„ავერსის

„ავერსის" წილი მერაბიშვილმა ჯორბენაძეს წაართვა"

(იბეჭდება შემოკლებით)

სოსო შატბერაშვილი ლეიბორისტული პარტიის გარდა არცერთ პარტიაში არ ყოფილა, თუმცა ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო პოლიტიკით. მის ოჯახში ყოველთვის განიხილებოდა პილიტიკური საკითხები.

ბატონო სოსო, თქვენ აპროტესტებთ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, კონკრეტულად რა არის თქვენი პროტესტის მიზეზი?

– საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს, დროთა განმავლობაში დაეპატრონა ორი ორგანიზაცია, "ავერსი" და "პე–ეს–პე". ეს ორგანიზაციები შეიქმნა იმ გრანტით, რომელიც გამოყოფილი იყო ჯანდაცვის სამინისტროში ბაზრის განსავითარებლად და მიითვისა ავთო ჯორბენაძემ. გახსნა ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" და წარმომადგენლად დააყენა ვინმე კურტანიძე. ამას მერე დაემატა მეორე ფირმა, "პე–ეს–პე", რომელიც არასწორი აბრევიატურაა და სწორია "პი–ეს–პი". მათ დაიკავეს ფარმაცევტული ბაზარი. თუმცა შევარდნაძის დროს მოქმედებდა ანტიმონოპოლიური სამსახური და არ ჰქონდათ საშუალება, მთლიანად ეკონტროლებინათ ბაზარი.

იმ დროს უკეთესი მდგომარეობა იყო ფარმაცევტულ ბაზარზე?

– საშინელი მდგომარეობა იყო, აფთიაქები ავტოსადგომებში, ფარდულებში იყო გახსნილი, მაგრამ იყო კონკურენტუნარიანი გარემო. შემდეგ ეს წილები ვანო მერაბიშვილმა წაართვა ავთო ჯორბენაძეს და მიუგდო ძვალი, დაუტოვა 5%.

ბატონო სოსო, ვანო მერაბიშვილი რომ მოგედავოთ, როგორ დაამტკიცებთ სიმართლეს, რომ მან ჩამოართვა წილი ავთო ჯორბენაძეს?

– შინაგან საქმეთა მინისტრია და კანონები ჩემზე უკეთ უნდა იცოდეს, ამისთვის შეუძლია იჩივლოს სასამართლოში, და ჩვენ სიმართლეს დავუმტკიცებთ. თუ ავიღებთ "ავერსისა" და "პე–ეს–პეს" ფინანსურ დეკლარაციებს, დავინახავთ, რომ ისინი ყოველთვიურად აფინანსებენ ნაციონალურ მოძრაობას, ან გადახედეთ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ფინანსურ დეკლარაციას, ლომის წილია ამ ფირმების გადასახადი. ეს რაც ოფიციალურია, თორემ რაც ქაღალდზე არ ჩანს, იმას კიდევ ორი ნული უნდა მივუწეროთ. ხელისუფლებამ მათ უთხრა: "იგულავეთ" როგორც გინდათო. ოქრიაშვილი, (რომელიც "პე–ეს–პეს" ხელმძღვანელია და კანონის დარღვევით დეპუტატიც არის, ან დეპუტატი უნდა იყო, ან ბიზნესი გქონდეს) ბლოკავს ანტიმონოპოლიური კანონის შემოღებას. ჩვენ ვითხოვთ წამლებზე დაწესებული იყოს ზედა ზღვარი, კერძოდ, კარდიოლოგიურ, ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბიოტიკურ საშუალებებზე.