შიდა ეროზია ევროკავშირის ელიტებში

შიდა ეროზია ევროკავშირის ელიტებში

მეშვიდე პოლიტიკური რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 კვირით ადრე, ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო. არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და სვიფტიდან გათიშვით ემუქრება, თუკი არ შეასრულებს ევროპელი პარლამენტარების მიერ მიღებულ ე.წ. როზოლუციას.

რეზოლუციის შინაარსი კი ასეთია - „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსი ხელშესახებად არ შეიცვლება და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ „რეჟიმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და „ქართველი ხალხის წარმომადგენლად“.

სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია ასევე მოიცავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა ჩაიტაროს საზღვარგარეთ და ასევე, ოპოზიციის ლიდერების დაუყონებლივ განთავისუფლებასაც ითხოვს.

ცხადია, რომ ეს პოლიტიკური რეზოლუციაა, რასაც თან ახლავს დათქმები, რომლის გათვალისწინებას საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ეს რეზოლუცია საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას ემსახურება, რადგან ევროკავშირი, ფაქტობრივად, უარს ამბობს საქართველოში არჩევნებზე.

„პირდაპირ რადიკალიზაციისკენ არის ეს რეზოლუცია მოწოდებული. ფაქტობრივად, ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოში არჩევნებზე ანუ ჩატარებული არჩევნების შედეგები არ მოსწონს, თორემ არჩევნების პროცესთან კონკრეტულ შენიშვნას ვერ ამბობენ. ელემენტარულად რომ თქვან, ლოგიკურად აღწერეთ, როგორ შეიძლება გაყალბებულიყო არჩევნები, ვერ აღწერენ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენთან არის, ელექტრონული ტექნოლოგია, რომლითაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ძნელია, ეს რამენაირად მოახერხო. იმ მედიაპლურალიზმის პირობებში, რომელიც საქართველოშია, განსხვავებით ევროპის ბევრი ქვეყნისა და დღეს, ესეც უკვე რეალობაა, ამის ახსნა არ შეიძლება. ამიტომ, ასეთი ლოზუნგები აქვთ მოფიქრებული: „რუსული სპეცოპერაცია“ და აი, ამ სრულ სიგიჟეში გვამყოფებენ.

იქამდეც მივიდნენ, რომ ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წინააღმდეგნი არიან თვითონ ეგენიც და, რა თქმა უნდა, მათი სატელიტების დიდი უმრავლესობა აქ. აი, ეს არის ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი, როდესაც ევროპა ჯერ გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყო, ახლა საერთოდ არჩევნების წინააღმდეგი გამოდის. ეს შიდა ეროზიას იწვევს და ამას საზოგადოება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებშიც ხედავენ, თუ რა შიდა ეროზია მიმდინარეობს ევროკავშირის ელიტებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სულსწრაფი დასკვნების გაკეთებას მაქსიმალურად ერიდება, მაგრამ ევროსტრუქტურებისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების, ლამის გეომეტრიული პროგრესიით მზარდი გაფუჭების სამწლიანი ქრონიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთისგან მზარდი დისტანცირებაა ის სცენარი, რასაც უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ.

„რას უნდა ველოდოთ - გააჩნია ვინ და როგორ უყურებს ამ საკითხს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში საქართველოს, რამდენად აქვს იმის შიდა რესურსები, რომ გაუძლოს ამ ზეწოლას. ზეწოლა რომ იქნება და შეიძლება, დამატებითი დამსჯელი ოპერაციებიც, ამაში ეჭვი არ მეპარება. შესაძლოა, მთელი ის ჩამონათვალი არ იყოს, რაც ევროკავშირის რეზოლუციაშია, მაგრამ გარკვეული ღონისძიებები იქნება.

გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს, საქართველოს წინააღმდეგ ძალიან გააქტიურდა ბრიტანეთი, რომელიც ოფიციალურად არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ფაქტობრივად ევროპული თანამეგობრობის წარმომადგენელია. ნატო-ს წევრია და მონაწილეობს ევროპულ საქმეებში. იმიტომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩასულები, რომ სავარაუდოდ, სანქციებზე დაითნხომონ და შესაბამისად, წნეხი გაძლიერდება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

როდესაც ისეთ პატარა სახელმწიფოზე, როგორიც საქართველოა, ძლიერდება წნეხი უფრო დიდი და გავლენიანი გაერთიანებისგან, როგორიც ევროკავშირია, ან თუნდაც სამომავლოდ, აშშ-იც მიღებულ იქნას ე.წ. მეგობარი აქტი, ანალიტიკოსის მოსაზრებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად საკმარისია ქვეყნის შიდა რესურსები, რომ ამ ზეწოლას გაუძლოს და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ან ხელისუფლებას ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა.

„ევროკავშირში ინტეგრაცია თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შენი სუვერენიტეტის რაღაც ნაწილს აბარებ ევროკავშირის სტრუქტურებს, როგორც ამ გაერთიანების ყველა წევრი სახელმწიფოები, მაგრამ ის, რასაც ითხოვენ ჩვენგან, როგორ უნდა დავთმოთ სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების უნარი, რა დავალებები და მისია უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ გავხდეთ ღირსი ევროკავშირის წევრობაზე მოალაპარაკების გახსნისა, ეს ეტაპი ყველაზე უფრო კრიტიკულია.

ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, უკვე ვკარგავთ ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობის ნაწილს და ქვეყნის შიდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, დიდწილად, უცხოური გავლენებისა და კონტროლის ქვეშ მოექცევა. ამიტომ, საჭიროა, რომ წინასწარ გვქონდეს შექმნილი ე.წ. უსაფრთხოების ბალიშები, რომელიც ასეთი კრიტიკული სტუაციებისგან დაგვაზღვევს. უსაფრთხოების ბალიშები არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შექმნას მისი მრავალვექტორული პოლიტიკით - ეს არის ურთიერთობების განვითარება არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთანაც.

ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, იგივე, რუსეთთან მიმართებაში მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარს ამბობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. თუმცა, ჩვენ მივსდევთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას, რომ არ გამოვიწვიოთ კიდევ ერთი, სერიოზული სამხედრო კონფლიქტი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს დააზარალებს, არ გამოვიწვიოთ მასთან ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო ჩაწყვეტა, რომელიც ძალიან მძიმედ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, არ დავაზარალოთ იქ მცხოვრები ჩვენი თანამამულეები და, რაც მთავარია, არ გამოვიწვიოთ სიტუაციის ხელახალი ესკალაცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის გაკეთება რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ასეთი რეზოლუციები უკვე ღიმილის მომგვრელია და ძნელია, ადამიანს ჰქონდეს სერიოზული რეაქცია იმაზე, რასაც ლაპარაკობენ და, საბედნიეროდ, ვერ აკეთებენ.

„ბევრ რამეს, რასაც ამბობენ, მათ კომპეტენციაში არ შედის და თვითონვე აღნიშნეს, რომ ჩვენი რეზოლუციები, სამწუხაროდ, შედეგს არ იძლევაო. როგორც ჩანს, რეზოლუციებს იღებენ არა იმიტომ, რომ შედეგი მიიღონ, არამედ - მათთვის საჭიროა რეზოლუციები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვან, აი, ებრძვიან საქართველოში ხელისუფლებას. შემოვლითი მხარე, ალბათ, არის ის, რომ თუკი შედეგი არ აინტერესებთ, მთავარია, ვიღაცას აჩვენონ, რომ იბრძვიან. მსგავსი სურათი ნანახი გვაქვს ჩვენთვის ნაცნობ სივრცეებში - მთავარია, აჩვენო და შედეგს არ აქვს მნიშვნელობა.

სავარაუდოა, რომ ასეთი მდგომარეობა უფრო დიდ სისტემაში ჯდება და უფრო დიდია სწორედ ეს დაპირისპირება საქართველოსთან, რომელიც უფრო ულტრალიბერალურ განწყობებს უკავშირდება, რომლებსაც ისევ და ისევ სურთ აქ ხელისუფლების შეცვლა. როდემდე? - ალბათ, უფრო არჩევნებამდე, ჩინეთის კავკასიასთან მოახლოებამდე და რუსეთის განწყობების ცვლილებამდე.

რაც შეეხება რუსეთს, შეიძლება, სწორედ რუსეთი იყოს ის მხარე, ვისაც აჩვენებენ, რომ ასე იბრძვიან. რატომ? - იმიტომ, რომ ვიღაცისგან ფული ხომ უნდა მიიღონ? ხშირად ამ ლიბერალებისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და მოქმედებენ ერთნაირად. საქართველოში მიტინგები, ერთი მხრივ, ლიბერალების მხრიდან ფინანსდებოდა, მეორე მხრივ, მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთისგან ფინანსდებოდნენ.

ეს არც თუ ისე უჩველოა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ გაიძახიან რაღაცებს და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთრებენ, თუკი რუსეთი ამას დაუკვეთავს. ზოგადად, უკრაინის თემაც რამდენად არის ანტირუსული, ესეც საკითხავია. ასე, რომ საბოლოო ჯამში, დიდი კორუფციაა და ამ კორუფციის მასშტაბებზე ფიქრია ალბათ საჭირო, რომ გაეცეს პასუხი კითხვას - როდემდე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.