ჯანსუღ ჩარკვიანი - „რატომ გინდათ ჩემი ლექსების სასკოლო პროგრამიდან ამოღება?“

ჯანსუღ ჩარკვიანი - „რატომ გინდათ ჩემი ლექსების სასკოლო პროგრამიდან ამოღება?“

ჯანსუღ ჩარკვიანი:

„როდესაც გამოვდივარ და ვამბობ, რომ საქართველოში მძვინვარებს დიქტატურა, ამას თავად დიქტატორის დამქაშები ბოლომდე ამტკიცებენ და ამჟღავნებენ.

აი, დღეს გამოვიდა ვინმე რცხილაძე. ის ვინმეა ჩემთვის, რადგან არ ვიცი... მისი ღვაწლი, შეიძლება დაუფასებელია, მაგრამ მე არ ვიცნობ ასეთ პიროვნებას დამსახურების მიხედვით.

გამოვიდა და თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგთა სახელით მოუწოდა ხალხს, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები სასკოლო პროგრამებიდან ამოვიღოთო. ეს არის თუ არა დამტკიცება იმისა, რომ საქართველოში არის დიქტატურა? რა რცხილაძისა და ერთი სკოლის პედაგოგთა საქმეა ჩემი ლექსების ამოღება? რცხილაძეს და იმ პედაგოგებს არ შეუტანიათ პროგრამაში ჩემი ლექსები, ეტყობა, ჩემი ლექსები ვინც შეიტანა სასკოლო პროგრამაში, ისევ უნდა იმან გამოიტანოს.

თუ ღალატზეა საქმე. რცხილაძის დონემდე მე საქართველოს ვერასოდეს ვერ შევიყვარებ. მისი საქართველო სულ სხვა საქართველოა. ჩემი საქართველო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის საქართველოა. ხოლო რცხილაძის საქართველო არის ზვიად გამსახურდიას საქართველო.

მე ათასგზის მირჩევნია კონსტანტინე გამსახურდიას საქართველო, ვიდრე ზვიად გამსახურდიას საქართველო. ბატონი ზვიადი ამას ვერ ხვდება, თორემ სულ სხვაა კონსტანტინე გამსახურდიას საქართველო და სხვა არის ზვიად გამსახურდიას საქართველო. მე მაქვს იმის უფლება, რომ არ მომწონდეს ზვიად გამსახურდიას საქართველო, ისე, როგორც მას აქვს უფლება არ მოსწონდეს მე რომ მიყვარს ის საქართველო.

აი, კურდღლის მსგავსმა ლომებმა, რომ მე არაფრის არ მეშინია. ეშინია იმას, ვისაც სურვილი აქვს მეორე კაცი მოკლას. მშიშარა კაცია მკვლელი. ჩვენ ხომ მკვლელები არა ვართ. ვართ ინტელიგენცია. ჩვენ მომავლის ხალხი ვართ. მე პოეტი კაცი ვარ, რაც არ მომწონს იმას ვამბობ, რაც მომწონს, იმასაც ვამბობ.“