პირველი განხეთქილება რევოლუციონერთა რიგებში

პირველი განხეთქილება რევოლუციონერთა რიგებში

გუშინ გამართლდა პროგნოზი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გამოითქმოდა - შეიქმნა პრეცედენტი შიდა განხეთქილებისა რევოლუციონერთა რიგებში. კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ იგი ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ მდივნის პოსტს და თვით პარტიიდანაც გავა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტია გაერთიანდება ზურაბ ჟვანიას „დემოკრატებთან“. ეს არის „პირველი ზარი“, რომელიც (განვითარების შემთხვევაში) სავალალო შედეგებით დასრულდება არა მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, არამედ თვით ქვეყნისთვისაც.

როგორც ჩანს, გამარჯვებულ გუნდში ყველა ვერ მიხვდა, რომ მათი გამარჯვება საბოლოო არ არის. პირიქით, ჯერჯერობით, საკმაოდ მყიფე და მსხვრევადია. ახალი სახელისუფლებო სისტემა არ შექმნილა და ის, ვინც მის შექმნას ხელს უშლის, ამით, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უშლის რევოლუციის შედეგთა დაკანონებას.

როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ის სავსებით ლოგიკური და ჭეშმარიტი დასკვნა, რომ „სახელისუფლებო სისტემის შეცვლა“ ნოემბრის რევოლუციის უშუალო შედეგია. უფრო მეტიც, რომ არ ყოფილიყო ძირითადი ძალების წინასწარი შეთანხმება რევოლუციაც არ მოხდებოდა.

ახალი სისტემა (პრეზიდენტი-მინისტრთა კაბინეტი-პარლამენტი) რევოლუციის აუცილებელი შედეგია. ის ვინც ამას არ ეთანხმება, ეჭვქვეშ აყენებს თვით რევოლუციის კანონიერებას და მის პოლიტიკურ შედეგს, ვინაიდან მხოლოდ ამ კონფიგურაციამ აქცია შესაძლებლად ხელისუფლების შეცვლა.

სხვაგვარად, ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდებოდა და რევოლუცია არ შედგებოდა.

რევოლუციის განხორციელება მოხერხდა მხოლოდ და მხოლოდ ამჟამინდელი მმართველი სამეულის შეთანხმების საფუძველზე და ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს, მხოლოდ ერთი რომელიმე ძალა (ცალკე) ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას შეძლებდა, როგორი ავტორიტეტულიც უნდა ყოფილიყო ცალკე.

თუ კობა დავითაშვილს ახალი სახელისუფლებო მოდელი არ მოსწონდა, მას რევოლუციისთვისაც არ უნდა დაეჭირა მხარი. 23 ნოემბრის შემდეგ კი ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტის შექმნა, ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობა ისევე კანონიერი, გარდაუვალი, ლოგიკურია, როგორც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა.

 თანაც, ეს არ იყო მხოლოდ ამ სამი პიროვნების შეთანხმება, მათ უკან მძლავრი, გავლენიანი ელიტარული დაჯგუფებები და სოციალური ჯგუფები იდგნენ, ხოლო ლიდერების შეთანხმება, შინაარსობრივად, მათი კომპრომისის გამოხატულებაც იყო.

სხვაგვარად, ისინი ლიდერებს უკვე მაშინ არ მისცემდნენ შეთანხმების საშუალებას.

როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს ამ რეალობის გაზიარება არ სურს, მაგრამ ეს უკვე არა ოპოზიციონერობაა, უფრო დისიდენტობას ჰგავს. თუმცა, აქ უკვე ბევრი არაფრის შეცვლა არ შეიძლება.

ახალი ხელისუფლებისათვის ყველაზე ავისმომასწავებელი ის არის, რომ მათ რიგებში მომხდარი შიდა დაპირისპირება შლის საერთო გამარჯვების აურას და აკნინებს პოსტრევოლუციური იმედის ატმოსფეროს.

ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი სოციუმის იმ ნაწილისთვის, ვინც არ მიესალმება ცვლილებებს და ამჟამად მდუმარედ ელის მოვლენათა განვითარებას, რათა საკუთარი უკმაყოფილება და ახალი ხელისუფლებისადმი ანტიპათია უფრო აქტიურად გამოიხატოს.

ამას დაემატება იმ სოციალური დაჯგუფების უკმაყოფილებაც, რომლებიც ახალი ხელისუფლების მასობრივი ანტიკორუფციული ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ „ნაპერწკალს ელის“, აფეთქებისათვის.

ამიტომ, რევოლუციონერთა მხრიდან ამგვარი „განხეთქილებების“ პროვოცირება თავის დაღუპვისაკენ გადადგმული ნაბიჯებია, რადგან მოსახლეობის იმედგაცრუება ქვეყანაში იმგვარ ატმოსფეროს შექმნის, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებენ ისეთი ძალები, ვისთვისაც საკონსტიტუციო მოდელები მეასეხარისხოვანი საკითხია. ისევე, როგორც პარლამენტის, პრეზიდენტის და პრემიერის უფლებამოსილება.