40-მეტი რეალიზატორი და 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი - ვინ არიან დაკავებულები?

40-მეტი რეალიზატორი და 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი - ვინ არიან დაკავებულები?

„მეფედრონი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „პსილოცინის“ შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“, „პრეგაბალინი“, „ჰეროინი“, „მეთადონი“; „ალფა პევეპე; „ტრამადოლი“; „კლეფედროლი“; „მეფედრონი“; „მორფინი“; „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „კანაფი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინინი“ - ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო თვეებში არაერთი გახმაურებული სპეცოპერაცია ჩატარდა.

საერთო ჯამში, ამოღებულია, დაახლoებით, 300 კგ „ჰეროინი“, 430 კგ „კანაფი“, 140 კგ „მარიხუანა“, 6000 აბი „სუბოტექსი“, 7 ლიტრი თხევადი „ჰეროინი“. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა ბათუმის ტერმინალში 85 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს. აკრძალული ნივთიერება ქვეყანაში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა და ის სამშენებლო აგურებში იყო დამალული.

საერთო ჯამში კი დაკავებულია 40-მე მეტი ნარკორეალიზატორი, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ. დაკავებულთა უმრავლესობას 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შს მინისტი აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა მისი საქმიანობის პრიორიტეტია. შექმნილია სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ებრძვიან ნარკოტიკებით ვაჭრობას ინტერნეტ-სივრცეში და ე.წ. დადების პრინციპით რეალიზაციის ფაქტებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას; ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი.

გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია, სავარაუდოდ, იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. ამ დანაშაულების ჩადენისთვის, მათი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ მიერ დაკავებული პირები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან“, - განაცხადა გელა გელაძემ.

ნარკომანია და ნარკობიზნესი საერთაშორისო პრობლემაა და მას ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვიან, ამ ბრძოლაში ჩაერთო საქართველო. ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ცვლილებებსა და გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ვიღაცები ცდილობდნენ, წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხდებოდა „მარიხუანას“, ასევე კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია.

„ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისთვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ. მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებულ იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან.

ხედავთ, რომ აქაც არის გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება, რომლის დახმარებითაც, ვიღაცები ცდილობდნენ, წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა „მარიხუანას“, კლუბური ნარკოტიკების და ა.შ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი! ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით, ესეც, თავიდან ბოლომდე იმას ემსახურება, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ე.წ. ლეგალური ფორმა, თუ არალეგალური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ომი მსხვილი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ დაწყებულია და, საერთო ჯამში, დაკავებულებიდან 18 - მსხვილი ნარკორეალიზატორია. რამდენად შეძლებს საქართველო ამ საერთაშორისო ქსელთან ომს და შემდეგ გამარჯვებას, ეს მომავლის საკითხია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ შედეგობრივი მაჩვენებელი, რაც სახეზე გვაქვს, გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ გარკვეული დადებითი ეფექტი ამ ღონისძიებათა სისტემას ექნება.

„თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ საქართველოს საზღვრა სათანადოდ გაკონტროლდება, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, რომლებიც მოწყვლადია, ან პირობითად, არ არის მაღალი მოწყვლადობით გამორჩეული, მაგრამ წარმოადგენს სასაზღვრო ზონას. იქაც აუცილებელია სათანადო ტექნოლოგიური აღჭურვა, რომ გარკვეული საფარის ქვეშ არ შემოედინებოდეს ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის, საზღვაო პორტებშიც.

ასე, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვიქნებით ტექნიკურად აღჭურვილი და რამდენად ძლიერი აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობა გვექნება, როგორც სადაზვერვო, ისე კონტრსადაზვერვო კუთხით და, ასევე, პოლიციური უწყებების მხიდან ერთად, კოორდინირებულად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოუცხადა შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკებსა და გამსაღებლებს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არ არის მარტივი საქმე. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ასეულობით კილოგრამ ნარკოტიკს იღებენ, რაც მიანიშნებს, რომ საკმაოდ დიდი ბაზარი და მსოფლიო ქსელია, ხოლო საქართველო - მისი შემადგენელი ნაწილი.

„რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებს ხელისუფლება, რომ ბოლომდე დაიყვანოს ეს ბრძოლა, სამწუხაროდ, ნარკოტიკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი მომხმარებლების რაოდენობა და შემდგომი თაობები გადავარჩინოთ. როგორც ჩანს, სახელმწიფოს აქვს კომპლექსური პოლიტიკა. ერთი მხრივ, ის ებრძვის რეალიზატორებს და მეორე მხრივ, პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცადა, რომ ე.წ. „მეტადონის პროგრამა“ ახლებურად გაგრძელდება.

ეს კომპლექსური ღონისძიება მაფიქრებინებს, რომ სახელმწიფომ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ამ საკითხს და რამდენიმე წელიწადში, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა იქნება მინიმალური. ბრძოლა რთული იქნება და არ ველოდები, რომ ნულამდე დავა მომხმარებელთა რაოდენობა. ეს შეუძლებელია, რადგან მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ნარკოტიკების სრულად აღმოფხვრა.

თუმცა, აქ არის რამდენიმე ფაქტორი: პირველი - სახელმწიფო იზრუნებს ადამიანის განკურნებაზე; მეორე - სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ბაზარზე ნარკოტიკების მიწოდება და მესამე - გამკაცრდა კანონმდებლობა და იცით, რომ მაქსიმუმი არის უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც გარკვეულწილად, შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.

ხშირ შემთხვევაში, რეალიზაციაში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც კურიერის ფუნქციას ასრულებდნენ. როცა უკვე სასჯელი იქნება 20 წელი და სამუდამო თავისუფლების აღკვეთა, ეს რა თქმა უნდა, ერთგვარი პრევენციაა და ბაზარზე ნარკოტიკების რეალიზატორების დეფიციტი გაჩნდება, რაც ამ ბაზარს დიდ დარტყმას მიაყენებს. ველოდები, რომ დადებენ ხელშესახებ შედეგს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით ჩიხელიძე.

 

 

Gami ვინ არის დაკავებული,, ვინმემ გაიგო?
1 საათის უკან