეს თუ ვინმემ იცის კარგად, უპირველესად, ამერიკელებმა. ეს უკვე უტყუარი, ეჭვმიუტანელი ინფორმაციაა, რომელსაც გადამოწმებაც არ სჭირდება. თუ ვინმე იკითხავს, რომ პრეზიდენტის ჩაწერა შეუძლებელია, რადგან მას დაცვის განსაკუთრებული ღონისძიებებით იცავენ, მათ შევახსენებ უკრაინის ექსპრეზიდენტს, ლეონიდ კუჩმას. კუჩმა პრეზიდენტი იყო, როცა მისივე დაცვის უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი მელნიჩენკომ ჩაწერა. ამ ჩანაწერში კუჩმა უბრძანებს შს მინისტრს, იური კრავჩენკოს, რომ მოკლან ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე. ეს აუდიოჩანაწერი იქცა კუჩმას წინააღმდეგ მთავარ სამხილად. დაუკვირდით, კუჩმა საკუთარი დაცვის უფროსის მოადგილემ ჩაწერა და რა გარანტია არსებობს, რომ ამ საქმეში სააკაშვილის პირადი დაცვის რომელიმე წევრის ხელი არ ერიოს? მათ ნებისმიერი მოსასმენის დაყენება შეეძლოთ პრეზიდენტის კაბინეტშიც კი. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა იმდენად მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადია, რომ არაფერი მიკვირს, არც ის, თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი ჩანაწერები გასაჯაროვდება და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ ჩამოწერეს ამერიკელებმა და კუჩმა მონაგონი იქნება, მას ისეთი დღე დაადგება".

თუ ეს აუდიოჩანაწერები მართლა გამოქვეყნდა, ცხადია, მაშინვე დაიწყება საუბარი, რომ გაყალბებულია, ხმებია დადებული და ა.შ. "ნაციონალები" აქტიურად იმუშავებენ, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციად გაასაღონ და საამისოდ, ყველა რესურსს გამოიყენებენ. თუმცა, რეალობის დამტკიცება ძალიან იოლია - საექსპერტო სამსახური ადვილად დაადგენს ჩანაწერების ავთენტურობას და ამას არც დიდი დრო დასჭირდება.