შანტაჟი ომის დაწყების მუქარით, ანუ რა გველის ოქტომბერში

შანტაჟი ომის დაწყების მუქარით, ანუ რა გველის ოქტომბერში

ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში სულ უფრო მატულობს და სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ხელისუფლებას მომავალი არჩევნების პანიკური შიში აქვს. ამას მოწმობს მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანებული და ხმამაღალი საუბარი ახლა უკვე კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ადრე ის არ ახსენებდა, დღეს კი უწოდებს ადამიანს, რომელსაც საქართველოს წარსულში დაბრუნება და დანგრევა სურს.

ყურადსაღებია მიხეილ სააკაშვილი განცხადება, რომელიც მან დიდგორობაზე გააკეთა. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ წინ დიდგორობა გველის და ხელისუფლებამ ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვოს.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მართლაც ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო პროვოკაციაც კი წამოიწყოს, რათა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და არჩევნები გადადოს. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება ეჩქარება.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნა ექსპერტების აზრით სწორედ ამას მოწმობს, რადგან რაც დრო გადის ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, „ქართული ოცნება“ კი სულ უფრო მეტ მხარდამჭერებს იკრებს.

ყველაფერ ამის ფონზე მაინც საყურადღებოა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომელიც მან 20 აგვისტოს „მეცხრე არხის“ ეთერში გააკეთა. კერძოდ, შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ბურჯანაძემ მას შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდა. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაუსვა კითხვა ბურჯანაძეს ჟურნალისტმა ეკა ბერიძემ და სთხოვა, ეს ინფორმაცია გაეღჟერებინა. ამის საპასუხოდ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს მძიმე პოლიტიკური ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს, მან ბიძინა ივანიშვილს ყველა იმ საფრთხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც დღეს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ხედავს.  

„შევეცადე მისთვის მომეტანა ის არგუმენტები, ის ფაქტები, რატომ ვთვლი, რომ არჩევნებს სააკაშვილი ნებისმიერ შემთხვევაში გააყალბებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. რაკიღა ეს საკითხი გახმოვანდა, მით უფრო, როდესაც დღეს თვალს ვადევნებდი, როგორ აშუქებდა ცენტრალური არხები „რუსთავი2“, „იმედი“, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ უფრო მეტი სიმართლე უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ. მართლაც ბატონმა ბიძინამ რამდენჯერმე გამამეორებინა ის ფაქტი, რომელიც მე მას ვუთხარი, იმდენად მძიმე რეაქცია ჰქონდა მას. ეს ეხებოდა კონკრეტულად სააკაშვილის შანტაჟს ჩემთან მიმართებაში, როდესაც საპარლამენტო არჩევნების წინ მე მქონდა გადაწყვეტილი, პოლიტიკური პარტია შემექმნა. სააკაშვილმა ამაში ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახა (რადგან ოპოზიცია მაშინ ძალიან ძლიერი იყო), დაინახა საფრთხე იმისა, რომ პოლიტიკურად ვითარება გართულებულიყო და მას ძალაუფლება დაეკარგა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარების გამწვავების და მისი ხელისუფლებისადმი საფრთხის დამუქრების შემთხვევაში, თუ მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ის აფხაზეთში საომარ მოქმედებებს დაიწყებდა. ეს იყო 2008 წლის იანვრის ბოლო და მას მიაჩნდა, რომ ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას ოპოზიციის სერიოზული გაძლიერება მოჰყვებოდა, რაც მისი ხელისუფლების შესუსტებას და პოლიტიკური ვითარების დაძაბვას გამოიწვევდა და ის მზად იყო, რომ აფხაზეთში დაეწყო საომარი მოქმედებები თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით პრაქტიკულად დასტურდება საზოგადოების ნაწილში არსებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა, შესაძლოა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად მართლაც მოაწყოს სამხედრო პროვოკაცია. იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტები, for.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ როდესაც სააკაშვილი ამით ბურჯანაძეს აშანტაჟებდა, მან კარგად იცოდა, რომ მის მიერ წამოწყებულ ავანტიურას რუსეთი კარგად აჰყვებოდა. ამის დასტურად ზაქარეიშვილს პუტინის ცნობილი განცხადება მოჰყავს, რომლის თანახმადაც რუსეთი ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონფლიქტისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა.

„სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი პარტნიორი, რუსეთი, ომისთვის მზად იყო და ამიტომ აშანტაჟებდა რა ბურჯანაძეს, დარწმუნებული იყო, რომ სიმართლეს ეუბნებოდა. რუსეთმა დასაჯა საქართველო იმით, რომ საომარ მოქმედებებში ჩაითრია და მიიღო ის, რაც სურდა. იგი აკონტროლებს ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, განალაგა აქ ბაზები, აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამიტომ სააკაშვილის მიერ რუსეთის აყოლიება უკვე შეუძლებელი იქნება, რადგან რუსეთმა უკვე მიიღო ყველაფერი, რის მიღებაც ომის საშუალებით სურდა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, რუსეთი ახლა უკვე მშვიდად არის და სააკაშვილმა რომ პროვოკაცია წამოიწყოს, რუსეთი მსოფლიოს ეტყვის, რომ სააკაშვილი ავანტიურისტია და პროვოკაციებს ის აწყობს. ამდენად, ექსპერტი თვლის, საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილმა ავანტიურა წამოიწყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგან მას ამაში რუსეთი აღარ აჰყვება. ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთს კავკასიაში მშვიდობა სჭირდება, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ ის მშვიდობისმყოფელია, ვინაიდან მას წინ აქვს სოჭის ოლიმპადა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მაინც ხედავს სამხედრო კონფლიქტის დაწყების საფრთხეს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების არა ერთადერთი სამოქმედო გეგმა, არამედ უფრო სამარქაფო ვარიანტი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ე.წ. „რეზერვისტთა“ ჯგუფების შექმნა. გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს პროცესი, თავდაპირველად ასეთი დაჯგუფებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პირობითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიქმნა. მართალია, შემდეგ ეს პროცესი მთელს საქართველოში გავრცელდა, მაგრამ თავიდან სწორედ აქედან დაიწყო და ეს ხალხი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ თავდასხმა მოწინააღმდეგის მხრიდან უნდა მოხდეს ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ ჯგუფებთან დაკავშირებით ისტერიკაა ატეხილი, განსაკუთრებით ცხინვალში. ექსპერტი ამბობს, რომ მას პირადად აქვს ინფორმაცია, რომ ცხინვალში ასეთი განწყობაა.

„ქართულ და აფხაზურ პრესაში ყრუდ გაკრთა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში დაკავებული პირი, გვარად ჩაჩავა, სწორედ ამგვარი დაჯგუფების წევრია. ამდენად, ასეა თუ ისე, ამგვარი ტიპის პროცესები გარკვეულწილად არსებობს. რაც შეეხება მეორე საკითხს, პანიკა, რომელიც გარკვეული დროის წინ შეიქმნა, რომ თითქოს ცხინვალი იცლება და რომ იქიდან თავდასხმაა მოსალოდნელი, ესეც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, რომელიც ქართული სახელისუფლებო მედიის მიერ იყო გაბუქებული. თუმცა ამ ქმედებას და წინა ნახსენებს საერთო კონტექსტში თუ განვიხილავთ, ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ქართული ხელისუფლება ამ მიმართულებით გარკვეულ აქტივობას გეგმავს, თუკი ის ეფექტი ვერ მიიღო ამ არჩევნებიდან, რაც მას სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინდა რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვიყო და არ მინდა ვთქვა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სამარქაფო ვარიანტია, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოება, სამწუხაროდ, სააკაშვილს ზედმეტად ენდობოდა და ის ბრმა მხარდაჭერა, რაც სააკაშვილს დასავლეთისგან ჰქონდა, იყო დათვური სამსახური, როგორც მისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ქმედებების მიმართ ყურადღება და კონტროლი გაძლიერდა და ამას დაემატა თუნდაც ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე კონტროლის მექანიზმები, როგორიც არის მაგალითად ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე დაკვირვება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, სატელიტიდან და ა.შ. რაც დასავლეთს მეტ საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში საფრთხეები დროულად შეაფასოს, რისკები გაზომოს და შესაბამისი პოლიტიკური ზემოქმედება მოახდინოს, თუკი რომელიმე მხარის მიერ კონფლიქტის გაღვივების თვალსაზრისით გადაადგილებებს ექნება ადგილი.

„ეს არის ერთ ნაწილი, ანუ დასავლეთი კონფლიქტის არ განახლების სადარაჯოზეა. მეორე მხრივ, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი მხრიდან ნებისმიერი არასწორი, პროვოკაციული ნაბიჯი, პირველ რიგში, სწორედ მისთვის აღმოჩნდეს სახიფათო, რადგან ეს დასავლეთის ზურგს უკან გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯი იქნება და ამას დასავლეთში უკვე აღარ აპატიებენ. ამასთან სააკაშვილმა იცის, რომ თუკი მისი ნაბიჯი გარკვეულ კითხვებს გააჩენს, იგი ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მის ძალაუფლებას და სიცოცხლეს შეიძლება უკავშირდებოდეს. ამიტომ, სააკაშვილი ითვალისწინებს რა თავის ძველ შიშებს, არ მგონია, ასეთი რამ გაბედოს“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

რაც შეეხება ლოკალურ პროვოკაციულ სიტუაციებს, ექსპერტს ამის მოლოდინი აქვს, რადგან მიუხედავად იმისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად რუსეთის ლანძღვაშია, ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებმა დაბალ დონეზე საერთო ენა გამონახონ. ამის საილუსტრაციოდ სესიაშვილი განმუხურის ინცინდენტს იხსენებს და მიიჩნევს, რომ ამგვარ პროვოკაციებს შეიძლება ველოდოთ. თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ იმდენად დიდია დასავლეთის ყურადღება და ქართველი ხალხის მოტივაცია, თავისუფალი არჩევანი რეალურად გაკეთდეს და დემოკრატიამ იზეიმოს, რომ სავარაუდოდ, დასავლეთს არაფერი გამოეპარება.