კოსოვოს პრობლემის თბილისური გადაწყვეტა

კოსოვოს პრობლემის თბილისური გადაწყვეტა

არსებობს თუ არა, პარალელები კავკასიის გახლეჩილ პოლიტიკასა და გეოპოლიტიკური არეულობის სიმბოლოდ ქცეულ ბალკანეთს შორის? ეს თემა წლების მანძილზე დიდი დებატებისა და უთანხმოებების მიზეზი იყო. ამიტომ გასაოცარი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარებმა 1999 წელს კოსოვოდან სერბეთის არმია გააძევეს და დე-ფაქტო ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ანლკლავიდან რეალურად პატარა, დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, ამ დისკუსების ხარისხმა და აგრესიულობამ იმატა. 

სამხედრო ძალით მოგვარებული რეალობა ნოტარიულად და იურიდიულად 2008 წლის თებერვალში გაფორმდა. მაშინ კოსოვოს მთავრობამ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დღემდე 71 ქვეყნის აღიარება მოიპოვა, მათ შორის – ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის.

დებატები კვლავ გაცხარდა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას და დასრულებისთანავე. ამ ომში, მოსკოვი ”კოსოვოს პრევედენტს” აფრიალებდა, რათა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში თავისი ჯარის ყოფნა განემტკიცებინა და ცოტა ხანში ამ ქვეყნების დამოუკიდებლობაც ეღიარებინა. თუმცა მის მაგალითს სულ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა.

კავშირი კავკასიისა და ბალკანეთის სიტუაციებს შორის, საკამათო არაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის აზრით, კოსვოსა და აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობების აღიარების კონტექსტი ძალიან გამსხვავდება ერთმანეთისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ორი შემთხვევა გარდაუვლად დაუკავშირდა ერთმანეთს თუნდაც იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკის მიმოხილველები და პოლიტიკოსები აუცილებლად მიიჩნევენ მათზე დაყრდნობას ან უარყოფას, რათა განამტკიცონ მათი არგუმენტები ამ შემთხვევების თავსებადობის მხარდასაჭერად, ან უარყოფისთვის.

ტრადიციულად, კავკასიისა და ბალკანეთის ურთიერთკავშირი მათი უწესრიგო განხეთქილებებით, მათში შემავალი ცივილიზაციების ხატოვანი სიძველით და მათი ენების დაუჯერებელი განსხვავებულობით აღიწერებოდა. მაგრამ ის აზრი, რომ ორ რეგიონს შორის არსებული ეს მსგავსება, შეიძლება კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში იქნას გამოყენებული, დეტალურად არავის განუხილავს.

ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე გადაულახავი მათ შორის ის რწმენაა, რომ ფონი, რომელიც ამ რეგიონებში შექმნილი სიტუაციების მიღმა არსებობს, უფრო მეტ ჭრილობას გააჩენდა, ვიდრე უმკურნალებდა. ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს ლოგიკა. კოსოვარებს მართლა აღარ აქვთ იმდენი მოთმინება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში აღიარებისას, მათი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული არგუმენეტები ისმინონ. ხოლო ქართველებს სულაც არ სურთ იმის გაგება, თუ როგორ მიუთითებენ რუსი სამართლის სპეციალისტები, კოსოვოს საქმისა და დასავლეთის მიერ თბილისის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის არათავსებადობაზე. თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს საქმეები საკმარისად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამის მიზეზი, საუკეთესო შემთხვევაში, ერთმანეთის კონტექსტთან შეზღუდული რელევანტობა და მათი ფეთქებადსაშიში წინააღმდეგობრიობაა.

მაგრამ თუ ამ ფორმულის ნაწილებს გადავალაგებთ, ინტერესთა გასაოცარი მსგავსება იჩენს თავს. საქართველო, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ გამოდგებოდა იმისთვის, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიმდინარე სასტიკი უთანხმოების მოგვარების პროცესში აქტიურად შეესრულებინა შუამავლის როლი, განსაკუთრებით კი – კოსოვოს სერბი უმცირესობის საკითხთან დაკავშირებით.

კოსოვარებისთვის საქართველო საინტერესო მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ჯერ არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა და, როგორც ჩანს, არც გეგმავს ამას, საქართველოს აქტიურად შეჰქონდა წვლილი 2000-იანი წლების დასაწყისში ნატოს სამშვიდობო მისიაში, კოსოვოში. საქართველოს სიახლოვე თურქეთთან ნდობის განმტკიცებისთვის დამატებითი არგუმენტია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბალკანეთის მუსულმან მოსახლეობასა და მათ სტამბოლელ ისტორიულ პარტნიორებს შორის კავშირები კვლავ განახლდა და საქართველოს გულითადმა ურთიერთობებმა ვაშინგტონთან (საერთო ეჭვებმა მოსკოვთან დაკავშირებით), ასევე უნდა ჩააცხროს ეჭვი, რომ თბილისი მათ ღალატს მოისურვებს. ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ის მუდამ ამტკიცებს ამ ორი შემთხვევის რადიკალურ სხვაობას.

სერბები, თავის მხრივ, იმ ფაქტში, რომ თბილისი კვლავინდებურად არ აღაირებს კოსოვოს, კმაყოფილებას ჰპოვებენ. გარდა ამისა, მიუხედავად ბელგრადის სიახლოვისა მოსკოვთან, სერბმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იციან, რომ თბილისის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება, დაცული იქნება განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა საერთაშორისო საზოგადოების აზრს არ უბიძგოს იმ მიმართულებით, რომელიც საფრთხეს შექუმნის მისსავე ტერიტორიულ ინტერესებს აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთში.

ის ფაქტიც, რომ სერბებიც და ქართველებიც მართლმადიდებლები არიან, ასევე არაა უმნიშვნელო რამ, რადგან ბელგრადი უარს ამბობს იდეაზე, რომლის თანახმადაც, შუამავალობა მათმა ყოფილმა სიუზერენმა – ანკარამ უნდა შეასრულოს. მის მეგობრებს მოსკოვში ეს, ალბათ, არ მოეწონებათ, მაგრამ ბელგრადმა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გააცხარა საერთაშორისო ვნებათაღელვა კოსოვოსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შეიძლება აღიაროს, რომ ასეთ საყოველთაოდ მისაღებ ვარიანტს, ვეღარც მიაგნებს.

ის, თუ რა შესაძლებლობები შეექმნება საქართველოს ცხადია: ის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა, რამაც შესაძლოა, ნატოს სკეპტიკოს წევრებს საკუთარი პოზიციას გადაასინჯინოს. უკვე ათწლეულია საქართველო ცდილობს საკუთარი თავი რეგიონალური უსაფრთხოების ხელშემწყობად წარმოაჩინოს, თუმცა მისი მიღწევების უმეტესება რუსეთთან ომმა დაჩრდილა. თუ ის მოსკოვისადმი უფრო ფრთხილ პოზიციას დაიკავებს და ევროპას მისი ყველაზე ცნობილი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, თბილისმა ამით შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს საკუთარ თავს, ამასობაში კი ამ გარდატეხით გენერირებული კეთილგანწყობა, შეიძლება საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შემორჩენილი ღვარძლი ჩაცხრეს.

რა თქმა უნდა, არაფერია გარანტირებული. ის, რაც შეიძლება შუალედურ გადაწყვეტილებად დასახლედეს, ზოგიერთებისთვის შესაძლოა ნულოვან შედეგს უდრიდეს - გარშემო ძალიან ბევრი პროტესტია. და მართლაც, წარმატების გარანტიები არ არსებობს, რადგან პრობლემის სიხისტე მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მაგრამ პოტენციური სარგებელი უზარმაზარია, და საქართველოს მთავრობის მიერ რეალურ განხილვას ნამდვილად იმსახურებს.
[foreignpress.ge]