„დღეს გამარჯვების დროა!“

„დღეს გამარჯვების დროა!“

„ჩვენ რუსთავს დავუბრუნებთ ღირსებას და თავის მნიშვნელობას“, - უთხრა რუსთველებს ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის რუსთავის აქციაზე საუბრის მთავრი თემა ის პრობლემები იყო, რომლის წინაშეც დღეს ქალაქი დგას. „ოცნების“ ლიდერმა რუსთავში არსებულ უმუშევრობაზე, უსამართლო შრომის კოდექსზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საჭიროებაზე ისაუბრა.

აქციაზე მისი მსმენელების უმრავლესობა „ოცნების“ მაისურებში იყო გამოწყობილი. მათ ხელში საქართველოს და „ოცნების“ დროშები ეკავათ.

„დღეს არ არის შიშის დრო! დღეს გამარჯვების დროა“ - სკანდირებდა ოცნების მაიუსურიანი მხარდამჭერი, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფს მიუძღოდა წინ. მათ მსგავსად აქციას ხალხი ჯგუფ-ჯგუფად უერთდებოდა.

რუსთავის აქციაზე რეგიონის მოსახლეობა არ ჩამოსულა, თუმცა ადგილზე თითქმის ყველა „ოცნების“ რაიონულ შტაბის წარმომადგენელი იყო. ასევე, რუსთაველებს „ოცნების“ თბილისის შტაბის წევრებიც შეუერთდნენ.

„არავის არ გვეშინია. ვინ რა უნდა დაგვიშაონ. აქ ყველანი უმუშევრები და ამ ხელისუფლებისგან დაჩაგრული ხალხი ვართ“, - ერთმანეთში საუბრობდნენ აქციის მონაწილე შუა ხნის ქალბატონები. 

აქციას თითქმის ყველა ასაკის მოქალაქე ესწრებოდა. ახალგაზრდების გვერდით, დროშებით ხელში შუა ხნის და ასაკოვანი ადამიანები იდგნენ.

ჩვენ აქციაზე მისულთა რაოდენობის დასაფიქსირებლად, შარტავას მოედანზე მდგარი ფასადშეღებილი, ცხრა სართულიანი შენობის სახურავზე ვცადეთ ასვლა.

„გოგონა, სახურავზე ასასვლელი ჩვენ კორპუსში გუშინ პოლიციამ ჩაკეტა. გასაღები მათ აქვთ“, - გვიპასუხა ქალბატონმა, რომელიც მე-9 სართულზე შეგვხვდა. მოგვიანებით ჩვენ ამავე შენობის სახურავზე სამოქალქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები შევნიშნეთ და სახურავზე ასვლა ხელმეორედ ვცადეთ. „თანამშრომელი ვარ, მაგრამ ვისი გააჩნია“, – კორპუსის მე-5 სართულზე 40 წლმადე ასაკის მამაკაცი შეგვხვდა. კითხვაზე არის, თუ არა ახალიას თანამშრომელი გაგვიღიმა და „მიბრძანება“ გვირჩია.

აქციის მონაწილეთა გადაღება ჩვენ მოგვიანებით ადგილობრივი მაცხოვრებლის აივნიდან შევძელით. აქვე შევნიშნეთ, რომ კორპუსების რამდენიმე აივანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთნომრიანი მაისურები და საქართველოს დროშები იყო გამოფენილი.

აღნიშნულ მანიფესტაციაზე საინტერესო იყო სხვა დეტალიც. 4 საათი ვიყავით აქციის ადგილზე და გარშემო არცერთი ფორმიანი სამართალდამცავი არ შეგვხვედრია. ადგილობრივმა საპატრულო პოლიციამ კი, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ჩატარების ადგილზე ინფორმაცი ჰქონდა, მოსახლეობის  უსაფრთხოებაზე არ იზრუნა.  

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოქალაქეები ლამის ბორბლებში უვარდებოდნენ სამარშუტო ტაქსებს. საპატრულო პოლიციას კი, საავტომობილო გზის გადაკეტვაზე  არც უფიქრია. მოგვიანებით ასეთი გადაწყვეტილება „ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო და გზაც გადაკეტეს. ერთდერთი, რასაც ვერცერთი ორგანიზატორი ვერ შეაჩერებდა, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაწყებული წვიმა იყო.

„რა ვქნათ, ხომ არ შევწვიტოთ გამოსვლა? მერიდება წვიმაში დგახართ და სველდებით“, - მიმართავდა ივანიშვილი რუსთაველებს და პასუხად იღებდა „არა! არა!“.

„თქვენზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი და იმაზე თუ რა არჩევანს გააკეთებთ 1 ოქტომრებს. არ მოტყუვდეთ, არ მოგატყუოთ სააკაშვილის დასაქმების ილუზიამ. იმან, რომ არჩევნების წინ იწყებს მშენებლობებს და დროებით ასაქმებს ხალხს“, - უხსნიდა რუსთაველებს ივანიშვილი.

აქციის ბოლოს მან „ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური წარადგინა და განაცხადა, რომ ის არის კოალიციაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი.  

„ერთ მხარეს არის 90%-ანი უმუშევრობა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ლეგენდა იყო ჩვენი ქვეყნის. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შენების მეტი არაფერი უკეთებია ამ ქვეყანაში და ადამიანი, რომელმაც 6 თვეში შექმნა კოალიცია, რომელიც აზანზარებს სააკაშვილს ტოტალიტარულ რეჟიმს“, - აცხადებდა ზვიად ძიძიგური.

კოალიციის აქცია რუსთავში ბერას  სიმღერით  დასრულდა. ბერამ რუსთაველებს სიმღერით უთხრა სათქმელი: „რეჟისორი გვატყუებს... ცხოვრებაა შავთეთრი...“