ქართული არჩევნები: ბრძოლა ქვეყნისათვის

ქართული არჩევნები: ბრძოლა ქვეყნისათვის

საქართველომ სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება. მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.

გასული წლის ბოლომდე ისე ჩანდა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია ადვილად მოიგებდა არჩევნებს. მოსაბეზრებლად პროგნოზირებადი ვითარება, რომელიც მისასალმებელია ქვეყნისათვის, სადაც არჩევნებმა შეიძლება კრიზისი და არასტაბილურობა გამოიწვიოს.


მაგრამ ახლა საქართველოს პოლიტიკაში არაპოროგნოზირებადი სიტუაცია დაბრუნდა. ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება $6.4 მილიარდია, რაც საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ნახევარს უდრის, პირობა დადო, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან გააძევებს. და ბრძოლამ საზარელი სახე მიიღო.

„სამართლიანობის ფასადი“

ივანიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ის მიზანში ამოიღო და ცდილობს გათელოს პოლიტიკური ოპოზიცია.

ის ამბობს, რომ 200 მილიონ დოლარზე მეტით დააჯარიმეს პარტიის დაფინანსების კანონის დარღვევის ბრალდებით. მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციაში გადავიდა, მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, თითქოს იმიტომ, რომ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა, ამბობს ის. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება სდევნის.

ივანიშვილის თქმით, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის სტრატეგია – გაანადგუროს ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტი.

„მან მოახერხა და დაარწმუნა აშშ და ევროპა, რომ ის რეალურ დემოკრატიას აშენებს. მაგრამ არაფერი ამგვარი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არ ხდება.
ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც საქართველოში ამჟამად ხდება, ეს ფასადური სამართალია,“ განაცხადა ივანიშვილმა.

მაგრამ მთავრობა ამტკიცებს, რომ ივანიშვილი უკანონოდ იყენებს მის უზარმაზარ ქონებას, რათა პოლიტიკური ლანდშაფტი ასიმეტრიულად შეცვალოს.
მას ბრალს სდებენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მკაცრი კანონის დარღვევაში. ამ კანონით განსაზღვრულია დაფინანსების ზედა ზღვარი, რომელიც კერძო პირებმა და კომპანიებმა შეიძლება გაიღონ.

ივანიშვილი ეჭვმიტანილია იმაში, რომ კანონის გვერდზე ავლით, მესამე მხარეს თანხების ტრანსფერისათვის იყენებს, ან იღებს უკანონო კორპორაციულ შეწირულობებს უფასო საოფისე ფართის, ან ტრანსპორტის სახით.

ხოლო მისი საქველმოქმედო შეწირულობები, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი დოლარია, სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა მოსყიდვა, განაცხადა მმართველი პარტიის პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა.

„პიროვნებები პოლიტიკაში ან პერსონალური ლოიალობა აქ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკური პროგრამები,“ ამბობს ის. „ამიტომ, როდესაც ვინმე აცხადებს, რომ გადავუხდი ყველას, ვინც მხარს მიჭერს, ეს სარისკო რამ არის ქართული დემოკრატიისათვის“.

ქველმოქმედება


საქართველოს უმდიდრესი კაცი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცდილობს განსხვავებული აზრის განადგურებას.
ამ ორ მხარეს შორის კონკრეტული პოლიტიკის კონტექსტში ძალიან დიდი განსხვავება არ არის.

ორივემ განაცახადა თავისი ამბიციური გეგმის შესახებ – დაძლიონ სიღარიბის მაღალი დონე საქართველოში, ძირითადად იმით, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ფულს დახარჯავენ.
მაგრამ ბრძოლამ ძალაუფლებისთვის საქართველოს საზოგადოების შუაგულში ბზარი გააჩინა.

იმის გამო, რომ მას ქველმოქმედის და ფილანტროპის რეპუტაცია აქვს, ივანიშვილი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას შორის, რომელსაც დღევანდელ ნეო-ლიბერალურ ქართულ ეკონომიკაში ბრძოლა უწევს.

მისი დაფინანსებულია საჯარო შენობები თბილისში, მათ შორის საკათედრო ტაძარი და უნივერსიტეტი. ის 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, პირველ წლებში პარლამენტარებს ხელფასს უხდიდა და ყიდულობდა უნიფორმას პოლიციისთვის.

როდესაც ბაზარში გამყიდველებს ელაპარაკები, ადამიანებს, რომლებიც დღეში რამდენიმე დოლარს ძლივს შოულობენ, ივანიშვილის სახელის ხსენებაზე, ისინი ცერა თითს მაღლა წევენ, თუმცა იმ კონკრეტული მიზეზის მოძიება, თუ რატომ უყვართ, ძნელია.

„კარგი კაცია“, ასეთია ჩვეული პასუხი. ბაზარში ძნელად გადაეყრები ვინმეს, ვინც მთავრობას უჭერს მხარს.

ივანიშვილს ბევრი მოხუცი ქართველიც უჭერს მხარს, ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ახალგაზრდა, მოსაზრებულმა ელიტამ ისინი უკან მოიტოვა.

ხოლო ქალაქელი ინტელექტუალები პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის აკონტროლებს სასამართლოებს და მეინსტრიმულ მედიას.

მათ მიაჩნიათ, რომ ამ მგზნებარედ პრო-დასავლურმა მთავრობამ ძირი გამოუთხარა საქართველოს არტისტულ და ინტელექტუალურ ტრადიციებს, უფრო ზერელე ამერიკული საზოგადოების სასარგებლოდ.

მაგრამ ბევრ სხვა ქართველს, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, ომით გახლეჩილი, კრიმინალით მოცული 1990-იანი წლები, მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდმა მოიტანა უპრეცედენტო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი.

და მისი მთავრობა ღიაა და ტოლერანტულია რელიგიური, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობებისადმი – რომელთანაც შედარებით, ივანიშვილის ზოგიერთი კოლეგა შემაშფოთებლად ნაციონალისტია.

ხშირი მუშტი-კრივი

როდესავ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ის ხელისუფლებაში მოვიდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საბჭოთა ეპოქის, კორუმპირებული ელიტა ჩამოიშორა.

მან აღასრულა ბევრი ის დაპირება, რომელიც ხმაურიან მასებს პარლამენტის შენობის კიბეებიდან მისცა – ის მკაცრი იყო კრიმინალებთან, ცხოვრება უხიფათო გახადა და დააბრუნა ელექტროენერგია.
ბევრ ამომრჩეველს ეშინია, რომ სააკაშვილის მმართველი პარტიის გარეშე, ქვეყანა ქაოსში დაბრუნდება.

ერთ-ერთი მათგანი ნინოა, მოხუცი ქალი, რომელიც პენსიას მაღზიის სარდაფში თაფლის პატარა ქილებისა და შინაური ღვინის გაყიდვით ამოგებულ ფულს ამატებს.
ბევრი სხვა ადამიანივით, მას ეშინია პერიოდის, როდესაც საქართველო არშემდგარი ქვეყანა იყო.

ის ეჭვით არის განწყობილი ოპოზიციის ლიდერისადმი, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში, რუსეთში იშოვა და კრემლთან კავშირებშია დადანაშაულებული.
„არა მგონია (ივანიშვილს) ქვეყნის მართვისთვის აუცილებელი ჭკუა და გამოცდილება ჰქონდეს – ის თავის გარემოცვაში ჭკვიან ხალხზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბძოლებენ და ქვეყანა გაიხლიჩება“.

ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა იზრდება – მუშტი-კრივი ორივე მხარის მხარდამჭერებს შორის ხშირია.

ამ ბოლოდროინდელ საარჩევნო შეხვედრაზე, სულ ცოტა ათამდე აქტივისტი და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ჩხუბი ატყდა. დასავლელი დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის.

მაგრამ ძალიან ბევრია დადებული სასწორზე. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია ლიდერობს ყველა დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში.

თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამ მონაცემებს და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების მშვიდობიანი აღაირების პირობას წარმოადგენს. ამან გააჩინა შიში იმისა, რომ ოპოზიცია, ალბათ, არ მიიღებს შედეგებს, რაც არეულობამდე მივა.

მაგრამ ეს არჩევნები ასევე უდიდესი გამოწვევაა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისათვის.

დასავლეთში არჩევნები აღიქმება როგორც ლაკმუსის ტესტი, რომელმაც უნდა გვაჩვენოს რამდენად შორს წავიდა საქართველო ნატოსა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ და რამდენად შეუძლია მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირების შესრულება.

როდესაც ოპოზიცია არ არსებობს მაშინ ადვილია სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის დემოკრატიული ფასეულობების აღიარება.

მაგრამ ასეთი მდიდარი ოპონენტის პირისპირ, ოპონენტისა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა, ეს დემოკრატიული იდეალები ახლა გადიან გამოცდას.
foreignpress.ge