წინდები საარჩევნო ხმის სანაცვლოდ

წინდები საარჩევნო ხმის სანაცვლოდ

„ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ჩვეულ ამბად იქცა. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიღაც რაიონში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელი შეუშალეს, კოალიციის მხარდამჭერებს ავიწროვებენ და ა.შ. როგორც ამბობენ, ხელისუფლებისთვის პრინციპული საკითხია, რომ ივანიშვილს მშობლიურ საჩხერეში მოუგონ არჩევნები და ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ამას მოწმობს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ივანიშვილის საქველმოქმედო ასოციაცია „ატუ“-სთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც „ატუს“ გზის შესაკეთებელი სამუშაოების წარმოება აეკრძალა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენს მიერ ქალაქ საჩხერეში მიმდინარეობდა გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც არ არის შეთანხმებული ადგილობრივ თვითმმართველობასთან. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. ამასთან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–16 მუხლის თანახმად ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას და თქვენის მხრიდან ადგილი აქვს თვითნებობისა, საკუთრების ხელყოფისა და უნებართვო მშენებლობის ფაქტებს“, - ვკითხულობთ წერილში.

საჩხერეში ამ ფაქტს გაუგონარს უწოდებენ, რადგან საქველმოქმედო ორგანიზაციას ისეთი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უკრძალავენ, როგორიც არის გზა, რომლითაც სარგებლობს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.

საჩხერეში მიმდინარე პროცესებზე for.ge-ს “ქართული ოცნების“ საჩხერის რაიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შოთა გოშაძე ესაუბრება.

შოთა გოშაძე: „საჩხერეშიც ისეთივე სიტუაციაა, როგორც დანარჩენ საქართველოში, ხორციელდება ზეწოლა „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე, დაშინება, შანტაჟი და ა.შ. მაგალითად, ჩვენი რამდენიმე კოორდინატორი სხვადასხვა პროვოკაციებით გახვიეს შარში. ამასთანავე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება. გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში მოსახლეობის მოსყიდვასაც აქვს ადგილი. მაგალითად, ქორეთში წყალგაყვანილობის რამდენიმე ასეულობით მეტრის სიგრძის მილები მოიტანეს, მოსახლეობისთვის თვალსაჩინო ადგილას დააწყვეს და უთხრეს, რომ წყალს გამოუყვანენ, თუმცა ბუნებრივი წყარო, ან ჭაბურღილი არ აქვთ. ამიტომ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, საიდან აპირებენ წყლის გაყვანას. ეს ჩვეულებრივი სატყუარაა, მაგრამ მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგია, ყველანი პირველ ოქტომბერს ქართული ოცნების ასრულებას ელოდებიან. მინდა გითხრათ, რომ საჩხერის გარდა, ხშირად, სხვა რაიონებშიც მიწევს ყოფნა და ყველგან ანალოგიური განწყობაა.

ბატონო შოთა, რამდენადაც ცნობილია კომპანიაატუსგზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აუკრძალეს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

- ეს წერილი ჩემთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო. მასში პირდაპირ წერია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, მაგრამ ვინაიდან ეს გზები მინუციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს, „ატუს“ გზის სამუშაოების შეწყვეტა უბრძანეს. არ მგონია, მსოფლიო ისტორიაში მსგავსი ფაქტი არსებობდეს. ჩემთვის გასაგები იქნებოდა, მათ რაიმე შენობაზე რომ ჰქონოდათ პრეტენზია, რომ ვთქვათ, ფასადი ზიანდება, მაგრამ პრეტენზია გზაზე, რომლითაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც გაივლის, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერიც გაივლის და ეს ყბადაღებული ტურისტიც გაივლის, „ატუს“ ამ გზის გაკეთებას უკრძალავენ.

ასოციაცია „ატუ“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით ფუნქციონირებს. „ატუს“ 31 სკოლა აქვს საჩხერეში აშენებული, ან გარემონტებული (ანუ პრაქტიკულად მთელი რაიონის სკოლები), მისი გაყვანილია რამდენიმე ასეული მეტრის გაზგაყვანილობა და 13 000 ოჯახში აქვს ბუნებრივი აირი შეყვანილი. ამასთანავე, „ატუს“ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 94 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი და თავად საჩხერეში დაახლოებით 20 კილომეტრის სიგრძის შიდა გზები აქვს დაგებული, თავად ქალაქ საჩხერის მთლიანი ინფრასტრუქტურაც (კანალიზაცია, წყალგაყვანილობა და სხვა) „ატუს“ მოწესრიგებულია. ეს ყველაფერი კეთდებოდა არა შარშან, ან შარშანწინ, არამედ დაახლოებით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში.  

მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო რაიონში ვერ დამისახელებს ვერც ერთ ობიექტს, რომელშიც „ატუს“ წვლილი არ არის შეტანილი. ეს ნებისმიერ მათ პროექტს შეეხება.

კონკრეტულად ვინ ახორციელებს ზეწოლას მოსახლეობაზე?

- უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ადგილობრივი სოფლების გამგეობის თანამშრომლები, ამასთანავე, მუნიციპალიტეტის რწმუნებულები, როგორც ახლა მათ ჰქვიათ, სულ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებსაც უბრალოდ ადამიანურად სინდისი აწუხებთ. წელიწადში დაახლოებით 5000 ადამიანი გადის საჩხერის საავადმყოფოს რეანიმაციის ბლოკს და აქედან ნახევარი გარდაცვლილი იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება. აღარაფერს ვამბობ გზებზე, სკოლებზე, მრავალშვილიანებისთვის  და ობლებისთვის დახმარებებზე. საერთოდ, თუკი საჩხერეში რამე კეთდება, ყველაფერი ამ ადამიანის დამსახურებაა და არ მესმის, როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ სიტყვა თქვა, თუნდაც უბრალოდ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე.

როგორც ჩანს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები ხელისუფლებას რაღაცით ჰყავს გამოჭერილი, რაიმე დარღვევა აქვთ ან სხვა ამგვარი რაღაცით აშანტაჟებენ და მათთვის სასურველ ქმედებებს ახორციელებინებენ. მაგალითად, ჩვენთან გუშინ სოფელ ქორეთის მკვიდთან ვიყავით და თქვენ რომ ადგილზე ყოფილიყავით, ცრემლი მოგერეოდათ. ამ ადამიანის სახლს არ აქვს სახურავი (ანუ შენობა დაუმთავრებელია) და ოთახებში პომიდორი აქვს დარგული, ვინაიდან ეს ოთხაები ღია ცის ქვეშ არის. ამ ადამიანს სახლში ორი ავადმყოფი მოხუცი ჰყავს და სოცაგენტმა, იმის გამო, რომ ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე იყო, მას სოციალური დახმარება არ მისცა. მიზეზად კი ის დაუსახელა, რომ სახლში ორი თავი ყველი უნახა. სოცაგენტმა ამ პიროვნებას უთხრა, თუკი ყველის შეძენა შეგიძლია, ესე იგი დახმარება არ გჭირდებაო. ასე აშინებენ სხვებსაც, ზოგს სოციალური დახმარების მოხსნით, ზოგს ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხონვით და ა.შ.

გუშინ ასეთი ინფორმაციაც მომიტანეს, რომ ქორეთში ხმების სანაცვლოდ წინდების დარიგება შეუთავაზებიათ. ასეთი ინფორმაციები მოგვდის ხოლმე, რისი დოკუმენტურად დადასტურებაც მოგეხსენებათ, ძნელია, რადგან ასეთი შეთავაზებების დროს ვიდეოკამერა არავის აქვს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამ ფაქტების მოძიებას და ვთხოვთ, ადგილობრივებმა ეს კამერების წინაც დააფიქსირონ, რათა ყველა ეს ინფორმაცია დოკუმენტურად გვქონდეს დადასტურებული.

რამდენადაც ცნობილია, გარკვეული ზეწოლა საჩხერის საფეხბურთო გუნდთან დაკავშირებითაც ხორციელდებოდა...

- საჩხერის საფეხბურთო გუნდს და ცნობილი ქველმოქმედის მიერ აშენებულ საჩხერის საცურაო აუზს „ქართუ“ აფინანსებდა. ჯერ კიდევ შარშან დააპირეს ამ აუზისთვის დაფინანსების შეწყვეტა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ თვითონ ვერ შეინახავდნენ და თავი დაანებეს. იგივე სიტუაცია იყო საფეხბურთო გუნდთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე წლებია „ქართუ ჯგუფი“ აფინანსებს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დახმარებასთან დაკავშირებით წერილობითი მიმართვა არ გაეკეთებინათ და ამ დახმარების გარეშე გუნდი დაიშლებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამაზეც წამსვლელი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამართალმა იზეიმა და დაფინანსება გაგრძელდა.

საჩხერეში რაიონული საავადმყოფოს ახალი შენობა არის აშენებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი ისე, რომ სხვათაშორის, ამით შვეიცარიის ელჩიც კი გაკვირვებული დარჩა. საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ პაციენტებს ვერ ღებულობს და მათ ძველი საავადმყოფოს მხოლოდ ცემენტდასხმულ იატაკზე წოლა უწევთ იმის გამო, რომ გამგეობამ ახალი საავადმყოფოს შენობა ექსპლოატაციაში არ მიიღო.

საჩხერეში 23 აგვისტოს ბერა ივანიშვილის კონცერტია დაგეგმილი. ამ კონცერტისთვის როგორ ემზადება ხელისუფლება, მოსახლეობაზე ზეწოლას ხომ არ ახდებენენ, რათა ისინი კონცერტზე არ წავიდნენ?

- მინდა გითხრათ, რომ ზეწოლა და შიში საჩხერემ კარგა ხანია დაამთავრა. მართალია, ზეწოლას ცდილობენ, მაგალითად, გუშინ რამდენიმე ოჯახმა გვითხრა, რომ ისინი გააფრთხილეს ამ კონცერტზე არ მიხვიდეთო, მაგრამ ზოგადად შიში მხოლოდ საჩხერეში კი არა, მთელს საქართველოში დაძლეულია და საჩხერეს უკვე აღარაფრის ეშინია. ბერას კონცერტი ჩატარდება და როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, ხალხი ამ კონცერტზე მაინც მივა, ისევე, როგორც არჩევნებზე, და პირველ ოქტომბერს მთელი საქართველო გაიმარჯვებს.