გუშინ ჩვენი დედაქალაქი კიდევ ერთხელ დააფასა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვმა. იგი სათავეში უდგას რუსეთის დელეგაციას, რომელმაც ქართულ მხარესთან უნდა შეათანხმოს რუსეთ-საქართველოს „ჩარჩო“ ხელშეკრულების ახალი პროექტი.
წინა პროექტმა (იგი 1994 წლის 3 თებერვალს არის პარაფირებული ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით) „ჩაილურის წყალი დალია“ მას შემდეგ, რაც რუსულმა „გოსდუმამ“, ფაქტობრივად, უარი განაცხადა ამ პლენარულ სხდომაზე ხელშეკრულების განხილვაზეც კი, არათუ მის რატიფიცირებაზე.
რუსული პოლიტელიტა (არა მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლება, არამედ პრეზიდენტიც) არ მალავდნენ, რომ საკითხს პირდაპირ უკავშირებდნენ საქართველოში რუსული ბაზების დაკანონებას 25 წლით, ხოლო ცრემლნარევი აპელირიება იმაზე „ჩვენ ხომ მოვახდინეთ ხელშეკრულების რატიფიცირება, მაშასადამე, საქართველოს სურს რუსეთთან მეგობრობა, ხოლო რუსეთს საქართველოსთან არა“ - რუს „დერჟავნიკებს“, მათ შორის, პასტუხოვს გულს ვერ აუჩუყებდა.
საერთოდ, ბორის პასტუხოვზე უფრო ძნელად მისაღებ კანდიდატურას ამ დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე ვლადიმირ პუტინი ვერ მოძებნიდა. აქედანაც ნათლად ჩანს მისი ნამდვილი დამოკიდებულება საქართველოსადმი. პასტუხოვი არის საქართველოს ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ტრაგედიაში.
სწორედ იგი დაძვრებოდა 1993 წლის ივლისში საქართველოს სახელისუფლებო კულუარებში და მოუწოდებდა ყველას, გაფორმებულიყო „სამშვიდობო“ (27 ივლისის) ხელშეკრულება, რაც, თურმე, „ერთადერთი საშუალება იქნებოდა ომის შესაწყვეტად“.
შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ რუსეთი ხელშეკრულების ხელმოწერის გარანტი არ ყოფილა – ის მხოლოდ შუამავალი იყო, ამიტომაც არც არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა სეპარატისტთა მიერ 27 ივლისის ხელშეკრულების დარღვევის გამო. 1994 წლის შემოდგომაზე თბილისში ჩამოსულ პასტუხოვს ამ სტატიის ავტორმა დაუსვა კითხვა ხელშეკრულების შეუსრულებლობის თაობაზე. „კითხვა არაკორექტულად არის დასმული“, - მიპასუხა და სადღაც გაძვრა დაუყოვნებლივ. თუმცა, არ დაუზუსტებია, რატომ იყო „არაკორექტული“ იმაზე საუბარი, რომ მისი შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულება მუხანათურად იქნა დარღვეული, რასაც ასეულობით ათასი ადამიანის უბედურება მოჰყვა.
ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ ამის ჩამდენი და შემოქმედი პასტუხოვი ხელშეკრულების ისეთ პროექტს შემოგვთავაზებს, რაც ოდნავ მაინც გაითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს? კაცმა რომ თქვას, არც არის ვალდებული, რუსეთის გარდა, რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდეს.
აქედან გამომდინარე, ნურც ის გაგვიკვირდება, თუ პასტუხოვის ახალი ხელშეკრულება, როგორც სარწმუნო წყაროები ადასტურებენ, ფაქტობრივად, საქართველოს სატელიტურ სახელმწიფოდ ქცევას გულისხმობს. ამ ინფორმაციამ უკვე გაჟონა, თუმცა თვით პროექტი ჯერ არავის უნახავს. ზოგიერთები გვარწმუნებენ, თითქოს პასტუხოვი „რუსეთ-ბელორუსის“ კავშირში შესვლას გვთავაზობს. თავს ნუ მოვიტყუებთ - ეს მას პრივილეგიად მიაჩნია, ამიტომ იმ კავშირში არც მიგვიღებს. მისი წინადადება გულისხმობს არა „მოძმე ბელორუსის“ სტატუსს (როგორც ეს მოსკოვში და მინსკში ესმით), არამედ ყმადნაფიცობას, სუვერენიტეტის შეზღუდვას. თანაც ისე, რომ რუსეთი არაფერს ცვლის აფხაზეთში. შეიძლება „პასტუხოვის ხელშეკრულების“ ამგვარი ინტერპრეტაცია გაზვიადებულიც იყოს, მაგრამ თვით რუსები ამბობენ, „კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო“. პასტუხოვისგან რომ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ, უდავო მხოლოდ ეს არის.