შემდეგი ნაბიჯი - მშვიდობა? რაზე შეთანხმდნენ ალიევი და ფაშინიანი

შემდეგი ნაბიჯი - მშვიდობა? რაზე შეთანხმდნენ ალიევი და ფაშინიანი

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებული ყველა უთანხმოება განიხილეს, - იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA. მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდ და სხვადასხვა ფორმატში გაიმართა - როგორც პირისპირ, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მრჩევლების მონაწილეობით.

მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი შესძინა ერთი მხრივ -  ბაქოსა და მოსკოვს შორის უთანხმოებამ, ხოლო მეორე მხრივ - თურქეთისა და შეერთებული შტატების მხრიდან, ორ ქვეყანას შორის სწრაფი შერიგების მხარდაჭერამ. ამ ეტაპზე, რუსეთი პროცესს გამოეთიშა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში, ის ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

„კონკრეტული განცხადებების გარეშეც კი, ის ფაქტი, რომ ისინი შეხვდნენ და ძირითადი საკითხები განიხილეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - დაწერა Twitter-ზე ყარაბაღის კონფლიქტის ექსპერტმა, ოლესია ვარანიანმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას.

ისტორიული შეხვედრა?

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული შეხვედრა პირველი, პირდაპირი მოლაპარაკებები იყო ალიევსა და ფაშინიანს შორის - მანამდე ორი ლიდერი მხოლოდ შუამავლების მონაწილეობით, ან მრავალმხრივი სამიტების ფარგლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს რამდენიმეწლიანი მუშაობის კულმინაციაა. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც უკვე შემუშავებულია, მაგრამ ჯერ არ არის ხელმოწერილი, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მუშაობდნენ; საზღვრის დელიმიტაციის სამუშაო ჯგუფებს ვიცე-პრემიერები ხელმძღვანელობენ; ასევე არსებობს პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი ორი ლიდერის მრჩევლებს - არმენ გრიგორიანსა და ჰიქმეთ ჰაჯიევს შორის.

თუმცა, შეხვედრამ ასევე აჩვენა, რომ რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლის საერთო სურვილი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სახელმწიფოებს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული მტრობა, ასევე ორ ლიდერს შორის არსებული უნდობლობა, რომლებიც ცოტა ხნის წინ, ერთმანეთთან ომში იყვნენ, დაუყოვნებლივ წაიშალოს. პოზიციების თანხვედრის მიუხედავად, შეხვედრაზე არცერთ საკითხზე გარღვევა არ დაფიქსირებულა - არანაირი განცხადება არ გაკეთებულა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესაძლო ადგილისა და თარიღის შესახებ. გარდა ამისა, არაფერი ითქვა კონკრეტული კომუნიკაციების გახსნაზე.

სამშვიდობო პროცესი აზერბაიჯანმა 2020 წლის ომში გამარჯვების შემდეგ წამოიწყო, თუმცა სომხეთი მაშინვე არ დათანხმდა მონაწილეობას. ერევანმა ბაქოს პოზიცია გამარჯვებულის მცდელობად მიიჩნია, დამარცხებულისთვის მშვიდობა დაეკისრებინა და მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით ამჯობინა - ეს შუამავალი კი რუსეთი იყო.  ფაშინიანი დათანხმდა სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვას, თუმცა შუამავლები ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ჩაანაცვლეს.

კონფლიქტები მოსკოვთან

ამ შეხვედრამდე, მოსკოვის წინააღმდეგობები, როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან გამწვავდა. რუსეთი არ იყო კმაყოფილი რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის სომხეთში დაპატიმრებით და ფაშინიანისა და სომხური ეკლესიის კონფლიქტით.

ეკატერინბურგში, დაკავების დროს ორი აზერბაიჯანელის გარდაცვალების საპასუხოდ, ბაქომ ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებული რუსი მოქალაქეები დააკავა.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c98jp76gyveo