„კალაძესა და ივანიშვილს საკუთარი შემოსავლების მათი სურვილისამებრ განკარგვის სრული უფლება აქვთ“

„კალაძესა და ივანიშვილს საკუთარი შემოსავლების მათი სურვილისამებრ განკარგვის სრული უფლება აქვთ“

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე იყო, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან სამართლებრივი შეფასება გაუკეთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას, რომელიც ამ უწყებამ კახი კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს მათი კუთვნილი თანხების მათივე პირად ანგარიშებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით წაუყენა. მანანა კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კანონის ჩარჩოებიდან არის გასული, რადგან ნებისმიერ ადამიანს საკუთარი თანხის განკარგვის სრული უფლება აქვს. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ კახი კალაძესაც და ბიძინა ივანიშვილსაც სრული უფლება აქვთ საკუთარი შემოსავლები, რომლებიც სრულიად ლეგალურია, ისე განკარგონ, როგორც მათ მოესურვებათ და სულ არ არიან ვალდებულები, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აბარონ ანგარიშები. ამიტომ მანანა კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას აბსურდულს უწოდებს.

„კახი კალაძის შემთხვევაში თქვენ ნახეთ, რომ მას თავისუფლად შეეძლო ამხელა შემოსავალი მიეღო, რადგან მას სერიოზული სპორტული კარიერა ჰქონდა, იგი ოფიციალური მილიონერი იყო და არანაირი ასე ვთქვათ, „შავი“ შემოსავლები მას არ ჰქონია და არც იმის საჭიროება ჰქონდა, რომ ამ ხელისუფლებისთვის რამე დაემალა. ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეს მოთხოვნა სრულიად აბსურდულია. რა თქმა უნდა, იგივე ითქმის ბატონ ბიძინა ივანიშვილზეც. არავისთვისაა უცნობი, რომ ბატონი ბიძინა ოფიციალური მილიარდერია და პირადი ანგარიშის განკარგვის აკრძალვა აბსურდული მოთხოვნაა“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნაა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულობები და გაწეული ხარჯები სრულიად გამჭვირვალეა, მის საბანკო ანგარიშზეა ასახული და კანონის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც წარედგინება. მან კი პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებსა და ხარჯებზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ რას დახარჯავს ფიზიკური პირი, ამისი კონტროლის უფლება, კობახიძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნამდვილად არ აქვს. მანანა კობახიძის განცხადებით, ის, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, არის ტოტალური კონტროლი, რასაც დემოკრატიულ პროცესებთან, ადამიანის უფლებებთან, საკუთრების უფლებასთან და სხვა დემოკრატიულ ფასეულობებთან არაფერი აქვს საერთო.

მანანა კობახიძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. მისი თქმით, ვიდრე ცესკო-ში მაჟორიტარების სია არ წარდგენილა, ამ სიაში გარკვეული ცვლილებების შეტანა შესაძლებელია.

„კოალიციას აქვს ამისი უფლება და ეს ჩვეულებრივი პროცესია - შესაძლებელია გარკვეული კანდიდატების ჩანაცვლება მოხდეს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი მისი მაჟორიტარად დასახელების შემდეგ უფრო საჭირო გახდეს, მაგალითად, შტაბში ან რომელიმე სხვა ადგილას. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია, მაჟორიტარის დასახელება არ არის დოგმა, თუკი რა თქმა უნდა, იგი უკვე ცესკო-ში არ არის დარეგისტრირებული. საარჩევნო კამპანია ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ, ვიდრე არჩევნები დაინიშნებოდა და რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების მუშაობის პროცესში შეიძლება რაღაც ისეთი გამოიკვეთოს, რამაც ამ კანდიდატის ჩანაცვლება გამოიწვიოს. ეს მუშა პროცესია და ამაში საგანგაშო და უჩვეულო არაფერია“, - ამბობს კობახიძე.

მან არ დააკონკრეტა, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ვისი ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს, რადგან ამასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მანანა კობახიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთს საქართველოზე თავდასხმის გეგმა 2006 წლიდან ჰქონდა შემუშავებული. კობახიძის თქმით, ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გონივრული პოლიტიკის არ არსებობას უკავშირებს, რადგან ჩვენი ქვეყანა რუსეთის პროვოკაციებს აჰყვა და იმ ომში ჩაება, რომელმაც საქართველო ბევრად დახია უკან და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.

„2006 წლიდან რუსეთთან პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა და საქართველომ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზა ჩაკეტა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის აგვისტო ნამდვილად მოსალოდნელი იყო. უდავოა, რომ ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ვართ და მას ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ამიტომ პუტინის დამატებით განცხადებებზე რაიმე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ქვეყანამ ნახა 2008 წლის აგვისტო, ეს აღარ უნდა განმეორდეს და ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. სამწუხაროდ, ამის რესურსი ხელისუფლებას არ აქვს, რაც რვა წლის განმავლობაში მათ თავიანთი პოლიტიკით აჩვენეს. ამიტომ ჩვენი მიზანია, ოქტომბერში მოვიდეთ გამარჯვებით და დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ“, - აღნიშნავს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა უკვე მზად არის და მას შემდეგ, რაც ის პოპულარულ ენაზე ბუკლეტებზე დაიბეჭდება, უახლოეს მომავალში უკვე მისი დარიგება და ხალხისთვის გაცნობა დაიწყება. ამავე პროგრამაში ჩამოყალიბებულია კოალიციის საგარეო პოლიტიკაც, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, ნატოში შესვლას, ხოლო რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მანანა კობახიძის თქმით, აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან ის ჩვენი მეზობელია და სხვაგვარად შეუძლებელია, მაგრამ პროცესი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა წარიმართოს.

მანანა კობახიძემ კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებაზე, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შესაცვლელად დაუთმოს გზა. კობახიძე ამბობს, რომ ბურჯანაძის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში და მას ამის სრული უფლება აქვს.

„ისინი კარგად იაზრებენ იმას, რომ დღეს ყველაზე სოლიდური ოპოზიციური ძალა არის კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის რეალური შანსი აქვს და ოქტომბერში ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

აქვე მან უპასუხა ბურჯანაძის განცხადებას იმ ნაწილში, სადაც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, ხოლო თუ გაყალბდა, ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ბოლომდე უნდა იბრძოლოს. მანანა კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა რესურსს იყენებს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნები არ გააყალბოს. მისი თქმით, ყველა რესურსი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო, ამოქმედებული და მიმართულია იქითკენ, რომ ყველა უბანზე მინიმუმ ათი ადამიანი მაინც იყოს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დაცვას განახორციელებს.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, ანუ ესენი იქნებიან კომისიის წევრები, დამკვირვებლები და ა.შ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები უკვე ჩამოსულები არიან, უკვე დადიან რაიონებში და ყველა ინსტრუმენტი იქნება იმისთვის გამოყენებული, რომ ხელისუფლებამ არჩევნები არ გააყალბოს, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, არსებობს სამართლებრივი, კონსტიტუციური გზები, რომლებიც საშუალებას გვაძლებს, ამომრჩეველთა ხმები დავიცვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხმები მოიპაროს, ქვეყნის სათავეში დარჩეს და ეს ქვეყანა კიდევ რამდენიმე წლით ამ მდგომარეობაში დატოვოს“, - ამბობს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებითა და კონვენციით დაცული და აღიარებულია არჩევნების შედეგების დაცვა ჯერ ცესკო-ს მიერ დადებული შედეგების გასაჩივრება, ანუ სამართლებრივი გზით დავა, ხოლო თუ სასურველ შედეგს ასეც ვერ მიაღწევ, შემდეგ უკვე ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის ასე გამოხატვა.

მანანა კობახიძე აბსურდულს უწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ფიზიკური პირებისგან ყველაზე დიდი შემოწირულობა – 19 724 202 მილიონი ლარი მიიღო. კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა არ მიუღია და ასევეა, კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტების შემთხვევაში. ამიტომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოაქვს ეს რიცხვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

„ჩვენი საბანკო ანგარიშები სრულიად ღია და გამჭვირვალეა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია თითოეულ პუნქტს მივყვეთ და დავასაბუთოთ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები მნიშვნელოვნად არის გაბერილი და აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, - აღნიშნავს მანანა კობახიძე.