„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო მსჯელობს. აღნიშნულს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ეხმაურება, ის მიიჩნევს, რომ კირკიტაძეს რამდენიმე კვირიანი სასჯელი და საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა უნდა დაეკისროს.
“კირკიტაძემ რაც გააკეთა, მაქსიმუმ რამდენიმე კვირიანი სასჯელი და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა უნდა დააკისრო. სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს, არც ნაკლები, არც ზედმეტი,” – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “დამნაშავე არის და ამის ვიზუალური მასალაც არსებობს, მაგრამ არა 4-7 წლიან საზომში. ჩვეულებრივი ხულიგნობა იყო, რაც გააკეთა, არც იმ საზომის, რაზეც საუბარია”
სხდომას ესწრებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. დილიდან გურჯაანის სასამართლოსთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, ასევე იმართება კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელი არ არის და ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.