2007 წლის 5 თუ 6 ნოემბერს გივი თარგამაძემ თქვა, ხელი არავის წაგიცდეთ, თორემ ყველას სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებოო. მას შემდეგ მოდის და მოგორავს რევოლუცია, მაგრამ ვერ მოვიდა. მას შემდეგ ოპოზიცია გვიცხადებს, უკვე წკიპზეა ყველაფერი მისული, ცოტა ხანი კიდევ ვიაროთ აქციებზე და სააკაშვილი წავა, ფაქტობრივად უკვე წასულიაო. ზოგს სჯერა, ზოგი კი ამბობს, „გადადექი"–ს ძახილით ვინ წასულა, რომ სააკაშვილი წავიდესო. ხელისუფლება აცხადებს, ქვეყანაში რევოლუციის სუნი ტრიალებს, მაგრამ ამ ხალხს ქვეყნის დარდი არ აქვთ, სკამები უნდათ, მათი აქციები კრემლიდან იმართება - ოპოზიციის და კრემლის განცხადებები ერთი–ერთზე ემთხვევა ერთმანეთსო. ამ ლოგიკით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსების აგენტი გამოდის.
ოპოზიციას სკამები უნდაო. თითქოს 6 წლის წინ სხვანაირად იყო და რევოლუცია რომ მოახდინეს ვარდოსნებმა, მერე სკამები სხვებს დაუთმეს, მოდით და ქვეყანა თქვენ მართეთო.
ახლა პრეზიდენტი ოპოზიციას მინისტრების მოადგილეებად და სხვადასხვა თანამდებობებზე ეპატიჟება - სულ მე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი, სანამ ვარ, რაღაც ისწავლეთ, მერე თქვენ რომ მოხვალთ, უკვე გეცოდინებათ ქვეყნის მართვა, მე თქვენსავით კი არ ვიყავი, გამოცდილება მქონდა, მოკლედ, ძალიან მაგარი ვარ და დამიჯერეთო.
ჩვენს პრეზიდენტს ის არ ახსოვს, რევოლუციის შემდეგ დროშის ტარის დამჭერი და პარლამენტის მაგიდებზე მოხტუნავე გოგო–ბიჭებით რომ გაავსო ხელისუფლება, „ღიპიან პოლიციელებს" ყველა სტრუქტურიდან კვალიფიციური კადრები რომ მიაყოლა და 30 წლის ზემოთ სამსახურში არავის აჭაჭანებდა, საბჭოთა მენტალიტეტი უნდა მოვსპოო, კმარელებით და სოროსელებით რომ გაავსო განათლება, ჯანდაცვა, სასამართლოები, პროკურატურა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გოგო–ბიჭებმა თავიანთი არცოდნით და სულსწრაფობით ქვეყანა კინაღამ დააქციეს. როგორც ოპოზიცია იტყოდა, ბავშვებმა სახლობანა ითამაშეს, მერე მეტი მოუვიდათ, ხალხმაც ვერ აიტანა და 2007 წლიდან უკვე პროცესები არაერთხელ ნანახ წრეზე წავიდა.
უმრავლესობასთან ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა თქვა, ოპოზიციისთვის აგენტების დაძახება როდის მიკადრებიაო. 2007 წლის 7 ნოემბერს ოთხი ოპოზიციონერი „აგენტი" რომ გამოავლინეს და მაშინდელმა გენერალური პროკურორის მოადგილემ შალვა ნათელაშვილს ზარ–ზეიმით სამშობლოს ღალატის და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა, აბა, ის რაღა იყო?!
დამოუკიდებელ საქართველოში აგენტების და მოსალოდნელი რევოლუციების თემა გაუცვეთელია. შევარდნაძეს და კარგა ხანს სააკაშვილსაც ბუად უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ჰყავდათ წარმოსახული. იძახეს, იგორა მოდის, იგორა მოდისო და რომ არ მოვიდა, გიორგაძის ხატებამ ფერი დაკარგა. ორი წლის წინ ბადრი პატარკაციშვილი გახდა ახალი ბუა, რომელიც, ხელისუფლების ვერსიით, რუსეთის ხელშეწყობით და „აგენტი" ოპოზიციონერების დახმარებით აპირებდა გაპრეზიდენტებას. მაშინ ოპოზიციისადმი ძირითადი კომპრომატი პატარკაციშვილის ფული იყო. ოპოზიცია ამას წამოეგო და სათითაოდ დაიფიცეს, ბადრის კაპიკი არ გვინახავს და საერთოდ მასთან რა კავშირი გვაქვსო. მაგრამ ვარდოსნებიც რომ ბადრის ფულებით მოდიოდნენ?! ასეა, რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება მარსს!
საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნების კონტრრევოლუციის შიში უფრო და უფრო უმძაფრდება ხელისუფლებას ან ჩვენ გვაშინებს. ყველა შევარდნაძის მაღალჩინოსანი, რომელიც თავის დროზე ხალხში ძალიან არაპოპულარული იყო, ხელისუფლებამ ამ სცენარში ჩასვა. ჯერ ლევან პირველზე გაკეთდა აქცენტი, მერე ასლან აბაშიძეზე, მერე ვიღაც კრიმინალი მილიონერი ებრალიძე გამოაჩინა სახელისუფლებო მედიამ.
ახლა მსოფლიოში ცნობილმა რევოლუციონერმა გივი თარგამაძემ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ უნდა მოეწყო ფერადი რევოლუციები, დარწმუნებით გვითხრა, ლევან მამალაძე და კახა თარგამაძე გზავნიან საქართველოში ფულსო. რაკი გზავნიან, მიმღებიც უნდა იყოს. ერთადერთი ვერსია, რომელიც ხმამაღლა გაჟღერდა, ნინო ბურჯანაძეა. გიორგი გაბაშვილმა თქვა, ბურჯანაძე საეჭვო წარმოშობის ფულით ქმნის პოლიტიკურ ამინდსო. ბურჯანაძემ განაცხადა, თუ რამე იცით, დამიჭირეთო. რაკი არ დაიჭირეს, გაბაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.
მუხროვანის ამბოხი რომ ოპოზიციას მიებმებოდა, ამაზე თავიდანვე იყო ეჭვი. კონსერვატორებმა განაცხადეს, ამ ვითომ ამბოხისთვის დაჭერილებზე ციხეში სერიოზული ზეწოლაა, სცემენ და აიძულებენ, თქვან, რომ ამბოხი რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა და რუსეთში მოღვაწე ქართველებისგან ფინანსდებოდაო.
როცა მთელი ოპოზიცია უარყოფს, რა ფული, რის ფულიო, ევროპიდან დაბრუნებულმა ლევან გაჩეჩილაძემ პირდაპირ მიტინგზე განაცხადა, ევროპაში ფულის საშოვნელად ვიყავი წასული, რამდენიმე დღეში ოპოზიციას ფული მოუვა და მომავალი გეგმები გადაწყდება, გამარჯვებისთვის ფული აუცილებელიაო. ამ განცხადებამ ოპოზიცია გარინდებული დატოვა, არ ვიცით, ლევანი რა ფულზე ლაპარაკობსო. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ მოითხოვა, დააკონკრეტოს, ვისგან და რატომ მოდის ფული, ანუ ვინ უკვეთავს მუსიკასო.
ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე, ლევან პირველი და ასლან აბაშიძე კრავები რომ არ არიან, ყველას კარგად ახსოვს. ხელისუფლებაში ყოფნისას დიდი ფული იშოვეს, როცა მთელი ქვეყანა გაჭირვებაში იყო, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ათასნაირი ეგზოტიკური გართობით იქცევდნენ თავს. მაშინ სხვა ბევრიც ცხოვრობდა ჩვენს ხარჯზე კარგად. ეს ის ხალხია, ვისთანაც შევარდნაძის მეორე გუნდს, ე.წ. რეფორმატორებს, მძაფრი, პირად მტრობამდე მისული დაპირისპირება ჰქონდათ.
2003 წლის არჩევნების წინ ბოლნისში ჩასულ სააკაშვილს ქვემო ქართლის ფაშად წოდებული მამალაძის დავალებით დააყარეს ქვები. მერე მამალაძე საქართველოდან აბაშიძის დახმარებით გაიქცა. მას აჭარის ლომიც მიჰყვა. რევოლუცია დამთავრებული არ იყო, როცა ვენაში ლევან პირველიც გაფრინდა. „რკინის კაც" კახა თარგამაძეს ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა ძვრა ვერ უყო, სანამ "რუსთავი 2"-ში უშიშროების სკანდალური შესვლის შემდეგ ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან არ გადადგა და თარგამაძეც თან არ გადაიყოლა.
ფაქტია, რომ ამ ხალხს სააკაშვილის ხელისუფლება არ ეყვარება. შეიძლება მის დამხობაზეც ფიქრობენ და ამისთვის ფულსაც არ ინანებენ, მაგრამ საამისოდ განცხადებები საკმარისი არაა. ფაქტებია საჭირო, დამაჯერებელი ფაქტები და არა - ისეთი ფარული ჩანაწერების კოლაჟი, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ რომ შექმნა „რეჟისორმა" ნიკა გვარამიამ. გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ მოკლე ხანში ოპოზიციის მიმართ სერიოზული დაჭერები და დარბევები დაიწყება. ვნახოთ, როგორი დასასრული ექნება ამ ფილმს და ვინ იქნება მისი ავტორი.