რა საერთო აქვს პატრიოტთა ბანაკს სამხედრო ბაზასთან

რა საერთო აქვს პატრიოტთა ბანაკს სამხედრო ბაზასთან

სამეგრელოს შემდეგ, მესტიის რაიონშიც საეჭვო ფორმირებები გამოჩნდნენ, რომლებიც ე.წ. „ლაგირის“ ტერიტორიაზე განთავსდნენ და სამხედრო ბაზა ჩაკეტეს. მათ სამხედრო ტანსაცმელი აცვიათ და, როგორც აცხადებენ, აქ სამხედრო წვრთვნას გადიან. მომხდარის შესახებ თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ სამხედრო პირები ადგილობრივებს საკუთარ საძოვრებსა და სათიბებში გადაადგილებას უკრძალავენ.

მართალია, თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ამ ინფორმაციას უარყოფენ, მაგრამ სამხედრო ბაზის თვითმხილველი „ინფო 9“-ის ჟურნალისტი ლევან კიკვიძე აღმოჩნდა, რომელიც იქვე მდებარე საკუთარ მიწის ნაკვეთში ღობის შესაკეთებლად ნაჯახითა და ჩაქუჩით მიეშურებოდა. იგი იცნეს, როგორც ჟურნალისტი და შეშვებაზე პრობლემები შეუქმნეს. არადა, მან განუმარტა, რომ იგი კამერისა და მიკროფონის გარეშე იყო მისული. მოგვიანებით უკვე ვიდეოკამერით აღჭურვილ ლევან კიკვიძეს აუხსნეს, რომ აქ პატრიოტული ბანაკი მდებარეობდა. მაშინ, როცა ე.წ. „ლაგირის“ ტერიტორიაზე პატრიოტული ბანაკის არსებობა თავად ამ ბაზაზე შეკრებილმა სამხედრო პირებმა უარყვეს და ტერიტორია სამხედრო ბაზად მოიხსენიეს.

მოკლედ, ამ დაბნეულობის ფონზე, ერთი რამ ცხადია, რომ პატრიოტთა ბანაკად გადანათლულ სამხედრო ბაზას წინასაარჩევოდ კარგი მიზნებისთვის არ გამოიყენებენ.

სხვათა შორის, მესტიის გამგებელი ილია ჯაფარიძეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლაგირის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთი იმყოფება. მესტიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ ჯაფარიძე კი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება სამხედრო ფორმირებების გამოყენებას არჩევნებზე პოზიციების გასამყარებლად შეეცდება. მისი თქმით, მესტიის რაიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ სასურველი პოზიცია არ აქვს. ამიტომაც შეიყვანეს მესტიაში გარკვეული კონტინგენტი.

„ადრე სხვა შენობაში, ძველი ტურისტული ბაზის ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებულნი, მაგრამ ახლა ქვემოთ ჩამოიწიეს, გზისკენ, და, პრინციპში, გზა მთლიანად დაიკავეს. დაახლოებით, 500 მეტრით გადმოიწიეს, სოფლის გზაც დაკეტეს და შიგნით უკვე შეიარაღებული პირები იმყოფებიან. არ ვიცი, ვინ არიან, მოსახლეობასაც არ უშვებენ. არადა, ხალხს იქ სათიბები აქვს,“ - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისი აზრით, ამ საეჭვო ფორმირებებს, სავარაუდოდ,1 ოქტომბრისთვის ამზადებდენ. სხვა დანიშნულებაზე ფიქრი კი შეუძლებელია. 

„აბა, სხვა რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს?! მესტიაში არანაირი დაძაბულობა არ არის, არაფერი საეჭვო არ შეიმჩნევა. ამდენად, არანაირი აუცილებლობა არ იყო, რომ სამხედრო დისლოკაციის მიზეზი ჰქონოდათ“.

აქვე ვიქტორ ჯაფარიძე „ლაგირის“ ტერიტორიაზე ვითომც პატრიოტთა ბანაკის არსებობას ეხმაურება. მისი განმარტებით, აქ არ არიან ახალგაზრდები და არავითარი პატრიოტული ბანაკი არ ჩანს.

„რამდენი პირია თავმოყრილი ამ სამხედრო ბანაკში, ზუსტად არ ვიცი. ამის მიუხედავად, ადგილობრივ მოსახლეობას არაფრის ეშინია. „ქართული ოცნების“ მიმართ სვანების განწყობა არ შეიცვლება. პირიქით, ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აქტიურს ხდის მოსახლეობას, რადგან ხედავენ, რომ მათ პრობლემას უქმნიან სათიბებთან დაკავშირებით. ისინი მოსახლეობის დასაცავად არ არიან ამოსულნი. მოსახლეობას მათი დაცვა არ სჭირდება“, - განმარტა ვიქტორ ჯაფარიძემ.

უფრო მეტიც, მისი თქმით, ამ საეჭვო ფორმირებებში არც ერთი ადგილობრივი არ არის გაერთიანებული.

„ზუსტად ვერ გეტყვით, თბილისელები არიან თუ მეგრელები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მათ შორის ადგილობრივები რომ არ არიან, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ“.

აქვე ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, ამ სამხედრო ბაზიდან სროლა არ ისმის.