გურამ დოჩანაშვილი გათენებისას დგება და წერას იწყებს. ამ დროს სახლში სრული სიჩუმეა. მუშაობაში ჩურჩულიც კი ხელს უშლის. როცა არ წერს, მუსიკას უსმენს მაღალ ხმაზე. თავადაც უკრავს ვიოლინოზე.
მწერალს წელს, 26 მარტს, 70 წელი შეუსრულდა. მთელი ეს წლები თითქმის სრულადაა ასახული მისსავე ნაწარმოებებში. ამას ყველაზე კარგად მისი ქალიშვილი გრძნობს. "ყველა მისი ნაწარმოები ჩემთვის ძალიან მშობლიურია, რადგან ზუსტად ის აქვს აღწერილი, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ, ჩემს ოჯახში", – გვითხრა ქეთევან დოჩანაშვილმა. "სამოსელი პირველი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "ბესამე", "ლოდი ნასაყდრალი" – ეს მცირე ჩამონათვალია შემოქმედებიდან, რომელზეც თაობები გაიზარდნენ.
მწერალი, რომელმაც პროზა პოეზიის დონემდე აიყვანა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად იქცა, ჟურნალისტებს არ სწყალობს, ინტერვიუზე არაფრით თანხმდება. არადა მისი პიროვნების მიმართ ინტერესი უდიდესია. "სარკეს" მწერლის ქალიშვილი ესაუბრება.
ქეთევან დოჩანაშვილი ბრიტანული დაწყებითი სკოლის ერთ–ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. მეთოდი, რომლითაც ამ სკოლის მოსწავლეები სწავლობენ, მეგობრებთან ერთად შეიმუშავა. პედაგოგობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. თსუ–ის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა კლასიკური ფილოლოგიის განხრით. არ იცის, მამის ნიჭი გამოჰყვა თუ არა, რადგან წერა ბავშვობაში აუკრძალეს. არც ნანობს.
ქეთევან დოჩანაშვილი: როგორც თითქმის ყველა ბავშვს, მეც მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. სტუდენტობის დროს პრაქტიკაზე რომ წაგვიყვანეს, მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე მასწავლებლობა. იმ სკოლის პედაგოგმა გვითხრა, იმ ბავშვებს, უკან რომ სხედან, კითხვები არ დაუსვათ, მაინც ვერაფერს სწავლობენო. ამას ვერაფრით დავეთანხმე და მათ თვალწინ ჩემი ახსნილი გაკვეთილი სწორედ იმ ბავშვებს გამოვკითხე. ყველამ მიპასუხა. ჩემი ღრმა რწმენით, თუ მოინდომებ, ნებისმიერ ბავშვს ყოველთვის ყველაფერს გააგებინებ. მთავარია, ბავშვს შეუქმნა რწმენა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია, ოღონდ – ცოდნის საფუძველზე. თითქმის 20 წელია ვმუშაობ და არ შემხვედრია ბავშვი, რომელმაც სწავლა ვერ შეძლო. როცა რამე არ გამომდიოდა ბავშვთან, ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი და ვცდილობდი, სხვა გზით მიმეწოდებინა.
თქვენი მეთოდი კონკრეტულად როგორია?
– ყველაზე მთავარი, რითაც ჩვენი მეთოდი განსხვავდება, ის არის, რომ მშობელს არ ვრევთ ამ პროცესში. საბჭოთა სისტემის დროს ბავშვი იმიტომ სწავლობდა, რომ დედა აიძულებდა. ბავშვი კი ვერ გრძნობდა, რომ ის ცოდნა მას სჭირდებოდა. ჩვენთან ბავშვები საშინაო დავალებას სკოლაშივე ამზადებენ. თუ ბავშვმა ვერ გაიგო რამე, მასწავლებელმა უნდა დაადგინოს, რატომ. მშობელი არაფრით უნდა ჩაერიოს. მშობლებს ვთხოვ ხოლმე, ნუ ჰკითხავთ, რა აქვთ გაკვეთილად–მეთქი.
თქვენი გაკვეთილების მომზადებაში ერეოდნენ მშობლები?
– როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც ასე იყო – დედაც ერეოდა და მამაც. მამა სწავლას არანაირად გვაძალებდა, არც – დედა, მაგრამ ის უფრო გვაკონტროლებდა. მეც და ჩემი ძმაც ბევრს ვკითხულობდით და მამა ამით კმაყოფილდებოდა. სულ გვატარებდა აქეთ–იქით და ასე ეწეოდნენ ჩვენს აღმზრდელობით სამუშაოებს. ზაფხულში ქვიშხეთში, მწერალთა სახლში ვისვენებდით, ბიჭვინთაში, გაგრაში დავყავდით და ყველგან საინტერესო გარემო იყო.
რა დროს იწერება ბატონი გურამის ნაწარმოებები?
– სანამ პატარები ვიყავით, დილით ადრე, 4–5 საათზე დგებოდა და წერდა. ჩვენ რომ გავიღვიძებდით, მერე – ვეღარ. რაც მე ცალკე, ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ისევ ადრე იღვიძებს, მაგრამ მერეც აგრძელებს. 12–1 საათზე რომ მივალ და მაგიდასთან ზის, მიკვირს, რადგან ჩვენს ბავშვობაში მხოლოდ გამთენიისას მუშაობდა. ნებისმიერი ხმაური, ჩურჩულიც კი ძალიან აღიზიანებს და ვეღარ მუშაობს. ცუდ ხასიათზე დგება. გამორიცხულია, დაჯდეს და დაწეროს. შეიძლება რამე ჩანიშვნა გააკეთოს. როცა ვერ მუშაობს, სულ ცუდ ხასიათზეა. როცა მუშაობას დააცდიან, მშვენიერ ხასიათზე დგება. ამაზეა დამოკიდებული მთელი მისი განწყობა. ამბობს ხოლმე, გადამწერი ვარო. ეტყობა, იმ დროს იმდენად სხვაგან არის, რომ, თუ იქიდან ჩამოაბრუნე, საოცრება ემართება.
ბატონ გურამს რამდენიმე ზღაპარი აქვს დაწერილი. თქვენ გეძღვნებათ?
– ჩემს ბავშვობაში მხოლოდ ორი ზღაპარი ჰქონდა. "ყველაზე კარგი პაპა" იყო ძალიან პოპულარული. ჩვენ რაც გავიზარდეთ, მას მერე კიდევ რამდენიმე ზღაპარი დაწერა. ჩვენს ბიძაშვილებს – დედაჩემის ძმისშვილებს მიუძღვნა. მაშინ ჩვენ მხოლოდ მისი ზღაპრები ვიცოდით. სტუდენტები ვიყავით, სხვა ნაწარმოებები რომ წავიკითხეთ. არ გვაკითხებდნენ – ითვლებოდა, რომ ვერ გავიგებდით. როცა მისი ნაწარმოებების კითხვა დავიწყე, ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მშობლიური იყო... ყველაფერი, რაც ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, ჩემს სახლში, ის სამყარო იყო აღწერილი. ყოველთვის, როცა წერს, იმ პერსონაჟის როლში შედის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ჩემია – ნებისმიერი პერსონაჟი.
საკუთარ თავსაც ამოიცნობთ ხოლმე?
– არა, პროტოტიპები არ ჰყავს. თვითონ ხდება ის, ვისზეც წერს. ისევე უხარია და განიცდის, როგორც მისი პერსონაჟი.
მისი ერთ–ერთი გმირი ამბობს, ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყოო. თავადაც დაგეუფლათ ეს განცდა, როცა გურამ დოჩანაშვილი წაიკითხეთ?
– იმედია, მეც უკეთესი გავხდი. მისი ნაწერები ჩემი სამყაროა, ცალკე ნაწარმოებებად ვერ აღვიქვამ. განსაკუთრებით მაშინ მაქვს ეს განცდა, თუ ახალი დამთავრებული აქვს. ახლა ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა. როგორ მშრალ და დოკუმენტურ ფაქტზეც უნდა ლაპარაკობდეს, მაინც აფორმებს და ზუსტად ეს არის ხელოვნება. მამას ყველაფრის თავისებური ხედვა აქვს.
თქვენ თუ გიცდიათ წერა?
– მე – არა, რადგან დედა მუდამ გვეუბნებოდა, რომ არ უნდა გვეწერა. არც მომდომებია, მაგრამ რომც მომდომებოდა, ზუსტად ვიცოდი, ეს არ უნდა მექნა.
რატომ გიკრძალავდნენ?
– ალბათ იმიტომ, რომ დედას ეშინოდა. ხშირად დიდი ადამიანების შვილები მშობელივით დიდები ვეღარ ხდებიან და მერე ამან შეიძლება მათ ცხოვრებას დაღი დაასვას, დააკომპლექსოს და ამას არასწორი რეალიზება მოჰყვეს. ამიტომ ჯობია, განსხვავებული გზა მოძებნონ ცხოვრებაში. ბავშვებს დღიურები რომ აქვთ, მე ვიცოდი, რომ ის დღიურიც კი არ უნდა დამეწერა. ვინმე გენიოსი იცით, რომელსაც გენიოსი შვილი ჰყავდა? რაც ეს ყველაფერი გავიაზრე, აღარც მე მქონია სურვილი. მამაჩემი წარწერასაც რომ აკეთებს წიგნზე, ისე ღელავს... მისთვის ყველა სიტყვა საპასუხისმგებლოა. ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ, მამაშენი მწერალია და თემის დაწერაში დაგეხმარებაო. მე კი ვერ ვხვდებოდი, მამაჩემი და ქართულის თემა რა შუაში იყო.
როგორია იყო გურამ დოჩანაშვილის შვილი? გარკვეულწილად თქვენც ხომ არ კომპლექსდებით?
– არა. ასე მგონია, ჯადოსნური სახელი და გვარი მაქვს. ჩვენ გარდა, არავის ვიცნობ ამ გვარით. როგორც ვიცი, სადღაც ქართლში ყოფილა დოჩანაშვილების ერთადერთი ოჯახი. მე, მამაჩემი და მამიდაჩემი ვართ მხოლოდ დოჩანაშვილები. ძველად ახლანდელი დიდუბის ადგილას უცხოვრიათ დოჩანაშვილებს და მამაჩემიც იმ შტოს წარმომადგენელია. მამაჩემის მამას ერთი ძმა ჰყავდა, რომელსაც შვილი არ ჰყოლია.
თქვენი ძმა ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა. როგორ გაუძლო ოჯახმა ამ ტრაგედიას? ასე მგონია, ბატონ გურამს დღესაც სახეზე აწერია ეს დარდი.
– უბედური შემთხვევა მოხდა – ჩემი ძმა, ირაკლი, მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მაშინ 22 წლის იყო. ეს ალბათ ღვთის ნება იყო. ძალიან დაბალი მეორე სართული იყო. გასულ ზაფხულს იმავე სიმაღლიდან 5 წლის გოგო გადმოვარდნილა, მაგრამ წამომხტარა და გაქცეულა. ჩემი ძმა უბრალოდ ცუდად დაეცა. ეს 1990 წელს მოხდა. ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა, ოჯახი ფაქტობრივად დაგვეშალა. პატრიარქი დაგვეხმარა ძალიან და მისი წყალობით გადავრჩით ცოცხლები. რაც თავი მახსოვს, მამა სულ მარხულობდა, მაგრამ ჩემი ძმის დაღუპვის მერე საოცრად მორწმუნე გახდა. ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა დროებით ვართ ამქვეყნად და ამით ვუძლებ ამ ტრაგედიას. მამას ნაწარმოებებშიც აისახა ეს ყველაფერი. მერე ჩემი შვილი დაიბადა – ახლა 10 წლისაა თინათინი. მამა მას რომ ხედავს, საოცრად ბედნიერია.
ბატონი გურამის თითქმის ყველა ნაწარმოებში სიყვარულს განსაკუთრებული ადგილი უკავია. თქვენი მშობლების სიყვარულის ისტორია როგორია?
- პირველ კურსზე იყო დედა, მამა – მეოთხეზე, ერთმანეთი რომ გაიცნეს. დედა ამბობს, პირველად წიგნებით ხელში დამინახა და ამის მერე გადაწყვიტა, წერა დაეწყოო. მამა ამაზე იცინის. არ ეთანხმება, მაგრამ წერა მართლა მაგ დროს დაიწყო. გაცნობიდან ოთხი წლის მერე დაქორწინდნენ. მამა ვიოლინოზე უკრავს კარგად. უნივერსიტეტის ორკესტრშიც უკრავდა. დედას უნდა შეხვედროდა თურმე. დედას დაუგვიანია. მამა ვეღარ დალოდებია, რადგან სცენაზე უნდა გამოსულიყო. დედა რომ შესულა და ვიოლინოთი ხელში სცენაზე დაუნახავს, გაოგნებულა. ეტყობა, ტიპაჟი ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. დედა ამბობს, მაშინ შევატყვე, რომ ეს კაცი რამე სერიოზულს იზამდა ცხოვრებაშიო. მას მერე სულ ხელს უწყობს ყველაფერში. დედა ეუბნება, წერა მე გასწავლეო. მამა კი აშაყირებს, ა და ბ როგორ იწერება, დამავიწყდა და გამახსენეო.
დღესაც უკრავს ვიოლინოზე?
- მუსიკა ჰაერივით სჭირდება. ბოლო ხმაზე აქვს ჩართული და ისე უსმენს ხოლმე ოპერას. ამ ბოლო დროს აღარ უკრავს, რადგან ვიოლინო გაუფუჭდა. სხვათა შორის, ჩემი შვილი ვიოლინოზე ჩემმა მშობლებმა შეიყვანეს. დედამ კი ჩვენ არც ვიოლინოზე შეგვიყვანა. არაფერი გაიმეორა, რასაც თავად აკეთებდნენ. ჩემმა შვილმა კი რაღაც საბავშვო ლექსი დაწერა და კედელზე გამოიკრეს, აღფრთოვანებულები არიან.
მამას ფიზიკურად აშკარად ჰგავხართ. ხასიათით?
დედა როცა მიბრაზდება, მაშინ მეუბნება, მამაშენს ჰგავხარო. საერთოდ მამასი ყველაფერი მესმის და ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხასიათი მაქვს.
ყველაზე მეტად მამის რომელი ნაწარმოები გიყვართ?
– "საქმე", რადგან აშკარად თავის თავზეა. იქ არის პერსონაჟი ლუკა, რომელიც რომანს წერს და სულ ამ ფიქრებშია. მისი კითხვისას ბავშვობა მახსენდება.