„სტუდენტები არ ვიყიდებით“

„სტუდენტები არ ვიყიდებით“

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დღეს სტუდენტების საინიციატივო ჯგუფმა გამართა აქცია ლოზუნგით – „სტუდენტები არ ვიყიდებით“.

სტუდენტების განცხადებით, აქციით მათ პროტესტი გამოხატეს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 21 აგვისტოს ანაკლიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამა „summer job“–ს მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ნიკა მემანიშვილი for.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მიზანი არის იმ მორიგი უსამართლობის გაპროტესტება, რაც ხელისუფლებამ სტუდენტებთან მიმართებაში ჩაიდინა. საქმე ეხება „summer job“–ს, რომელიც მემანიშვილის განცხადებით იყო არა დასაქმების, არამედ უსაქმურობის პროგრამა, რადგან ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობამ ანაზღაურება სწორედ უსაქმურობაში აიღო.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროგრამა იყო სტუდენტების მოსყიდვის პირდაპირი მცდელობა. ამის ნათელი მაგალითია პრეზიდენტის სიტყვები, რომლითაც მან ანაკლიაში შეკრებილ სტუდენტებს მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ამ ახალგაზრდებს პრაქტიკულად პირდაპირ მოუწოდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისაკენ. მან სტუდენტებს უთხრა, რომ თუ ამ დასაქმების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, მაშინ მათ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა. ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ეს არის უსამართლობა, ჩვენ კი ვართ ის თაობა, რომელიც უსამართლობას არ შეეგუება“, – აცხადებს ნიკა მემანიშვილი.

სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და ამიტომ ის 400 ლარი, რომელიც სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის ანაზღაურების სახით იყო გაწერილი, ბევრი სტუდენტისთვის სერიოზული თანხაა. ამიტომ, პროგრამაში მონაწილეობა ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურდა, მაგრამ ყველას გვახსოვს, მაშინ პროგრამაში დარეგისტრირების პროცესი საკმაოდ სკანდალურად წარიმართა. იყო პრეტენზიები, რომ პროგრამაში დარეგისტრირება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა შეძლეს, რომლებიც პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ, სხვა სტუდენტებისთვის ეს პროგრამა ხელმისაწვდომი არ იყო.

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განმარტება, რომ პროგრამა „summer job“–ში დარეგისტრირების ელექტრონული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, ვინაიდან იგი ასეთი დიდი ოდენობის მომხმარებლებზე არ იყო გათვლილი. შემდეგ, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, თითქოს, პროგრამაში დარეგისტრირების მეორე ტურიც გამოცხადდა, მაგრამ დღეს სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამაში, მაინც, ძირითადად, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ამ პროგრამაში მონაწილეთა დაახლოებით 98% „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისაღებია და ეს ადამიანები მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, რასაც „summer job“–ი ითვალისწინებდა, არაფერი უკეთებიან, ანუ მათ პრაქტიკულად უსაქმურობაში მიიღეს ანაზღაურება. ხოლო ის დაახლოებით 2%, რომელიც ამ პროგრამაში შემთხვევით მოხვდა და ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არ არიან, საკმაოდ მძიმე სამუშაოებზე დაასაქმეს.

„ამ სტუდენტების თითქმის 98%–მა ეს ერთი თვე არაფერი აკეთა და ხელფასი ამაში მიიღო. ხოლო ის ორი პროცენტი, რომელიც პროგრამაში შემთხვევის მოხვდა, შუა ივლისში, მზის გულზე რუსთავის გზატკეცილზე გზის დაგების სამუშაოებზე დაასაქმეს“, – აღნიშნავს ირაკლი ყიფიანი.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ამ პროგრამაში ისედაც ძირითადად ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, ხოლო ისინი, ვინც  პროგრამაში შემთხვევით მოხვდა, მაინც გარკვეულწილად ვალდებულად თვლიან თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე. ამიტომ, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მოსყიდვის ეს პოლიტიკა ამართლებს, რადგან „summer job“–ის მონაწილე სტუდენტების დიდი უმრავლესობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას.

„ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდები, რომლებიც სტუდენტის სტატუსის მტარებლები არიან. ხელისუფლებამ ამ ადამიანებს ეს 400–400 ლარი ავანსად გადასცა. ხოლო იმ ორ პროცენტს, რომელიც ამ პროგრამაში შემთხვევით მოხვდა, რუსთავის გზატკეცილზე გზა დააგებინეს“, – ამბობს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.

მისივე შეფასებით მიხეილ სააკაშვილის ანაკლიაში შეკრებილი სტუდენტებისადმი მიმართვა ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა.

„სირცხვილია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ზეპირად არ იცის „ვეფხისტყაონის“ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სტროფი და როდესაც იგივე პრეზიდენტი ურცხვად ეწევა ახალგაზრდების, კერძოდ სტუდენტების პირდაპირ მოსყიდვას. ამას მოწმობს მისი „summer job“–ის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა, სადაც მან სტუდენტებს ხელისუფლების მხარდაჭერისკენ პირდაპირ მოუწოდა“, – აღნიშნავს ირაკლი ყიფიანი.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არ არიან. ისინი უბრალოდ თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ. ამასთანავე, მათი თქმით, ხვალ ისინი ილიას უნივერსიტეტშიც აპირებენ საპროტესტი აქციის გამართვას და ილიაუნიდან ლექტორების უსამართლოდ გამოყრას გააპროტესტებენ.