მთავრობა ცვლილებებს აანონსებს, თუმცა არა საკადროს

მთავრობა ცვლილებებს აანონსებს, თუმცა არა საკადროს

პარტიის თავმჯდომარე რომ რადიკალურ საკადრო ცვლილებას გეგმავს, ამას შესახებ for.ge მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ პრეზიდენტის არჩევნებამდე წერდა. მათ შორის იმაზე, რომ უკვე გადაწყვეტილია თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განთავისუფლება და ეს ცვლილება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ განხორციელდება. სამთავრობო ცვლილებების საკითხი უკვე იყო უმარვლესობასა და პრემიერ–მინისტრის განხილვის თემა.

for.ge–ს ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში გამოჩდნენ ძველი სახეები და ამაზე მეტყველებს ივანიშვილის განცხადება „ძველ გვარდიაზე“. არც ის არის გამორცხული, რომ „ძველი გვარდიის“ ნაწილში ივანიშვილი ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობდა. ის, რომ ცვლილებები იქნება და ამჯერად, ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება, ამის შესახებ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განცხადებით, მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას.

საკადრო ცვლილების პარალელურად, იცვლებიან რეგიონის რწმუნებულები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის დიდი ცვლილებები რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, ძალაშია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ბუნებრივია, აქ ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი არის გუნდის განახლება, გადახალისება.

„რაც შეეხება, უშუალოდ საკადრო ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ გვესმის სპეკულაციები, ამ სპეკულაციებს არ აქვს საფუძველი. გუნდის განახლება არის ამოცანა, თუმცა, სპეკულაციებს - ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე (ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს), კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამთავრობო გუნდში ცვლილებებს არ ადასტურებს პრემიერ–მინისტრი და ამბობს, რომ ახალი მთავრობა კარგად მუშაობს. თუმცა მამუკა ბახტაძემ აქვე აღნიშნა, რომ, თუ რომელიმე მინისტრი მოთხოვნებს ფეხს არ აუწყობს, ის მუშაობას ვერ გააგრძელებს.

„ჩვენ გვყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევს თავს იმ პროგრამის შესრულებას, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ცვლილებების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, რომელიც ასევე არ ადასტურებს საკადრო ცვლილებებს, თუმცა ამბობს, რომ როდესაც გადაადგილებების საჭიროება იქნება, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებენ.

„როცა იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ პარლამენტში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. დეპუტატი ადასტურებს, რომ თემა პრემიერთან უკვე განხილულია.

„უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ცვლილებები. ჩვენ პრემიერთან გვქონდა საუბარი ორი დღის წინ და შევთანხმდით, რომ დეკემბრის თვეში გაჟღერდება ახალი ინიციატივები. ახალი წლის შემდეგ, ალბათ, უკვე იქნება კომპლექსური ხედვის თაობაზე შეჯერება პოზიციების, რომელიც უკავშირდება მათ შორის შიდა მენეჯმენტის ახალ შეთავაზებებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს დეპუტატი ანრი ოხანაშვილიც, თუმცა ამბობს, რომ კონკრეტულად რაიმე სახის ცვლილებაზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.

„თუკი ასეთი ინფორმაცია გახდება ცნობილი უმრავლესობისთვის, ამის შესახებ უმრავლესობიდან შესაბამისი პირები, ვისაც ეს თანამდებობრივად ეხებათ, გააცნობენ საზოგადოებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საკადრო ცვილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში, თუმცა ამბობენ, რომ მთავრობის კოსმეტიკური გადაადგილებები არსებულ სიტუაციას ვერ შეცვლის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, არავინ იცის, რა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, ან თუ საერთოდ განხორციელდება, რადგან გადაწყვეტილებებს მთავრობა ან პრემიერ–მინისტრი არ იღებს.

„გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელიც ჩნდება მხოლოდ არჩევნების წინ, ხოლო არჩევნებიდან არჩევნებამდე ის იმალება. რაც შეეხება ცვლილებებს, ვერანაირი კოსმეტიკური ცვლილებები ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ოლიგარქიულ სისტემაში, სადაც აღარ არსებობს არჩევნები იმიტომ, რომ არჩევნებს ჩვეულებრივად ივანიშვილი იპარავს იმისთვის, რომ მან პირადად ძალაუფლება შეინარჩუნოს“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მოსალოდნელმა საკადრო ცვლილებამ ძველი ანეკდოტი გაახსენა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომლის შეფასებით, აღნიშნულ ცვლილებებს სერიოზულად არავინ განიხილავს.

„ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია – მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო. აი, ამას მაგონებს ეს ყველაფერი. სერიოზულად არავინ არ განიხილავს ამ გადაადგილებებს. ჩვენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის გუნდმა.

განსაკუთრებით ბოლო არჩევნებით, როცა პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს იმით, რა ფორმითაც ის ჩატარდა. აქედან გამოსვლის გზაზე აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შემდგომში ერთპიროვნული მმართველობის დემოკრატიული გზით დამთავრება და ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაყენება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.