„როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა“ თავის წინასწარმეტყველს უარყოფს? მაშინ რაღაც იდეას ხომ უნდა ჩაებღაუჭონ?“

„როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა“ თავის წინასწარმეტყველს უარყოფს? მაშინ რაღაც იდეას ხომ უნდა ჩაებღაუჭონ?“

ამერიკელი მკვლევარის, ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრებით, გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში მიხეილ სააკაშვილის როლი უმთავრესი იყო. „ნაცმოძრაობისთვის“ სააკაშვილი თავსატეხია. მასთან ასოცირება ზღუდავს „ნაციონალთა“ შესაძლებლობებს, გასცდნენ ამ ბაზისს. ამდენად, სააკაშვილი კარგი სტრატეგი რომ იყოს და სურდეს „ქართული ოცნების“ მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და მესამე ძალის გამოჩენას შეუწყობდა ხელს.

ლინკოლნ მიტჩელი „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიზეზებსაც თავისებურ ახსნას უძებნის. მისი მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ მადლობელი უნდა იყოს სააკაშვილის, რომ ის აქტიურობს და ქართველ ხალხს აშინებს. პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ძალისხმევა უნდა გააორმაგოს, რათა აღმოფხვრას კორუფცია, დააჩქაროს რეფორმები და თავისი მიღწევების გასაცნობად უფრო აქტიური ურთიერთობა დაამყაროს ქართველ ხალხთან.

შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ლინკოლნ მიტჩელის რეკომენდაციის შესრულებას ერთწლიანი ტაიმ-აუტის აღების შესახებ?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წარმოუდგენელია ლინკოლნ მიტჩელის დარიგება შეასრულოს სააკაშვილმა და ერთი წელი ხმა არ ამოიღოს, რადგან სააკაშვილი, ფაქტობრივად, არის „ნაციონალური“ პარტიის, თუ სექტის წინასწარმეტყველი, როგორც იყო მოსე და სხვები. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა“ თავის წინასწარმეტყველს უარყოფს? მაშინ რაღაც იდეას ხომ უნდა ჩაებღაუჭონ?

„კონსტრუქციული თუ მათ კიდევ აქვთ რამე, ეს ნიშნები უფრო „ევროპული საქართველოსკენ“ შეიმჩნევა. ვერ ვიტყვი, რომ დადებითი ნიშნები „ევროპულ საქართველოს“ ჩამოყალიბებული აქვს, პირიქით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ისინი დესტრუქციის მხარეს დადგნენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მათ შინაგანი რღვევა განიცადეს. მათი პარტია ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა. ასე რომ, კონსტრუქციული ნიშნები მათკენ მაინც შეიმჩნევა. მათ შეუძლიათ არსებობა ამ ცრუწინასწარმეტყველის გარეშე, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. იმ რადიკალებს კი, რომლებიც რევოლუციის გზას ადგანან, პერსპექტივა არ აქვთ. სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა, მაგრამ პატარა ცემა-ტყეპამდე შეიძლება მივიდეს საქმე“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და ამ არჩევნების შემდეგ „ნაციონალთა“ დემორალიზაციაზეც საუბრობს.

კერძოდ, ჩვენ ვიხილეთ, წონასწორობიდან გამოსული სააკაშვილი, რომელმაც თავად იხილა მცირერიცხოვანი აქცია და გვარამიასაც დაუპირისპირდა ტელეეთერში, ნუ ბაქი-ბუქობთო.

ანალიტიკოსის შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოში „ნაციონალთა“ გზას პერსპექტივა არ აქვს. ასეთი რევანში ვერ შედგება, თუ მათ არ შეცვალეს თავიანთი შეხედულებები, არ გადასინჯეს ყველაფერი, რაც წარსულში ჩაიდინეს. მათ მონანიება, თავიდან დაბადება სჭირდებათ, რაც სააკაშვილის შემხედვარე ძნელად წარმოსადგენია.

„ისინი ვერ მობრუნდებიან და ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ, მართალია, „ნაცების“ მობრუნების საფრთხე შეიქმნა, მაგრამ მათ საბოლოოდ უარყოფითი პასუხი მიიღეს ქართველი ხალხისგან. „ნაცებს“ არც 2020 წელს ექნებათ მობრუნების პერსპექტივა. ახლა ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ, თუ „ოცნება“ ასე გააგრძელებს, 2020 წელს „ნაცები“ მობრუნდებიან. ეს არ მოხდება, აგერ მარტო ირმა ინაშვილმა ასი ათასი ქართველი გამოიყვანა აქციაზე“.

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ თავისდა გასაოცრად დაინახეს, რომ მიუხედავად მათთვის მიცემული ხმებისა, ხალხში ის მუხტი არ არის, რომ რევოლუცია დაიწყონ. შესაბამისად, სააკაშვილის მიმართ თავად „ნაციონალებშიც“ გაჩნდა სკეფსისი და მისი ინსტრუქციების შესრულება არავის სურს.

„თუმცა „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილზე დამოკიდებულია ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, პოლიტიკური გავლენებით და ფინანსური თვალსაზისითაც. ამდენად, რომც არ უნდოდეთ, სააკაშვილთან კავშირს მაინც შეინარჩუნებენ. სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“ კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ მადესტაბილიზირებელ ფაქტორად საქართველოში და ინფორმაციული შხამების ფაბრიკა კვლავ წამლავს მოსახლეობას მისთვის ჩვეული საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, რომელსაც ის კარგად ფლობს. საერთოდ, როგორ ფინანსდება „რუსთავი 2“, რომელიც საქართველოს ტელებაზრის ძალიან დიდ სეგმენტს მოიცავს, წესით და რიგით უნდა გამოეძიათ, მაგრამ ამ გამოძიებას ისეთი პოლიტიკური ხმაური მოჰყვა და ისეთი მექანიზმი ჩაერთო, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.