ქართული ლარი ისევ დაავადდა. ისევ პარასკევ დღეს, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა და ისევ დიდი ნახტომით დაეცა. დაეცა და ვეღარ წამოდგა. მცირედით კი მოხდა მისი გამოჯანმრთელება, მაგრამ ძველ ნიშნულს დოლართან მიმართებაში ვეღარ დაუბრუნდა. ამან, რაღა თქმა უნდა, მეორე დღესვე გამოიწვია ფასების ავარდნა, რაც ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი იმპორტზე, ანუ დოლარზეა ჩამოკიდებული, გასაგები და ბუნებრივია. როგორც წესი, ჩვენთან ფასები დოლარის კურსის აწევის დროსაც იმატებს და დაწევის დროსაც. ან დოლართან ერთად მოიმატებს და მერე, კურსმა რომც დაიწიოს, მაინც არ იკლებს. ეს ალბათ მხოლოდ ქართული სინდრომია და ისეთივე გაუგებარი, როგორიც ქართული ეკონომიკის განვითარება – ხან 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა რომ გვაქვს, ხან – 12 პროცენტიანი, მსოფლიო იქცევა და ჩვენს ეკონომიკას თმის ღერიც არ ვარდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე ოდნავადაც არ აისახება.
ორი წლის წინ, ლარი რომ ერთბაშად დავარდა, ექსპერტებმა ამ საქმეში ხელისუფლების ხელის ფათური იყნოსეს – ამით ვიღაცეებმა სერიოზულად აივსეს ჯიბეებიო. ახლა ეს ოპოზიციამ არჩევნებს დააბრალა – ხელისუფლებამ ბევრი მილიონი ლარი დახარჯა, იმ დაფიქსირებულ 16 მილიონზე ბევრად მეტი და ამან გამოიწვია ის, რაც მოხდაო. თუ საქმე საქმეზე მიდგა, ესენი (ხელისუფლება) საზღვარგარეთ "დაახვევენ" და მათი აქტივისტებიც, საარჩევნო ოლქებთან თავს რომ სწირავდნენ, ჩვენსავით მშივრები დარჩებიანო, უთხრა "სარკეს" ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ეროვნული ფორუმის წევრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა.
იმის განსაზღვრა და პროგნოზი, რაც ეროვნულ ვალუტას ამ დღეებში დაემართა, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსაც კი უჭირს.
ნოდარ ჯავახიშვილი:
– ქართული ლარის გაუფასურება აბსოლუტურად ობიექტური პროცესია. ქვეყანას ფაქტობრივად არ აქვს ეკონომიკა. ესაა მომხმარებელთა საზოგადოება, რომელმაც რომ იარსებოს, პროდუქციის 80 პროცენტი საზღვარგარეთიდან უნდა შემოიტანოს. ქვეყნის შიდა პროცესი 100 პროცენტითაა დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრის ნებისმიერ კონიუნქტურულ ცვლილებაზე, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქცია არაფერში გვყოფნის, ამიტომ, ხახვიდან დაწყებული პომიდვრით დამთავრებული, ყველაფერი უნდა შემოვიტანოთ. რაც ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მას შემდეგ განახევრდა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება. ნელ–ნელა მათხოვრების ქვეყანა ვხდებით. აქედან გამომდინარე, ლარის ვარდნაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი ისაა, ამ უცხოური დახმარებებით ქვეყანას ასეთი პრობლემა მაინც რომ აქვს. ასეთი კატასტროფულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ოფიციალურ საიტზე უდევს, რომ მილიარდ ცხრაასი მილიონი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი აქვს. ამდენი არასოდეს გვქონია.
ეს რას ნიშნავს?
– ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, არ დაუშვას ლარის ასეთი ნახტომისებური ვარდნა. თვითონაც ამბობენ. გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თქვა, საშუალება გვაქვსო. თუ საშუალება აქვთ, რატომ არ იყენებენ? ამ კითხვაზე არ იძლევიან პასუხს.
თქვენი აზრი როგორია, რატომ არ იყენებენ?
– როგორ შემიძლია ამ კითხვას მე გავცე პასუხი, როცა ადამიანს შეუძლია თავის გადარჩენა და არ აკეთებს?! შეიძლება სუიციდთან გვაქვს საქმე, ხარაკირის იკეთებენ, თვითგვემა აქვთ. რასაც აკეთებენ, ეს კრიმინალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია და არა – ეკონომიკური. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები აქვთ, აქვთ ასევე მეორე სერიოზული ინსტრუმენტი – სახაზინო ვალდებულებები და ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, რითაც შეუძლიათ ზედმეტი ლარი ამოიღონ ბრუნვიდან და ძველი სიტუაცია აღადგინონ. თუ გინდა, რომ ლარის კურსი დაეცეს, თან ასე ნახტომისებურად და თან პარასკევს, ეს სხვა საქმეა და კეთილი ინებე, ახსენი, რას ნიშნავს. ამას მტერი სახელმწიფო არ გააკეთებს და შენ რატომ მტრობ ასე შენს ეკონომიკას და მოსახლეობას?!
თქვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყავით და იცით, ასეთი რაღაცეები რას ემსახურება. როგორ ხსნით ამ ყველაფერს?
– სულელი ადამიანის ქმედებას ვერ შევაფასებ. ალოგიკური და ეკონომიკურად გაუმართლებელი ქმედებების შეფასება არ არის ეკონომიკური ექსპერტის პრეროგატივა. გეუბნებით, დედას აქვს საშუალება, შვილს აჭამოს და შიმშილით კლავს. როგორ ავხსნა?!
პოლიტიკოსებმა ლარის კურსის ვარდნა არჩევნებს დაუკავშირეს.
– თუ კიდევ უფრო შორს წავალთ და ამათ ქმედებებს ავლიპიც ვეღარ უშველიდა, მაშინ შეიძლება ასე იყოს. თუ ლარის კურსი დაეცემა, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზრდება, მაგრამ ანალოგიურად გაიზრდება ხარჯებიც, იმიტომ რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დოლარში უნდა გაისტუმრონ. ანუ აქედან სააკაშვილი მოგებას ვერ ნახავს. დაახლოებით 400 მილიონი დოლარი ყოველწლიურად ვალების მომსახურებისთვისაა გადასახდელი. ამის გარდა, სხვა ვალდებულებებიც აქვს დოლარში გასაწევი ხელისუფლებას, შეირაღებასა და სხვა რაღაცეებზე.
მაინც რაღაც აზრი ხომ დევს ეროვნული ვალუტის ასეთ გაუფასურებაში? მით უმეტეს, თუ შეუძლიათ, რომ მდგომარეობა გამოასწრონ და არ აკეთებენ.
– ერთადერთი, იცით, რა შეიძლება იდოს? ამას რომ გავაკეთებ პარასკევ დღეს, შაბათ–კვირას სავალუტო ბაზრიდან უზარმაზარ ფულს მოვხსნი.
ორი წლის წინათ ზუსტად პარასკევს მოხდა ლარის ასეთი კატასტროფულად დაცემა და ლადო პაპავამაც ეს მითხრა. ლარის ნიშნულმა მცირედით, მაგრამ მაინც ჩამოიწია. ვითომ დაუბრუნდება ძველ ნიშნულს?
– ბოლო წლებია ლარის კურსი პერმანენტულად მცირდება. განსაკუთრებით წელს შეიმჩნევა ეს პროცესი. წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 10 პროცენტით დაეცა. ჟურნალისტებმა ორჯერ ატეხეთ განაგაში. ერთხელ – იანვარში, როცა ორი კვირა ზედიზედ ქვემოთ ეწეოდნენ კურსს, მეორედ – ახლა, იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ ეს პერმანენტული პროცესი გახდა. ხანდახან ამ პროცესს აჩერებენ, რომ საზოგადოება და, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტები, დააწყნარონ. უბრალოდ დააგდებენ კურსს, მერე ცოტა ასწევენ, მერე ცოტახანს შეაჩერებენ, მერე უფრო დააგდებენ. საბოლოო ჯამში, სულ უკან მივდივართ. 1,69–ით დაიწყო და სადამდე ავიდა, კარგად ხედავთ.
ანუ მიზეზი ხერხემალში გადატეხილი ეკონომიკა და ხელისუფლების ფინანსური თამაშებია?
– ობიექტურია, რომ ლარის კურსი ეცემა, მაგრამ მისი შეჩერების შესაძლებლობა აქვთ და შეგნებულად არ აჩერებენ. ძალიან უტრირებულ მაგალითს მოვიყვან. კახეთში ყველა წყალდიდობის დროს მოსახლეობა იტბორება. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა, ჯებირი გააკეთოს. რომ არ აკეთებს, მოსახლეობას შეგნებულად აზარალებს თუ შეუგნებლად? თქვენმა მკითხველმა შეაფასოს ხელისუფლების ქმედებები, უფრო სწორად, უმოქმედობა – ეს ყველაფერი შეგნებულადაა თუ შეუგნებლად.
მაინც როგორია თქვენი პროგნოზი, ლარის კურსი უფრო დაეცემა, აიწევს თუ ამ ნიშნულზე შეჩერდება?
– რას მეკითხებით, რა, ავლიპზე მეტი ვარ?! ხვალ კიდევ რა სისულელეს გააკეთებენ ესენი, მაგის პროგნოზი როგორ უნდა გავაკეთო?! სააკაშვილის ქმედებების პროგნოზირება შეიძლება?! მოდით, რომელიმე მისი ქმედების პროგნოზი გამიკეთეთ და მე ზუსტად გეტყვით, რა იქნება ლართან მიმართებაში.
ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, ფასები არ აიწევსო, მაგრამ ეს უკვე მოხდა. ამ კუთხით მაინც რას უნდა ველოდოთ?
– ქვეყანაში, რომელიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, ანუ დოლარზე ნაყიდ საქონელზე, ლარის კურსის დაცემამ არ შეიძლება ავტომატურად არ გამოიწვიოს ფასების მატება. მით უმეტეს, როცა ხელისუფლება ასეთი არაპროგნოზირებადია, შაბათ–კვირას აგდებს ვალუტას და არ იცი, ხვალ რა იქნება. ასეთ დროს ფასს ორ იმდენს ამატებ, იმიტომ, რომ კიდევაა რისკის ფაქტორი. დღეს დასავლეთმა რომ გვითხრას, აღარ დაგეხმარებითო, არ ვიცი, რა გვეშველება. ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ჩვენი წარმატებული მათხოვრობა. მით უმეტეს, რომ ყველა გადაიკიდეს. ახლა ირანის შაჰს ჩავეხუტებით და შეიძლება მეორე დღეს გაგვიჩერდეს დახმარება.
მოდით, რეზიუმე გავაკეთოთ, რა გვეშველება?
- სანამ ამ ხელისუფლებას არ მოვიცილებთ, სულ ეს სიტუაცია გვექნება და მუდმივად გაუარესებადი. ეს რეზიუმე უნდა გააკეთოს საქართველოს ყველა მოქალაქემ. დღეს კი ჭამენ ლუკმაპურს, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ყველას დედა ეტირება, მათ შორის – სააკაშვილის მხარდამჭერებსაც. ეს 10 კაცი "დაახვევს" მერე საქართველოდან და ეგ აგიტატორები მშივრები დარჩებიან.