ვინ დაარბია ჟურნალი „ცისკარი“ 1969 წელს

ვინ დაარბია ჟურნალი „ცისკარი“ 1969 წელს

1969 წლის თებერვლის „ცისკარი“ დააპატიმრეს, მთელი ტირაჟი დაჭრეს და გააცამტვერეს.

მიზეზი ამ აქტისა გახლდათ ბატონ ჯემალ სტეფნაძის რეცენზია „ისტორიული რომანი და ისტორია“ და ბატონ აკაკი ბაქრაძის პუბლიკაცია „რომანისტი არ ეთანხმება მემატიანეებს“.

ორივე პუბლიკაცია ეხებოდა სომეხი მწერლის გრიგორი ვერმიშევის ისტორიულ რომანს „ამირსპასალარი“, რომელიც 1968 წელს გამოსცა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გამომცემლობამ 65 ათასი ტირაჟით.

გ. ვერმიშევი თვითმიზნურად დამახინჯებულ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობს დააკნინოს ქართველი ერის სახელმწიფოებრიობა თამარის ბრწყინვალე ეპოქაში. ასევე თამარის, დავით სოსლან-ბაგრატიონის, მოწინავე ქართველ ფეოდალთა ღვაწლი, რათა სომეხ ზაქარია მხარგრძელს მიაწეროს ყველა ის წარმატება, რომელსაც მიაღწია ქართველმა ხალხმა ერის სულიერ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ბატონ აკაკი ბაქრაძესა და ახალგაზრდა ასპირანტს ბატონ ჯემალ სტეფნაძეს საჭიროდ მიუჩნევიათ პასუხი გაეცათ ისტორიის ფალსიფიკატორისთვის, სომეხ მწერალ გ. ვერმიშევისთვის.

ჟურნალმა „ცისკარმა“ (ჟურნალს მაშინ რედაქტორობდა ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი) ორივე პუბლიკაცია მოამზადა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამავე პუბლიკაციების გამო 25 ათასი ცალი „ცისკარი“ დაიჭრა და ხელმეორედ აიწყო, ოღონდ ახლა ამ წერილების გარეშე.

როგორც ჯ. სტეფნაძე აღნიშნავს, რამდენიმე „ცისკარი“ დამპატიმრებლებს ხელიდან გასხლტომია და ახლა ჩვენს წინაშეა რეაბილიტირებული რეცენზიების გვერდები.

მაინც რა წერია ამ ტექსტებში?

ჯ. სტეფნაძე თანამიმდევრულად, არაერთ ისტორიულ დოკუმენტზე დაყრდნობით აბათილებს გ. ვერმიშევის უკლებლივ ყველა მცდელობას, დააკნინოს თამარის როლი და, აქედან გამომდინარე, ქართველთა როლი იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება ბატონ აკაკი ბაქრაძეს, იგი არ ცდილობს რაიმეს გაბათილებას, მცირე კომენტარებს სჯერდება, რადგან, აბა რითი გინდა გააბათილო ბრალდება, რომ დავით აღმაშენებელმა სომეხთა მეფეებს კიურიკიანებს კახეთი წაართვა, რომ თამარი ქართლის მეფეა და არა საქართველოსი, რომ „ქართლის ცხოვრება“ ან სომხის დაწერილი ყოფილა ან სომხურ სკოლაში გაზრდილი კაცისა. ერთი სიტყვით, როგორც დიდი ილია იტყოდა, „სომეხი ისე არ შეიბერტყება, ქართველს მტვერი არ შეაყაროს“. მტვერი რა მოსატანია, ნახეთ, რა ბუქში გვხვევს ვერმიშევი-უფროსი, როგორც მას აკაკი ბაქრაძე უწოდებს.

ვრცელი ამონაწერი აკაკი ბაქრაძის წერილიდან: „თბილისში, საქართველოს სამეფო კარზე ზოგი სომეხია, ზოგი ყივჩაღი, ზოგი ოსი(მხითარ გოშის განმარტებას თუ დავუჯერებთ, თამარიც არ არის ქართველი), ქართველს კი, წამლად რომ გინდოდეს, ვერსად ნახავ. თუმცა, აქ არ ვართ მართალი: არის ერთი ქართველი - პაპუნა ჭელიძე, ყუთლუ-არსლანის ყმა.

რა მოხდა, რა უბედურება დატრიალდა, რამ გაწყვიტა ქართველები თბილისში? დამშვიდდით, დაწყნარდით. არაფერი მომხდარა. ვერმიშევი-უფროსის წიგნი იძლევა ნათელ განმარტებას: თბილისი და მისი შემოგარენი ისტორიულად სომხეთის ტერიტორია ყოფილა. ამ ძვირფას ცნობას როგორ გაუშვებდა ხელიდან ვერმიშევი-უმცროსი! არც გაუშვია: სწორედ მისი მხატვრული უკუფენა მოახდინა რომანში“.

ეს არის და ეს. რაც უფრო მარტივია ჭეშმარიტება, მით უფრო მიუწვდომელია მავანთა და მავანთათვის. ვიღაცა, სომხებს ტყუილის წერის უფლება მისცა და ქართველს სიმართლისა წაართვა. აქედან გამომდინარე, საკითხი თავისთავად ისმება:

ვისი ნება შესრულდა 1969 წლის თებერვალში და რა მოსაზრებით? თუმცა, საკითხი კიდევ უფრო მძაფრად ისმება: ვინ იყო ის ქართველი, ვინც ხელი შეუშალა ჟურნალის მთავარ რედაქტორს ჯანსუღ ჩარკვიანს დაებეჭდა მისგან მოწონებული და უეჭველი პუბლიკაციები? ვინ შეუშალა ხელი ორ ღირსეულ ქართველს პასუხი გაეცა მწერალი-ფალსიფიკატორისთვის? ვინ გასცა ქართველი ერი?

ჩვენ ვფიქრობთ, დღევანდელი ეთნოკრიზისების გაღრმავება მათი დანაშაულია უპირველეს ყოვლისა. ამდენი უცხო ტომი, დამიზეზებულივით შემოჩენილი ამდენი მოყვარე მტერი მათ შესძინეს საქართველოს, რადგან, ჩვენი აზრით, მცირე ერებს გადარჩენის ერთადერთი გზა აქვთ - უარი ითქვას პირად კეთილდღეობაზე.

ეს თუ ასე არ არის, ხომ ჩააყენა გარემოებამ რამდენიმე ქართველი ერთ მდგომარეობაში ერთსა და იმავე, 1969 წლის თებერვალში? ერთნი ჩინიანნი, მეორენი უჩინონი? ხომ ეცადნენ ერთნი ქომაგად დასდგომოდნენ საკუთარ ერს, მეორენი? მეორენი? მეორენი ვერ შეელივნენ პირად კეთილდღეობას.

ბოლოს ყველა ჩინოსანის გასაგონად, ვინც ეცდება გარემოებას გადააბრალოს თავისი განვლილი ცხოვრება: „გარეგანი ჩაგვრისგან მხოლოდ მაშინ განთავისუფლდები, როცა შინაგან მონობას თავს დააღწევ, ე. ი. საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას და შეწყვეტ ყველაფერში გარეგანი ძალების დადანაშაულებას“. (ბერდიაევი).

ასე რომ, „ცისკარი“ ქართველებმა დაარბიეს...