„ასეთი მასობრივი დაპატიმრება საქართველოში არ ყოფილა. 170 კაცი ერთდროულად დაიჭირეს. წარმოუდგენელი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ინდმეწარმეები აიყვანეს სახლებში, საბაჟოზე, მაღაზიებში.
ხალხი თბილისის იზოლატორში რომ ვერ დაატიეს, ზოგი ხაშურსა და საგარეჯოში გადაიყვანეს. ესენი არ არიან მხოლოდ „პასაჟისა" და „კიდობნის" ინდმეწარმეები. დიდუბეში, ვაკესა და საბურთალოზე მდებარე არაერთი მაღაზიის მფლობელი დააკავეს.
ნუ დავტოვებთ ამ ფაქტს რეაგირების გარეშე, თორემ ხვალ თქვენ შემოგიცვივდებიან", - ასეთი პერსექტივა დახატა ინდმეწარმეების მასობრივი დაპატიმრების შემდეგ „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელსაც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვკითხეთ, რას მიაღწია ოპოზიციამ, როდესაც ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლაზე დიალოგს დათანხმდა
- „ალიანსის" დაშლისთანავე „ახალმა მემარჯვენეებმა" განვაცხადეთ, რომ არავისთან აღარ შევალთ ბლოკებსა და ალიანსებში და მარტო მოვემზადებით არჩევნებისთვის. ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი ვადამდე არჩევნებს ითხოვს და ამავე დროს ამბობს, არჩევნებს აზრი არა აქვს, რადგან საარჩევნო გარემოა ცუდიო. ასეთი განცხადებებით ოპოზიცია თავისივე თავს ეწინააღმდეგება.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარეშე არჩევნებს აზრი არა აქვს და ამიტომაც შვიდ ოპოზიურ პარტიასთან ერთად შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რათა საარჩევნო გარემოზე პოზიციები შეგვეჯერებინა. შევთანხმდით, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად რომელი საკითხებია პრიორიტეტული. აქამდე ხელისუფლების ძალა ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაში იყო. ახლა ხელისუფლება უარს ვერ იტყვის ჩვენთან დიალოგსა და კომპრომისზე. სულაც არ მგონია, რომ რაზეც ოპოზიციური ძალები შევთანხმდით, ასევე გადაიწერება საარჩევნო კოდექსში, მაგრამ, ვფიქრობ, შედეგს მივაღწევთ.
ძალზე საყურადღებოდ მიმაჩნია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე და პარლამენტს მოუწოდა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კი გულისხმობდა, ცვლილებების მიღება არ იჩქაროთ ოქტომბრის შუა რიცხვებამდეო, ჩვენთან კი ისე იჩქარეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ საკონტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას. სააკაშვილი და მის გუნდი აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ეს რასაც მოიტანს, მალე გამოჩნდება.
ხშირად ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუცია სააკაშვილისთვის ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის შანსია.
- პრეზიდენტის ძალაუფლება დაუბალანსებელია და ცვლილებებიც ამისთვის გახდა საჭიროო. ამ ცვლილებებით გვეუბნებიან, რომ საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მივიღებთ არა საპარლამენტო რესპუბლიკას, არამედ საპრემიეროს, რომლის ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში ჯერ არ არის აღწერილი.
ყველაფერი პრემიერის ხელში იქნება კონცენტრირებული. მომავალი პრემიერი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე პრეზიდენტი. ამ ცვლილებებით მთავრობისა და პრემიერისათვის უნდობლობის გამოცხადება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ პრემიერის შემოთავაზებულ კანონს არ მიიღებენ, პარლამენტი დგება საფრთხის წინაშე, რომ დაითხოვენ. ამ ცვლილებების შემდეგ პარლამენტი, ალბათ, მხარს დაუჭერს და ნოტარიულად დაამტკიცებს ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც პრემიერი წარმოადგენს.
სავარაუდოდ, როცა ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, პრემიერი სააკაშვილი კი არა, ვანო მერაბიშვილი იქნება.
ვფიქრობ, ეს ცვლილებები სწორედ მისთვის მზადდება, რადგან საარჩევნო მანქანასაც ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს, პარტიასაც და საპარლამენტო უმრავლესობასაც.
თქვენ გამოსავალს საარჩევნო გარემოს შეცვლაში ხედავთ, ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის კი გამოსავალი სახალო კრებაა.
- ჩემთვის ბუნდოვანია სახალხო კრების მიზანი, მაგრამ ოპოზიციური პარტიების გეგმებს, რაგინდ მიუღებელიც უნდა იყოს, არ გავაკრიტიკებ. წარმატებას ვუსურვებ ნინო ბურჯანაძესა და მის თანამდგომებს, მაგრამ კარგად ვერ ვხვდები, რა უნდა გააკეთოს სახალო კრებამ - საზოგადოება უნდა გამოაღვიძოს? ის იყო გამოღვიძებული, მაგრამ ვერაფერს გავხდით, რადგან ხელისუფლება ხალხს ანგარიშს არ უწევს. ერთადერთი, შეიარაღებულებს თუ გაუწევს ანგარიშს, მაგრამ რევოლუციასა და აჯანყებას მე არ ვუჭერ მხარს. თუ კრების მიზანი დიდი წარმომადგენლობის შეკრება და იმის გამოცხადებაა, რომ სააკაშვილს აღარ ენდობიან, ესეც გაუგებარია.
სტადიონზე მეტ ხალხს შეკრებს წარმომადგენლობითი კრება? 26 მაისს ხომ სწორედ ეს უთხრა ხალხმა სააკაშვილს, არ გენდობიო, მაგრამ რა გამოვიდა? 9 აპრილის აქციებში მონაწილეობისაგან თავს ვიკავებდით „ახალი მემარჯვენეებიც" და რესპუბლიკელებიც, მაგრამ მაშინ „ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა, რომ აქციებში ჩაერთვებოდა და ჩვენც დავეთანხმეთ, თორემ უამრავი კითხვა გვქონდა ამ აქციებსა და მის გეგმებზე.
ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რითაც დამთავრდებოდა აქციები. უზარამაზარი მუხტი გაიფანტა და ამით ხელისუფლება დარჩა მოგებული. ზოგიერთი ჩვენ რომ გვსაყვედურობს, არჩევნებში მონაწილეობით სააკაშვილის რეჟიმი გაახანგრძლივეთო, მათ პირიქით შემიძლია წავუყენო ბრალდება. 9 აპრილის დუგეგმავმა აქციებმა გაუხანგრძლივა დრო სააკაშვილს. ხალხს დაანახა, რომ აქციებს აზრი არა აქვს, რომ ოპოზიცია სუსტია. ამის გამო იმედი დაეკარგა საზოგადოებას და ამიტომ მოიგო არჩევნები სააკაშვილმა. უშედეგო აქცია და მუდმივი მუქარა, რომელიც ვერ სრულდება, უმოქმედობაზე უარესია.
რამდენიმე დღის წინ ინდმეწარმეებს შეუტიეს. ბევრი მათგანი გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს. რა ხდება?
- ასეთი უპრეცედენტო რამ ჯერ არ მომხდარა. ინდმეწარმეებს, ვისაც თურქეთიდან ჩამოჰქონდათ საქონელი, ინვოისის გამო შეექმნათ პრობლემები. ისინი მსხვერპლი არიან სქემისა, რომელიც ხელისუფლებამ მოიფიქრა ფულის დეფიციტის შესავსებად. როგორც ამბობენ, ამ ტიპის დარღვევისთვის 2 ათას კაცს გაასამართლებენ და 5-10-ათასიან ჯარიმებს დაუწესებენ. ამ სქემის წყალობით 10 მილიონი ლარი ამოიღო ხელისუფლებამ. ეს ისტერიული დაჭერომანია თუ არ შეჩერდა, ან ახალი რევლუციური მუხტი გაჩნდება ან მონურ საზოგადოებაში დავბრუნდებით.
თუ ეს თავხედობა ხელისუფლებას შერჩა, მადა უფრო გაეზრდება და მეტად გადაუვლის ხალხს.
მინდა გამოვიდე ინიციატივით, რომ საგადასახადო დარღვევების დეკრიმინალიზაცია მოხდეს და აიკრძალოს საგადასახადო დარღვევაზე წინასწარი პატიმრობის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა გამოძალვა. ინდმეწარმეებს ავიწორებენ, იჭერენ, ამცირებენ, შეურაცხყოფენ, საშინელ ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავთ და ისინიც, ოღონდაც თავისუფლება დაიბრუნონ, ყიდიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ. მეტსაც გეტყვით, ხელისუფლება დაკავებულებს ბანკებთან შუამდგომლობს, რომ კრედიტი ააღებინონ.
მეწარმეები მეუბნებიან, როდესაც ბიზნესსესხი გვინდა, ბანკი არ გვაძლევს, მაგრამ, ვინც საპატიმროებში მოვხვდით, რაკი ხელისუფლებისთვის გვქონდა ფული გადასახდელი, უპრობლემოდ მოგვცესო.
ხელისუფლებას ფული შემოაკლდა, რადგან უცხოური ინვესტიციები საქართველოში აღარ შემოდის. წლის დასაწყისიდან სულ 100 მილიონია შემოსული. ამიტომაც ხელისუფლებას უნდა ფული ხალხის გატყავებით ამოიღოს. უამისოდ ვერ გადაუხდიან ფულს პოლიციელსა და სპეცრაზმელს, რომელთაც ეყრდნობა. ვიცი, რომ დაპატიმრებები და სანახაობები გაგრძელდება, - წლის ბოლომდე არაერთ თანამდებობის პირს დაიჭერენ.