გაგა გაჩეჩილაძის დაჭრისა და ევროპაში მოგზაურობის დეტალებზე თავად მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საუბრობს.
თქვენი შვილის დაჭრის ამბავს რას უკავშირებთ?
- მართალია, ბევრი ვიდარდე გაგას ამბავზე, მაგრამ თავიდან ჩემი შვილის საქმეს პოლიტიკური დატვირთვა შეგნებულად არ მივეცი, რადგან, როცა გაურკვეველია, ვინ იმეტებს შენს შვილს მოსაკლავად, ვიფიქრე, ჩამოვალ და გავერკვევი–თქო. ახლა კი ტელეკომპანია "იმედში" გაჩნდა ვერსია და თურმე გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ჩემმა შვილმა თავი დაიჭრა. ჩემი ინფორმაციით, ჩხუბი დაახლოებით 50 წლის კაცებთან მოხდა, ისინი ასაკოვანი ადამიანები იყვნენ და არანაირად არ ყოფილან ჩემი შვილის თაობისანი. რუსთაველზე როცა ბავშვებს დაერეოდნენ, ამ ყველაფერს კამერები აფიქსირებდა. ხოლო ამ ინცინდენტის ადგილას რამდენიმე ვიდეოკამერა აყენია, შესაბამისად, ყველაფერს ხედავდნენ, ამიტომ ერთ საათში შეეძლოთ დაედგინათ, ჩემი ოჯახი ვინ გაიმეტა.
თუმცა, ეჭვი მაქვს, ესენი არიან სპეცრაზმელები, "ნაცმოძრაობასთან" მყოფი ადამიანები. ისინი რომ გაწირონ, უსამართლოდ ნაგები ხუხულა დაენგრევათ. ახლა გამოდის, თითქოს საკუთარი თავი თვითონვე დაიჭრა გაგამ. თუ ასე უნამუსოდ გაგრძელდება ეს ამბავი, ამას აუცილებლად დაედება პოლიტიკური სარჩული და მთელი მსოფლიოს გასაგებად ვიტყვი, რომ სააკაშვილმა ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.
თქვენი ძმა 14–15 ივლისს აპირებდა ჩამოსვლას. რატომ არ ჩანს?
– გიას კისტა ჰქონია, უნდა ამოჭრან, ამიტომ ორშაბათს ოპერაციას გაუკეთებენ ჩეხეთში. ისე, პატრიარქის მონახულებასაც გეგმავდა, მოგეხსენებათ, უწმინდესიც ევროპაშია სამკურნალოდ წასული.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?
– ევროპაში სერიოზული შეხვედრები მქონდა, ერთგან საინტერესო შეკითხვა დამისვეს, შესაძლებელია თუ არა, ოპოზიციამ მოხსნას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაო? ვუთხარი, თუ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაქუცმაცდება და ადამიანის უფლებები არ გაითელება, მე საერთოდ წავალ პოლიტიკიდან–თქო. ხოლო, თუ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიღებთ პასუხისმგებლობას, ესაა სააკაშვილის უპირობო გადადგომა.
სხვათა შორის, ბევრ რამეში გვეთანხმებიან, მათ შორის იმაზეც, რომ სწორი ფასეულობების ირგვლივ ვართ გაერთიანებულნი და ისიც კარგად იციან, რომ არ ვართ რუსეთის აგენტები. ამიტომ 22–ში თავისუფლების მოედანზე უნდა ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ ჩვენი სამშობლო ქართველი ხალხის ხელშია. თუნდაც დამაბრალონ, რომ ხალხს ბაიდენის დასახვედრად მიტინგზე მისვლას ვთხოვ, ამის მიუხედავად, თითოეულმა ადამიანმა ათ კაცზე მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აქ მათთან ერთად გამოვიდეს.