„ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის დაგეგმვის შესახებ „კუდ“-იდან მაქვს ინფორმაცია“

„ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის დაგეგმვის შესახებ „კუდ“-იდან მაქვს ინფორმაცია“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. როგორც თავად აცხადებს, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის მუდმივი თვალთვალი, რაც მის მიმართ ხორციელდება და გარკვეული ინფორმაციები, რამაც სამართალდამცავი უწყებებიდან გამოჟონა. ელისო ჩაფიძე პრეზიდენტსა და ძმებ კუბლაშვილებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს „თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდებათ“, პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა ელისო ჩაფიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ კომენტარი შეიძლება სერიოზულ საკითხზე გააკეთოს, ელისო ჩაფიძის განცხადება კი არასერიოზულია.

კონკრეტულად რა ინფორმაცია აქვს ელისო ჩაფიძეს და რატომ ფიქრობს, რომ შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, ამასთან დაკავშირებით for.ge ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა.

ელისო ჩაფიძე: „მაქვს დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაციები იგეგმება. კერძოდ, ეს ინფორმაცია ადგილობრივი სოდ-იდან და კუდ-იდან არის გამოჟონილი და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მაჟორიტარობიდან ჩემი ჩამოშორების ორგვარი გეგმა მუშავდება. ერთი გეგმის მიხედვით, უნდა გადაიღონ რაღაც მომენტი, თითქოს მე ვიღაცას ფული უნდა გადავცე. მეორე სცენარი გულისხმობს ჩემს შეშინებას, საბურავის დაშვებას და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, არსებობს პირდაპირი დავალება, რომ ჩემი ავტომანქანის ფოტოსურათები გადაიღონ, დაადგინონ მარშრუტები, რომლითაც მე ვმოძრაობ, ასევე ჩემი მანქანის ტექნიკური გამართულობის საკითხი და ის, თუ რომელი მხრიდან ვჯდები მე მანქანაში და ა.შ. გარდა ამისა, ამ უწყებებიდან გამოჟონილ კიდევ სხვა ამგვარ ინფორმაციებსაც მაწვდიან. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტე, პრევენციის მიზნით, ეს ინფორმაცია გამეხმაურებინა, რადგან ჩემთვის ეს თავდაცვისათვის საუკეთესო საშუალებაა.

თქვენზე თვალთვალი მიმდინარეობს?

- დიახ, ეს ნათლად ჩანს.

თქვენს მანქანას რომ ფოტოებს უღებდნენ, ასეთი რამ შეგინიშნავთ?

- არა, ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდეს ისევე, როგორც მანქანასთან დაკავშირებული ინფორმაციაც. ის, რომ ჩემს მიმართ გარკვეული პროვოკაციები იგეგმება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია. ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი მომხრეების დაშინებასა და მათზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

თქვენს მიმართ თუ ყოფილა პირდაპირი მუქარა იმის მოთხოვნით, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდეთ?

- არა, ასეთი არაფერი ყოფილა, რადგან იციან, რომ ამას ჩემთან აზრი არ აქვს. უბრალოდ უკვე ძალიან დიდი ხანია შტაბის წევრებზე სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს ზეწოლა.

ეს ზეწოლა კონკრეტულად თქვენს პიროვნებას უკავშირდება, თუ ზოგადადქართულ ოცნებასეხება?

- არა, ეს ზოგადად „ქართული ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. კონკრეტულად რა სახის ზეწოლაზეა საუბარი, ყველაფერი რომ მოვყვე, უბრალოდ ერთი საათიც კი არ გვეყოფა. დაწყებული თებერვლიდან, ჯერ იყო ჩემი ძმის სამსახური... შემდეგ დედაჩემზე იყო ზეწოლა, რომელიც სკოლის პედაგოგია, ასევე ჩემს ბიძაშვილზე, რომელიც სკოლის დირექტორია, ჩემს მომხრეებზე, რომლებსაც გამგეობაში იბარებენ, გამგებელი თვითონ პირადად დადის ჩემს მხარდამჭერებთან და მათ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.

ელისო, ამგვარი პროვოკაციების მოსაწყობად რატომ ამოგარჩიეს მაინცდამაინც თქვენ? თუ მსგავსი ქმედებები სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც იგეგმება?

- ჩემი პასუხი ძალიან ჰიპოთეტური უნდა იყოს, რადგან მე მაქვს ინფორმაცია ჩემს შესახებ და შესაბამისად, ვიცავ ჩემს თავს. სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ალბათ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურს ექნება. მე ისეთი ფაქტების შესახებ მოვისმინე და ისეთი რაღაცეები ხდება ჩვენს სხვა ოფისებში, რომ შეიძლება ადამიანს თმები ყალყზე დაუდგეს.

მაგალითად, სულ ახლახანს ქუთაისში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი ზაზა ადეიშვილი პოლიციამ დააკავა და სანამ ამერიკის საელჩო არ ჩავრიეთ არ ანთავისუფლებდნენ. ამდენად, ზეწოლის ფაქტები იმდენად ბევრი და მრავალნაირია, რომ ვერ ვიტყვი, თითქოს მე ვიღაცამ განსაკუთრებულად ამომარჩია.

რა ბრალდებით დააკავეს თქვენი შტაბის წევრი ქუთაისში?

- იგი ნარკოტიკებზე შესამოწმებლად წაიყვანეს და სამი საათის განმავლობაში მასთან ადვოკატსაც კი არ უშვებდნენ. მხოლოდ ამერიკის საელჩოს პოლიტიკური მდივნის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს ჩვენი წევრი.

თქვენ ამბობთ, რომ ზეწოლის ფაქტები მრავალგვარია და ეს ცნობილია, მაგრამქართული ოცნებისისეთი ცნობადი სახეების მიმართ, როგორც თქვენ ხართ, ამგვარი ზეწოლის ფაქტები აქამდე არ დაფიქსირებულა.

- არ ვიცი, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შესაძლოა, ლიკვიდაციის გეგმა ცოტა გადაჭარბებული იყოს, რადგან მედიასთან საუბარში მე პროვოკაცია ვახსენე. ძალიან მინდა, რომ სწორი ფორმულირებები მოხდეს. როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ რადგანაც ჩემს ავტომანქანას უთვალთვალებენ, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საბურავის დაშვება მოხდეს, ან ამგვარი სხვა რამ, მინდა, რომ ჩემი ნათქვამი სწორედ ასე დაიწეროს.