„ალასანიასთვის ეს არჩევნები პრაქტიკულად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურია“

„ალასანიასთვის ეს არჩევნები პრაქტიკულად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურია“

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ახლა უკვე „ქრისტიან-დემოკრატებმაც“ წარადგინეს. სამივე პოლიტიკური ძალა საკუთარი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია, ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის, რადგან თბილისის მაჟორიტარებს შორის კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება რეგიონებს, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ალასანია დაასახელა და მისი წარდგენისას განაცხადა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მართვა შეუძლია. მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ამზადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს პრეზიდენტობის კანდიდატად, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ალასანია პრინციპული და გამოცდილი პოლიტიკოსია და შესაძლოა, მომავალში საქართველოში უმაღლეს პოსტზე დაინიშნოს. თუმცა, მანამდე, ალბათ, ალასანიას საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს იმ რეგიონში, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ურთულესთაგანი და, სადაც როლანდ ახალაიას გავლენა უდიდესია.

„ქართული ოცნების“ და სხვა პოლიტიკური ძალების შანსებზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში for.ge-ს პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: „ასე ამოგლეჯილად მე ძნელად ვხედავ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე რეგიონი მოიგოს, ან წააგოს, რადგან მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად გადაწყდება არჩევნების ბედი, - ან მოიგებს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს და მის მოგებას აღიარებენ, ან არ აღიარებენ, საკითხი ასე დგას. გასაგებია, რომ ნებისმიერი არჩევნების დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის რომელიღაც რეგიონი რთულად მოსაგებია, რომელიღაც მარტივია და ამ კუთხით, განსაკუთრებული არაფერი არც ამ არჩევნებშია. თუმცა, ეს განსაკუთრებულად სპეციფიური არჩევნებია, რადგან ორი მართლაც უძლიერესი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა მასშტაბის და რანგის რესურსებით, მაგრამ ორივე მხარის რესურსი გასათვალისწინებელია.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ნაკლებად გადაწყვეტს არჩევნების ბედს ის, თუ ვინ რომელ რეგიონს მოიგებს. ლოგიკურად და მშვიდ გარემოში რომ მიდიოდეს ეს არჩევნები, მაშინ გასაგებია, რომ შედეგი რეგიონებიდან მიღებული ხმების მიხედვით განისაზღვრებოდა. მაგრამ აქ, ერთი მხრივ არჩევნების შედეგების დათვლისას და გამოცხადებისას პოლიტიკური ნება იქნება გადამწყვეტი, მეორე მხრივ, საზოგადოების ნება და მესამეს მხრივ, ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნების ორთაბრძოლაში რომელი აღმოჩნდება გამარჯვებული და შემდეგ რომელს მიანიჭებს ინდულგენციებს უკვე მთავარი ამომრჩეველი - ამერიკის პოლიტიკური ელიტა. ყველაზე არსებითი აქ ეს არის.

კონკრეტულად ალასანიას ფიგურას რაც შეეხება, სრულიად ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის დაახასიათა ისე, როგორც არავინ პოლიტიკური თანამებრძოლებიდან. ალასანია თავისი პიროვნული თვისებებით, ბიოგრაფიით, გამოცდილებით და საერთაშორისო კონტაქტებით ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყოს, თუმცა ზოგადად ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ 2012 წლის ოქტომბერია გადასაგორებელი.

ალასანიასთვის კი ეს არჩევნები პრაქტიკულად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურია. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ალასანიასთვის საქართველოს პრეზიდენტობისკენ გზა ზუგდიდის მაჟორიტარობაზე გადის. თუ ის ამ არჩევნებში დამარცხდა, მას გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ და უფრო ფართოდ, საქართველოს საზოგადოებას  პრეზიდენტობაზე პრეტენზია განუცხადოს. პირიქით, თუ ის ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება სამეგრელოს ხმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამეგრელოს აქვს ძალიან დიდი ამბიცია (კარგი გაგებით) და სურვილი, საქართველოს ხელისუფლების სათავეში თავისი კუთხის წარმომადგენელი იხილოს. ეს ამბიცია სამეგრელომ ვერ დაიკმაყოფილა და უფრო მეტიც, მისი ეს (კარგი გაგებით) ამბიცია ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში სამეგრელოსთვის ძალიან მტკივნეულად დამთავრდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სამეგრელოს ექნება უდიდესი სურვილი, რომ საკუთარი კუთხის წარმომადგენელი საქართველოს პირველ პირად კიდევ ერთხელ იხილოს.

სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ ფაქტობრივად თუ ზუგდიდი ალასანიას სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, ეს დიდწილად იქნება სამეგრელოს ხმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამდენად, ეს ალასანიასთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი არჩევნებია, მე ვიტყოდი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო თბილისის მერის არჩევნები.

თქვენ ამბობთ, რომ ალასანიასთვის ეს არჩევნებია გადამწყვეტი, ბიძინა ივანიშვილი კი პრაქტიკულად წინმსწრებ განცხადებას აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ ალასანიამ შესაძლოა ქვეყნის უმაღლესი პოსტი დაიკავოს. რით ახსნით მის ამ განცხადებას?

- რა თქმა უნდა, ის ამას იტყვის, რადგან თუ მის ამომრჩეველს ეჭვი შეეპარა, რომ ივანიშვილი საკუთარ გამარჯვებაში და მათ შორის ალასანიას გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის, ალოგიკური იქნება. ფაქტობრივად, ივანიშვილი მთელი ოპოზიციური ელექტორატის მხედართმთავრის როლშია და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მას ბრძოლაში (კარგი გაგებით) მიჰყავს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ის გამოვა და იქადაგებს, რომ იგი აპრიორი წაგებულ ომში მიდის? ასეთი რამ გამორიცხულია. ივანიშვილის უპირველესი მოვალეობაა, რომ იგი საკუთარ და საკუთარი ლიდერების გამარჯვებაში იყოს დარწმუნებული და ეს რწმენა საქართველოს მოსახლეობას გადასდოს. ეს რწმენა, რომ ამ ადამიანს და მის გუნდს, ჯერ ერთი, გამარჯვებამდე შეუძლია მიიყვანოს თავისი ელექტორატი და შემდეგ ეს გამარჯვება დაიცვას, იქნება გადამწყვეტი არჩევნების დღეს და შემდეგ უკვე არჩევნების შედეგების დათვლისას.

თბილისშიქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისმაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. როგორ აფასებთ მათ შანსებს?

- სულ ორი-სამ დღის წინ „ქრისტიან-დემოკრატების“ თბილისის მაჟორიტარების სია გამოქვეყნდა და მას შემდეგ მე ვიტყოდი, რომ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენ შეიძლება რამდენიმე კანდიდატი განვიხილოთ. როგორც ჩანს, მაჟორიტარულ ოლქებში მხოლოდ ორი კონკურენტუნარიანი ფიგურანტი არ იქნება. ამის თქმის საფუძველს „ქრისტიან-დემოკრატების“ მაჟორიტარების სია მაძლევს. დარწმუნებული ვარ ამ სიამ დანარჩენი კანდიდატების გეგმებში ძალიან ბევრი ცვლილებები შეიტანა, რადგან „ქრისტიან-დემოკრატების“ რამდენიმე კანდიდატი უსერიოზულეს კონკურენციას გაუწევს როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. შეიძლება ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყოს გლდანის ოლქი, სადაც „ქრისტიან-დემოკრატემა“ მაჟორიტარად ინგა გრიგოლია წარადგინეს. თუ ობიექტურები ვიქნებით, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ძალიან საინტერესო სვლა გააკეთეს, ისინი ჯერ ორი ძირითადი ფიგურანტის სიას დაელოდნენ და შემდეგ თავიანთი კანდიდატები ისე გადაანაწილეს, რომ მათ ორივე დანარჩენ პოლიტიკურ ძალაზე მეტი თუ არა, მათთვის სერიოზული კონკურენციის გაწევის შანსები აქვთ. არის ცალკეული ოლქები, სადაც მათ ცალსახად შეუძლიათ მოგება. ამიტომ, შეიძლება მაჟორიტარულ ოლქებში მხოლოდ ამ ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის არ იყოს ბრძოლა.

თუ არჩევნების შედეგები რეალურად დაითვალა, სხვა პარტიებს გასვლის შანსი პრაქტიკულად არ აქვთ, მაგრამ რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, აქ კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება. შეგახსენებთ, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა წინადადება, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმდებოდნენ და ერთიან მაჟორიტარებს წამოაყენებდნენ. ეს, ალბათ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან თბილისი ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, ამომრჩევლის ხმები როგორ დაიქსაქსება და ძალიან ბევრ ოლქში, ეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ იმუშავებს, ისევე, როგორც „ნაციონალების“ სასარგებლოდაც არ იმუშავებს. იგივე პრობლემის წინაშე „ქართული ოცნება“ შეიძლება რაიონებშიც დადგეს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ბრძოლა ძალიან საინტერესო ხდება, თუმცა ისევ იმ თემას ვუბრუნდები, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ, ალბათ, ზოგადად არჩევნებში რომელი პოლიტიკური ძალა გამოცხადდება გამარჯვებულად, ეს თემა გლობალურად გადაწყდება.

თქვენ თქვით, რომქრისტიან-დემოკრატებსთბილისის ზოგიერთ ოლქში უპირობოდ გამარჯვების შანსი აქვთ. შეგიძლიათ დააკოკრეტოთ, რომელ ოლქებს და კანდიდატებს გულისხმობდით?

- მათ ნამდვილად კონკურენტუნარიანი კანდიდატები წამოაყენეს. პერსონების დონეზე თუ ვიმსჯელებთ, რაც მახსოვს, ეს იყო ინგა გრიგოლია, რადგან ეს ძალიან თვალში საცემი იყო. აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუ ჩვენ განცალკევებულად ვიმსჯელებთ იმ კანდიდატებზე, რომლებიც დასახელდნენ, აქ რა თქმა უნდა, ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატებს ძალიან სერიოზული შანსები აქვთ. ხოლო თუ ჩვენ მივუდგებით ასე, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მაჟორიტარის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და ყველა კანდიდატს სწორედ მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ შანსები ბევრად იმატებს. მაგრამ უშუალო არჩევანის დროს, როდესაც კანდიდატი ირჩევა, ისევ გლდანს რომ დავუბრუნდეთ, ნაციონალების კანდიდატიც სერიოზული გავლენით სარგებლობს (არ ვიცი იგი რამდენად პოპულარულია, მაგრამ ცხადია, რომ გავლენა მას აქვს) და ამ გავლენას სხვადასხვა სეგმენტები აქვს, სოსო ჯაჭვლიანიც ძალიან პოპულარულია და ინგა გრიგოლიაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, გრიგოლია ორ ძალიან სერიოზულ კანდიდატს უპირისპირდება, მას ამ რაიონში გამარჯვების ძალიან სერიოზული შანსი აქვს.

როდესაც გრიგოლიასნაირ კანდიდატს აყენებ, იქ ჯერ მოდის პიროვნება და ცნობიერებაში მხოლოდ შემდეგ აქტიურდება ის, თუ ვისი წარმომადგენელია ეს ადამიანი, რომელი პარტიის, თუ მის უკან მდგომი პოლიტიკური ფიგურის. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია მაჟორიტარის ფიგურა. როდესაც საუბარია ნაკლებად ცნობილ, ან უფრო უფერულ პერსონებზე, ამ შემთხვევაშია ის დაპირისპირება - ივანიშვილი თუ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რამდენ რაიონში იმუშავებს ივანიშვილის ფაქტორი, სწორედ ამაზეა საუბარი.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს ის, თუ როგორი იქნება „ნაციონალების“ პროპორციული საპარლამენტო სია, რადგან ხშირად კეთდება ანალოგიები 2003 წელთან და სულ მახსენდება, რომ როდესაც 2003 წლის მაისში „მოქალაქეთა კავშირის“ სია გამოქვეყნდა და მე ეს სია ვნახე, იმ დღეს მივხვდი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება დამთავრდა. ამ სიაში მან თავი მოუყარა ისეთ ოდიოზურ ადამიანებს, ჩასაძირად განწირულ გემზე რომ მოუყრი თავს. მე მაშინვე ვთქვი, რომ საღ გონებაზე მყოფ ადამიანს ამ სიით მოგების იმედი არანაირად არ უნდა ჰქონოდა. ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ იმ მასშტაბის პოლიტიკოსი, როგორიც იყო შევარდნაძე, ვერ ხვდებოდა, რომ ამ სიით ის ვერ გაიმარჯვებდა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მან ეს ვერ გათვალა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება ნაციონალების სია.