თიბილოვი ქართული სოფლების განადგურებას ჩქარობს

თიბილოვი ქართული სოფლების განადგურებას ჩქარობს

ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების  შესაძლო განადგურებას ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი გმობს და დე-ფაქტო ხელმძღვანელობას მოუწოდებს, პატივი სცეს იძულებით გადაადგილებული პირების ქონებრივ უფლებებს. ვოლებეკი მიიჩნევს, რომ  ქართული სოფლების განადგურება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის დარღვევა იქნება. თუმცა გაუგებარია, რომელი სამართლით განსჯიან ქართველების ქონების ხელმყოფ ოსებს, რადგან დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები არანაირ საერთაშორისო კანონმდებლობას არ ექვემდებარებიან.

უკვე ცნობილია, რომ ქართულ კვალს სრულად წაშლიან ოკუპირებული ცხივნალის რეგიონის ტერიტორიაზე. მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებული ქართული სოფლების - ქურთას, კეხვის, აჩაბეთისა და თამარაშენის პირწმინდად აღგვის განკარგულება გასცა. ეს მაშინ, როცა აგვისტოს ომის შემდეგ ქართული სოფლები ისედაც აღგავეს პირისგან მიწისა. თიბილოვის თქმით, ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებს სახელებს შეუცვლიან, ხოლო სახლებს დაანგრევენ. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში, მთლიანობაში, რვა დასახლებაზეა საუბარი.

ამჯერად, ნასოფლარების ადგილი სამრეწველო ობიექტებისთვის და სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის იქნება გამოყოფილი. უფრო მეტიც, ადგილობრივი რეჟიმი ამ სოფლების გეოგრაფიული სახელწოდებების გაუქმებას იმით ამართლებს, რომ ეს ტერიტორიები საცხოვრებელი სახლებისათვის აღარ იქნება გამოყოფილი. შესაბამისად, როგორც დასახლებული პუნქტები, ისინი არ იარსებებენ. აქედან გამომდინარე, მათი დასახელებების შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არის.

ამის მიუხედავად, კნუტ ვოლებეკი სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას ქართული სოფლების განადგურების შესახებ გაკეთებული განცხადების დაზუსტებისკენ და სოფლებთან მიმართებით მათი გეგმების შესახებ მიუთითებს.
„ასეთი გეგმა, თუ ის განხორციელდა, იმ მცირე კვალს ამოძირკვავს, რაც ეთნიკური ქართველების სოფლებისგან შემორჩა სამხრეთ ოსეთში“, - აღნიშნავს ვოლებეკი, რომლის თქმითაც, ეს სახლები ამ სოფლების ძირძველ მაცხოვრებლებს კვლავაც ეკუთვნით და ისინი არ უნდა დაინგრეს.
ამასთანავე, ვოლებეკი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლება აქვთ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. ამდენად, მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ.
ვოლებეკი, ასევე, აღნიშნავს, რომ სოფლების განადგურება საერთაშორისო სამართლის დანაშაული იქნება.
„მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელმძღვანელობას და ამ რაიონის შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ იძულებით გადაადგილებული პირების ქონებრივ უფლებებს და შეასრულონ თავისი ვალდებულება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“ , - აღნიშნავს ვოლებეკი და მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ისედაც არასტაბილურ რეგიონში პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
მეტიც, თუ ეს გეგმა განხორციელდა, ის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ხელის შემშლელი იქნება.
სავარაუდოდ, ვოლებეკი უახლოეს მომავალში ცხინვალის რეგიონს ეწვევა და ცხინვალის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზევე შეისწავლის ვითარებას.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ეუთოს შეფასებას გამართლებულად მიიჩნევს, მაგრამ, ეჭვობს, თუ შემდგომში რამდენად იქნება ეს დანაშაული დასჯადი და სამართალს დაქვემდებარებული.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის ობიექტი არ არის. ამდენად, ისინი არავის წინაშე ვალდებულნი არ არიან და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მათ სწორად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ეს არის ტიპიური, კლასიკური ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და არ მიმაჩნია, რომ ამ სოფლების დანგრევით სწორად იქცევა ოსური მხარე“.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ზოგადად, სისხლის სამართლის დანაშაულის გამო პასუხისგება მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ ხორცელდება, ვინც აღიარებს კონკრეტული ქვეყნის კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, თუ საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, იგი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ, თუ საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ პასუხს აგებს იმ ქვეყნის კანონებით და არა - საქართველოს კანონებით.

„ამდენად, თუ რომელი კანონმდებლობით დაისჯებიან დამნაშავე ოსები, სწორედ ეს უნდა დაეზუსტებინა ეუთოს. საინტერესოა, რომელი კანონის შესაბამისად არიან ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები?! საერთაშორისო სისხლის სამართლის კანონმდელობა მათ არ მიუდგება, რადგან ისინი არ არიან საერთო სამართლის სუბიექტები“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ქართული სოფლების დანგრევის შესახებ განაცხადი აშკარად რაღაც თამაშის ნაწილია. კერძოდ, მათ სურთ, დააფიქსირონ, რომ იქ არასდროს აღარ იქნება ქართული სოფლები. უფრო სწორად,  მათ უკვე აღგავეს პირისაგან მიწისა ქართული სოფლები, მოასუფთავეს ადგილები და დღეს კი პოსტ-ფაქტუმ ამბობენ, რომ ამ ადგილებს აღგვიან.

ექსპერტის აზრით, ამით დე ფაქტო რეჟიმი ადასტურებს, რომ ამ სოფლების აღგვა შემთხვევით არ მომხდარა, არამედ მოხდა შეგნებულად და გათვითცნობიერებულად.

გარდა ამისა, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ქართული სოფლების აღგვის შესახებ განაცხადი იმასაც ნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონში უკვე ემზადებიან დანარჩენ საქართველოში ცვლილებისთვის. მათ იციან, რომ სააკაშვილთან არასდროს მოუწევთ მოლაპარაკებების გამართვა, მაგრამ ისიც კარგად უწყიან, რომ ივანიშვილთან მოუწევთ ასეთი მოლაპარაკება. ამიტომ, ფაქტის წინაშე აყენებენ ივანიშვილს და აჩვენებენ, რომ იქ დევნილები არასდროს დაბრუნდებიან.

„აშკარაა, რომ საქართველო იმდენად შეიცვლება, საინტერესო გახდება ოსებისთვის. ამიტომ, ოსეთის ხელისუფლება ჩქარობს, რათა მოასწროს იმ სიტუაციის მოწმენდა, რასაც შემდეგ უკვე დაახვედრებს ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. არსებითად, პოზიციები უფრო მკაფიო და ცხადი ხდება. საქართველოს მოუწევს სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რის გამოც წლების განმავლობაში არსებული ქართული სოფლები დღეს გაპარტახებული და აღგვილია. ეს მარტო ოსებისა და რუსების ბრალი არაა, არამედ საქართველოს ხელისუფლების წილიცაა ამ ყველაფერში, რადგან რუსეთის პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდა. არ უნდა მომხდარიყო ეს საშინელი ეთნიკური წმენდა, რაშიც სააკაშვილსაც თავისი წილი ბრალი მიუძღვის. თუმცა, ბრალის მთავარი წილი არის ოსებისა და ოსეთის მხარეს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ოსები აჩაბეთის, კეხვის, თამარაშენის, ქურთას, - ამ ღონიერი სოფლების აღგვას აპირებენ. მეტიც, იქ მათ უკვე ააშენეს სახლები და „მოსკოვსკაია“ დაარქვეს  კვარტალს, სადაც ხალხი შეასახლეს. ახლა კი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურაც ააშენონ, გზები გააფართოონ და სხვა.      

For.ge-სთან საუბარში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ეუთოს უმაღლესი კომისრის განცხადებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, კნუტ ვოლებეკი ცნობილი ორგანიზაციის ხელმძღვანელია და წონიანი პიროვნებაა ევროპის თუ, ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით.

„რა თქმა უნდა, მის ნათქვამს სერიოზული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის, რომ ამის გამო ცხინვალის ხელისუფლებაში გარკვეული ძვრები მოხდება, არიქა, აღვადგინოთ ქართული სოფლები და ქართული მოსახლეობის მდგომარეობა გავაუმჯობესოთო, ამას არ უნდა ველოდოთ. რაც არ უნდა თქვან საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დე ფაქტო რეჟიმი ყოველთვის ისე იქცევა, თითქოს ეს მათ არ ეხებათ და ისინი ამას არ ცნობენ“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

ამდენად, ექსპერტი რაიმე სასწაულს არ მოელის. მეტიც, გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ კნუტ ვოლებეკის განცხადება არ უნდა ეხებოდეს მაინცდამაინც ამჟამინდელ სიტუაციას და ქართული სოფლების ნგრევას, რადგან ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლები ისედაც აღგვილია.  

„დიდი ხანია, ქართული სოფლები განადგურებულია, ძირითადად აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში. მახსოვს, თვითონ კოკოითიმ გააკეთა ასეთი განცხადება, ქართული სოფლების კვალიც აღარ არის და ეს ამოცანა ბოლომდე შესრულებულია, ქართული სოფლები განადგურებულიაო. ამიტომ, დასანგრევი იქ აღარაფერი აღარ დარჩა და ახლა ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ აღდგენაზე“, - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა.