ეუთო/ოდირის არათანმიმდევრულობა და ხელისუფლების გადაწყვეტილება: რატომ არ მოიწვევს „ოცნება“ სადამკვირვებლო მისიას ადგილობრივი არჩევნებისთვის  

ეუთო/ოდირის არათანმიმდევრულობა და ხელისუფლების გადაწყვეტილება: რატომ არ მოიწვევს „ოცნება“ სადამკვირვებლო მისიას ადგილობრივი არჩევნებისთვის  

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია - ისინი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ დაესწრებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან  „სპეკულაციები“ მიმდინარეობს. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე და ნათლად თქვან, აღიარებენ თუ არა ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარადგინეს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში, მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ამ ორგანიზაციისა და მისი დასკვნის დისკრედიტაცია.

მერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნები წარმატებულად შეაფასა და დაადასტურა მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენეს ამ დასკვნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა.

ხელისუფლების პოზიცია ეუთო/ოდირის არმოწვევაზე ორ ძირითად არგუმენტს ეფუძნება: ერთი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს; მეორე მიზეზად კი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა სახელდება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპონენტებმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ამ ორგანზიაციის დასკვნის ირგვლივ აწარმოეს. 

მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მკაფიო  განცხადებისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ეუთო/ოდირის დატვირთვა ზედმეტი იქნება“, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) მაინც მზადაა, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნოს.

„გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ოფისი მზადაა, გაგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება მოწვევას დროულად გამოაგზავნის“, - აღნიშნულია ოდირის 7 ივლისის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, ეუთო/ოდირის არმოწვევა „გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.

თუ ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა „ოცნებამ“ ორგანიზაცია არ მოიწვია. მანამდე, თითქმის ყველა არჩევნებზე იგზავნებოდა სადამკვირვებლო ჯგუფები და შესაბამისად, იწერებოდა დასკვნებიც. გამონაკლისი იყო 2014 წელი, როცა ეუთო/ოდირი შეზღუდული ბიუჯეტის გამო არ ჩამოსულა საქართველოში, თუმცა „ოცნებამ“ მაშინაც გაუგზავნა მოწვევა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან ამბობს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გამოსვლებმა და იქ გაკეთებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია აღარ არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი:

„ძალიან ლეგიტიმური კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ეუთო/ოდირმა  მიუკერძოებელი დასკვნა რეალურად  როდის დადო. ჩვენ შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს, გვახსოვს ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ არჩევნები ხარვეზებით კი ჩატარდა, თუმცა მთელ მსოფლიოში მსგავსი პატარა პრობლემები ყველა არჩევნების დროს ფიქსირდება. მათი მტკიცებით, ისეთი ხარვეზები არ იყო, რაც არჩევნების შედეგებზე რადიკალურ გავლენას მოახდენდა. ახლა კი მოვისმინეთ განცხადებები, რომ რადგან ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ციხეშია, შესაძლოა, არჩევნების ჩატარებას პრობლემები შეექმნას.

აქედან გამომდინარე, ეუთო/ოდირი ბიუროკრატების ტყვეობაში მოექცა. მათ შარშან ნამდვილად სამართლიანი და ობიექტური დასკვნა გააკეთეს. თუმცა, ისინი არავის არც მოუსყიდია და არც სხვა ზეწოლის ქვეშ ყოფილან, რომ ეს დასკვნა დაეწერათ. ამიტომ, რადგან ხელისუფლებაზე ხდება ზეწოლა, რათა ძალაუფლება ხელში ოპოზიციამ ჩაიგდოს, ეუთო/ოდირზეც დაიწყეს ზემოქმედება. სწორედ ამის გამოძახილია ის ანგარიში, რომელიც რამდენიმე დღის წინ, საქართველოზე მიიღეს. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ჩამოიყვანოს ხელისუფლებამ ეს ორგანიზაცია, რომელიც უკვე არასანდოა და ასევე, ეს ვალდებულება „ოცნებას“ აღარ აქვს“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციასთან აფილირებული და დაახლოებული სადამკვირვებლო ჯგუფები ჩამოვიდნენ, რომლებიც კარგად არიან დატრენინგებულები და უკვე იციან, როგორ ტარდება არჩევნები ელექტრონული სისტემით. ამიტომაც არაა გამორიცხული, ოპოზიციასთან შეთანხმებით, მათი მხრიდან გარკვეული პროვოკაციებიც კი დაიგეგმოს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება. მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია დაჟინებით ითხოვს, რომ ისინი მოიწვიონ. მაშინ, ჩნდება კითხვა, რატომ არიან ასე დაინტერესებულები? ხომ არ ხდება მათზე ზეწოლა ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ აქ ის დამკვირვებლები გამოიგზავნონ, რომლებიც ყველაზე კარგად არიან დატრენინგებულები და აქ, ნაციონალებთან აფილირებულ მესამე სექტორთან ერთად იმოქმედონ. ამიტომ ხელისუფლება ქვეყანაში შემოიყვანს სრულიად სხვა, ისეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ესწრებიან ხოლმე, იგივე ევროპიდან, იქნება ეს უნგრეთი, თუ სხვა ქვეყნები. შესაბამისად, ამ თემის გარშემო, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომლის ირგვლივაც, ოპოზიციასა და მათ ლობისტებს კონკრეტული გეგმები ამოძრავებთ“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

 

 

 

 

მარბიელი ამ მსჯელობაში რა თქმა უნდა არავის შემოვა; თუ დღეს ოდირი უნდათ, მაშინ ისიც უნდა თქვან, რომ შარშან ოდირმა რაც თქვა ჩვენს არჩევნებზე, რომ "იყო კონკურენტული გარემო" და "ცესკომ იმუშავა მაღამოროფესიულად" უნდა აღიარონ, ეს კი ნიშნავს, რომ "გაყალბება" ყურითაა მოთრეული! მოვა ოდირი, მის დაწერილს არავინ ყურადღებას არ მიაქცევს, არ მოვა და - აი გაყალბდაო!
23 საათის უკან