გახარია პარლამენტში – კალანდია ციხეში?

გახარია პარლამენტში – კალანდია ციხეში?

გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდებიან. პირველი პოლიციელი დღეს რიგგარეშე სხდომაზე ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებს. მინისტრი უპასუხებს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას. გიორგი გახარიას მოუწევს ისაუბრობს ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. შს მინისტრი პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვით, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მოსმენის ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს დეპუტატების ინტერესებს. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, გახარიასთან კითხვები გააჩნიათ დეპუტატებს, ამიტომ ამისთვის სწორი ფორმატი შეირჩა და ეს არის პარლამენტის პლენარული სხდომა.

„რამდენიმე კომიტეტისგან იყო ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა ბატონ გიორგი გახარიასთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება. ამისთვის ერთადერთი ფორმატი არის პარლამენტის პლენარული სხდომა. ვფიქრობ, ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს ჩვენი დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიასთან კითხვები აქვთ „ევროპული საქართველოს“ წევრებს და მინისტრისგან შეეცდებიან მიიღონ კითხვაზე პასუხი, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და რატომ არ აკავებენ საქმის მთავარ ფიგურანტს მიხეილ კალანდიას. სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ შს მინისტრს არ გამოუვა თვალის ჩაკვრით და გაღიმებით მნიშვნელოვან კითხვას პასუხი არ გასცეს.

„ზაზასთან ერთად ვისაუბრეთ ამ საქმეზე. ხვალ შს მინისტრი მოდის პარლამენტში. მას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. ზაზა იზიარებს პოზიციას და აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ხელისუფლება ცდილობს უპასუხოდ დატოვებით საზოგადოებრივი ყურადღება მოადუნოს. შს მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ქუთაისში გახარიას საპარლამენტო დებატებს დაესწრება.

„მთავარი კითხვა რაც მაქვს არის ის, თუ რატომ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს. ამასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ბატონ გახარიასთან და კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა მემალება. შს მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს თავად დავესწრო ამ სხდომას. ვეცდები, რომ პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებსზე პასუხებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

არსებული ინფორმაციით, გახარიას უწყება ხორავას ქუჩის ტრაგედიის მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავებას გეგმავს. ამას ადასტურებს შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადება, რომ ხორავას საქმის ახალი გამოძიების ფარგლებში მალე, შესაძლოა, ახალი დამნაშავეები გამოიკვეთოს.

ამ ეტაპზე უცნობია როდის გაკეთდება ოფიციალური განცხადება შსს–ში საქმის ახალი გარემოებებისა და შესაძლო დამნაშავეების შესახებ. არაოფიციალური განცხადებით, დაკავებების ახალი ტალღა ახალ წლამდე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალანდია საპატიმრო ღონისძიებას ვერ ასცდება.